
ჩემი პირველი ხალხური ლექსები და ანდაზები
საუკუნეების მანძილზე ბავშვთა აღზრდაში ხალხურ ზეპირსიტყვიერებას უდიდესი როლი ეკისრებოდა - თაობიდან თაობას გადაეცემოდა, იხვეწებოდა და სულიერად ზრდიდა, ენას ადგმევინებდა და ცხოვრების ანბანს ასწავლიდა დიდ ქართველებს, გლეხთა თუ დიდებულთა შვილებს.
ჩვენი წინაპრები მიიჩნევდნენ, რომ ცხოვრებისეული სიბრძნე ადრეული ასაკიდანვე, ნაბიჯ-ნაბიჯ, წლოვანების შესაბამისად, უნდა მივაწოდოთ პატარას. ბავშვს მოსწონს ხალხური ლექსის ჟღერადობა, აღაფრთოვანებს მისი შინაარსი, რომელიც პატარას სამყაროს აღქმაში ეხმარება.
წიგნში შესულია ხალხური ანდაზებიც, რომლებშიც უდიდესი ცხოვრებისეული სიბრძნეა ჩაქსოვილი. ამ მშვენიერი ნახატებით დასურათებული წიგნი, რომელშიც ქართველი ხალხის ზნეობრივი იდეალები იკვეთება, პატარა ქართველისთვის საუკეთესო საჩუქარია და მშობლებს შვილის აღზრდაში დაეხმარება. (ყდა: მაგარი; გვ.: 56)
ჩემი პირველი საკითხავი წიგნი
ავტორი: ბავშვთა მეთოდისტ-ფსიქოლოგი თამარ ადამია საქართველოში პირველად გამოვიდა შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული რებუსი-ზღაპრები, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბავშვები წაკითხულიდან 10 პროცენტს იმახსოვრებენ, დათვალიერებისას - 30 პროცენტს, მოსმენისას კი - 20 პროცენტს. წიგნის ავტორმა სწორედ ეს ფაქტორი გაითვალისწინა თავის მოთხრობებსა და მეთოდიკაში.
ეს მეთოდიკა ზოგს შეიძლება თავიდან რთულად მოეჩვენოს, მაგრამ ფერადი ილუსტრაციების დახმარებით პატარები ტექსტებს მალე აუღებენ ალღოს, ხალისით წაიკითხავენ, ბევრ სიახლეს გაიგებენ და კითხვაშიც გაიწაფებიან. გარდა ამისა, შემეცნებითი რებუსი-ზღაპრები ბავშვებს მეტყველების, ფანტაზიის, ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერების, ნებისყოფის უნარების ჩამოყალიბებაშიც დაეხმარება და გარემოს გაცნობის ინტერესსაც გაუღვიძებს. (ყდა: მაგარი; გვ.: 36)
ჩემი პირველი ალბომი
ეს თქვენი პატარის პირველი ალბომია - მისი ძვირფასი მოგონებების სკივრი. აქ შეგიძლიათ ჩაწეროთ მნიშვნელოვანი, საოცარი, სახალისო თავგადასავლები, რომელიც თქვენს პატარას გადახდა დაბადებიდან ერთ წლამდე და განათავსოთ ამ მოვლენების ამსახველი ფოტოები. თქვენი პატარა თვალსა და ხელს შუა გაიზრდება და ეს ალბომი მომავალში მისთვის ძალზედ ძვირფასი იქნება.
|