ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      ტყუპები
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 

ტყუპები

   ტყუპების მშობლებმა იციან: მიუხედავად მსგავსებისა, ორი აბსოლუტურად განსხვავებული შვილი ჰყავთ. დედა დაბადებისთანავე ამჩნევს მათ ინდივიდუალურ ხასიათს. როგორც წესი, ერთ