ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      ფუეტე
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 
» საბალეტო სტუდია ფუეტე 
   მინდა გაგაცნოთ ნინო მახათაძე – საბალეტო სტუდია “ფუეტე”-ს ხელმძღვანელი. სასიამოვნო ახალგაზრდა ქალი, გახსნილი მზერით, მომხიბვლელი ღიმილით და გულწრფელი კეთილგანწყობით დამთანხმდა მიამბოს თავისი სტუდიის შესახებ.
   დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი; შემდეგ კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით - კლასიკური და სახასიათო ცეკვების პედაგოგ-ქორეოგრაფი. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახალმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა-სტაჟირების 2 წლიან კურსზე დაეუფლა სასცენო მოძრაობის ხელოვნებას. სასწავლებელში სწავლის პერიოდში ნინოს უცეკვია ვარიაციები ბალეტიდან "შოპენიანა", "დონ კიხოტიდან", "მუსიკალური მომენტი", "ხორუმი", ასევე გოგი ალექსიძის ორ დადგმასა და ბალეტში "ექიმი აიბოლიტი". ისე მოხდა, რომ საშემსრულებლო კარიერა დაასრულა უმაღლესში ჩაბარების შემდეგ. თუმცა სწავლის პროცესში არც ერთი სტუდენტური დღეების კონცერტი არ გამოუტოვებია. “ვასრულებდით ჩვენივე დადგმულ ქორეოგრაფიულ ნომრებს"_მითხრა ნინომ.
   ნინოს პედაგოგიური მოღვაწეობის საკმაო გამოცდილება აქვს. თავიდან მუშაობდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, კლასიკური და სახასიათო ცეკვის პედაგოგად (1997 წლიდან ინსტიტუტის თეატრალურთან შეერთების დღემდე); ახლა აგრძელებს მუშაობას შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში; 12 წელი იმუშავა შპს. "კულტურის კოლეჯში", ასევე კლასიკური და სახასიათო ცეკვის პედაგოგად, უმუშავია სხვადასხვა ვოკალურ-ქორეოგრაფიულ და ქართული ცეკვის ბავშვთა ანსამბლებში.
  
   და დადგა დრო, როდესაც გაუჩნდა სურვილი დაგროვილი გამოცდილება გადასცეს ახალ თაობას, განახორციელოს შემოქმედებითი გეგმები, შეაყვაროს ბავშვებს ხელოვნების, ცეკვის სამყარო.
   ასე გადაწყვიტა შეექმნა საბალეტო სტუდია “ფუეტე”.
    “სტუდიის გახსნა მაიძულა საკუთარი თავის კიდევ ერთხელ გამოცდის სურვილმა. უკვე მქონდა ინსტიტუტში მუშაობის 10 წლის გამოცდილება და ამანაც გამაბედინა. ვფიქრობ, განსხვავება სხვა საბალეტო სტუდიებისგან ალბათ ის გვაქვს, რომ ვცდილობთ იმ საკონცერტო ნომრებში, რომლითაც არაერთი ოქროს მედალი აგვიღია  ერთდროულად ჩავრთოთ სუფთა ბალეტიც და მსოფლიოს ხალხთა ცეკვებიც, მაგ: იტალიური, ეგვიპტური, ესპანური და სხვ” – ამბობს ნინო.
   სტუდია “ფუეტე” დაარსდა 2006 წელს ქ. თბილისში, რუსთაველის #18. ამჟამად მდებარეობს აღმაშენებლის #164 (თუმანიშვილის თეატრთან).
   საბავშვო საბალეტო სტუდიაში სწავლება მიმდინარეობს კვირაში ორჯერ ან სამჯერ, ასაკობრივი ან მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით. სტუდიაში არის რამდენიმე ჯგუფი, სადაც ბავშვების მიღება ხდება ასაკისა და ინტერესების გათვალისწინების მიხედვით.
   ვფიქრობ, საინტერესო იქნება გაგაცნოთ “ფუეტე”-ს მეცადინეობების სტილი:
I მოსამზადებელი ჯგუფი – არის გათვალისწინებული 4-დან – 6 წლამდე პატარებისთვის და მეცადინეობა მიმდინარეობს კვირაში ორჯერ, გათვლილია მათი ყურადღების, კოორდინაციისა და მოქნილობის გასავითარებლად.
II მოსამზადებელი – 6დან -8 წლის ბავშვებისთვისაა და გულისხმობს მოსწავლეთა მომზადებას შემდგომ (სურვილისამებრ) საბალეტო ანბანის ასათვისებლად.
III - 9-10 წლისანი პირველი კლასიდან იწყებენ კლასიკური ბალეტის საფუძვლების შესწავლას, რადგან მოცემული ასაკი ზუსტად შეესაბამება იმ პარამეტრებს, რომელიც შემუშავებულია წლების მანძილზე გამოცდილი პედაგოგების მიერ.
   “ფუეტე” ბავშვებს სთავაზობს  გამაჯანსაღებელ ფიზკულტურასაც. ეს იმ პატარებისთვის, რომელთაც  არ უნდათ პროფესიონალურ დონეზე ისწავლონ ცეკვა. აქ ბავშვები გამაჯანსაღებელ ვარჯიშებზეც დადიან, მაგალითად ხერხემლის გამრუდების, ბრტყელტერფიანობის, ან სხვა ფიზიკური დეფექტის გამოსასწორებლად, რაც ასე ხშირია დღეს.
   მსოფლიო ხალხთა ცეკვების ანსამბლში მიღება წარმოებს კონკურსის წესით. მიიღებიან 10-დან 17 წალამდე ასაკის გოგონები და ვაჟები, სასურველია კლასიკური ან ქართული ხალხური ქორეოგრაფიის საფუძვლების ცოდნა.
   სტუდიას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა რესპუბლიკურ და საქალაქო ფესტივალებსა და კონკურსებში. არის არაერთი რესპუბლიკური კონკურსის გამარჯვებული, ლაურეატი და ოქროს მედლის მფლობელი.
   ნინო მახათაძე მართლაც ნიჭიერი ბალეტმეისტერია. მის დადგმებში ყველაფერი გულწრფელია _ იდეა, ქორეოგრაფია, დადგმა. თანამედროვე ცეკვა, თავისებური გამომსახველი პლასტიკით, რომელსაც საფუძვლად უდევს იმპროვიზაციული საწყისი, ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს. თანამედროვე საცეკვაო ლექსიკის არსენალი ხომ დიდია: მკვეთრი ჟესტებიდან – უბრალო ყოფით მოძრაობამდე. და თუკი ამ ენაზე “საუბრობს” ნიჭიერი ბალეტმეისტერი, ცხადია ბავშვებთან მუშაობის დროსაც აისახება ეს და მას საკმაოდ საინტერესო სპექტაკლი შეიძლება გამოუვიდეს. “ჩვენს სტუდიაში მუშაობენ თავიანთი საქმით გატაცებული პედაგოგები და ბალეტმეისტერები, ისინი, ვინც ჩემს ხელში გაიარა, ვისაც ვენდობი”_ ამბობს ნინო.
   “ფუეტეს” კლასიკური ცეკვის პედაგოგი გახლავთ ნინო გარაყანიძე, რომელიც ნინოს მოსწავლე იყო ჭაბუკიანის სკოლაში (ისე ერთი წელი ჭაბუკიანშიც იმუშავა), ქართულ ცეკვას ეკა ჩიხრაძე ასწავლის, ისიც ნინოს ნამოწაფარია, დამთავრებული აქვს ქართული ცეკვის ქორეოგრაფის სპეციალობა, სტუდიის ახალბედა პედაგოგები არიან გვანცა მეტრეველი და სოფო ვეშაპიძე. შარშან საბალეტო სტუდიაში მიწვეული ჰყავდათ ხელოვნების ისტორიის პედაგოგი ცირა გოგელია, თეატრალური ინსტიტუტიდან. ბავშვები დიდი ინტერესით ისმენდნენ ხელოვნების ისტორიის გაკვეთილებს, ტესტებსაც წერდნენ. ამ მოკლე კურსის ჩართვას ნინო წელსაც გეგმავს.
   “ფუეტე”-ში შესანიშნავი და ნიჭიერი ბავშვები სწავლობენ. რა თქმა უნდა, 4 წლის ბავშვებთან მუშაობა განსაკუთრებულ მიდგომას, სწავლების მეთოდიკას საჭიროებს.
ამიტომ პედაგოგებმა შეიმუშავეს პატარებთან მუშაობის საკუთარი მეთოდი, რომელიც ძალიან კარგ შედეგს იღებს. ყველაფერი ეს კი შერწყმულია ბავშვებისადმი დიდ სიყვარულთან. დღეს აქ მოჰყავთ შვილები და მათი რიცხვიც იზრდება. “ფუეტე”-ს ამოცანაა ბავშვებს ასწავლოს ცეკვა, და არა მხოლოდ ეს. სურს გაზარდოს საბალეტო ხელოვნების პროფესიონალი მოცეკვავეებიც და კარგი დამფასებლებიც.
   მხოლოდ კლასიკური ცეკვის კანონების ცოდნით  შეგვიძლია გავიგოთ და შევიგრძნოთ, როგორ შეიძლება აზრის გადმოცემა მოძრაობის მეშვეობით. 
   უნდა ნახოთ “ფუეტეს” პატარა არტისტები როგორ ცეკვავენ! მშვენიერი სანახაობის მიღმა პედაგოგების უზარმაზარი შრომა დევს, ბავშვები ლაღად ცეკვავე. ისე მსუბუქად ასრულებენ ბალეტის რთულ მოძრაობებს, რომ არც ფიქრობ ამაზე, მხოლოდ უყურებ და უსმენ სხეულის მოძრაობებს. პატარებისთვის სპეციალურადაა შერჩეული რეპერტუარი _ კლასიკური ბალეტებიდან ფრაგმენტები: ვარიაცია “დონ კიხოტიდან” _ “ამური”; იტალიური “ტარანტელა”; შოტლანდიური “პოლკა”; “ეგვიპტური მარში”; რუსული “მატრიოშკები”; ვარიაცია ბალეტიდან “კარმენი” _ “პატარა ესპანელები”; ოსური ცეკვა “სიმდის” საბალეტო ვერსია; უკრაინული “გოპაკი” და სხვა. შესანიშნავია! ეს არაა უსიუჟეტო პლასტიკური ხელოვნება. ეს გასაგები და ამაღელვებელი სპექტაკლებია.
   ტელევიზიით თუ სხვადასხვა წარმოდეგენებზე რაც მინახავს ზოგიერთ საბავშვო სტუდიებში ბავშვებს რას ასწავლიან და პრეტენზია აქვთ თანამედროვე თუ კლასიკურ ქორეოგრაფიაზე, ვფიქრობ რეალურად ახლოსაც ვერ მივა “თეატრის” სახელწოდებასთან. პატარების რიტმული მოძრაობები უფრო გიმნასტიკურ ვარჯიშებს მაგონებს, საუკეთესო შემთხვევაში ტექნიკურად კი ასრულებენ, თუმცა მხოლოდ ტემპითა და შესრულების სინქრონულობით თუ მოგვხიბლავს. ესეც კარგია, მაგრამ თეატრალურ წარმოდგენასთან ხომ საერთო ნაკლებად აქვს. დრამატურგია კი ისეთი ნახატის დონეზეა, მიზანსცენებისთვის თუ გამოდგება. ამას იმიტომ ვწერ, რომ უბრალოდ გული მწყდება, როცა ამდენი შრომა და სახსრები იხარჯება, ხომ შეიძლება ბავშვებს მართლა პროფესიონალებმა ასწავლონ და აზიარონ ხელოვნებას. არც ისაა აუცილებელი, საბავშვო ქორეოგრაფიულ სტუდიებიდან ყველა პროფესიონალი მოცეკვავე გამოვიდეს. დიდი სურვილი მაქვს რომ პატარებმა კარგად იცოდნენ კლასიკური ხელოვნების ყველა ხერხი, როგორც მოახერხებენ ფლობდნენ ტექნიკას და ისწავლონ ხელოვნების სიყვარული. ეს მათ ცხოვრებას უკეთესს გახდის და გემოვნებასაც
ჩამოუყალიბებს. როდესაც საბალეტო სტუდიის პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ვსაუბრობდით, ნინომ ასეთი რამ მითხრა: “ყველზე მეტად გვჭირდება კონცერტმეისტერი და ვერ ვუხდით. ამჯერად ვართ თუმანიშვილის თეატრთან ძველი კინოსტუდიის შენობაში და დიდი სიამოვნებით გადავიდოდით სადმე უფრო მოსახერხებელ და საბალეტო სტუდიისტვის შესაფერის შენობაში. თუ გამოჩნდება ვინმე სპონსორი, დაინტერესებული საბალეტო ხელოვნებით, რომელიც ჩვენს სტუდიას თუნდაც ერთჯერადად დაეხმარება, რა თქმა უნდა იქნება საუკეთესო”.
თბილისი დიდი ქალაქია და ბევრმა მოზარდმა არ იცის რით შეიძლება დაკავდეს სკოლის შემდეგ. მშობლებს ხომ გვინდა დავიცვათ ბავშვები ქუჩის უარყოფითი ზეგავლენისგან. ამიტომ ვაზიაროთ ხელოვნებას, გავამდიდროთ და განვავითაროთ მათი შინაგანი სამყარო. ან სულაც უბრალოდ ვასწავლოთ ლამაზად მოძრაობა, ფიზიკურად გავაჯანსაღოდ. მოძრაობა ხომ ამტკიცებს სულს და სხეულს. და მერე, ყველა ბავშვს ისე უყვარს ცეკვა. ზოგს კარგად გამოსდის, ზოგს ისე რა. ჰოდა, კომპლექსებიც რომ მოვაშოროთ პატარებს, ვასწავლოთ ცეკვა – ეს ძალიან კეთილი და საჭირო საქმეა. მხოლოდ ნიჭიერი მასწავლებლის შრომამ შეიძლება გამოიღოს ასეთი შედეგი.
მადლობა მინდა ვუთხრა საბალეტო სტუდია “ფუეტეს”, რაც მეტი იქნება ასეთი ენთუზიაზმი, ასეთი სიყვარულით რომ ქმნიან სიხარულსა და სიკეთეს, მით უფრო უკეთესი და საინტერესო შეიძლება გახდეს ჩვენი შვილების ცხოვრება. წარმატებას ვუსურვებ “ფუეტე”-ს და მის მშვენიერ ხელმძღვანელს, ნინო მახათაძეს.

საბალეტო სტუდია “ფუეტე”
მისამართი: აღმაშენებლის #164
ტელ.: 855 949 888
ელ. ფოსტა: ballet.fouette@yahoo.com
 
ავტორი: ნინია იოსელიანი 2009
 
 
 
 


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE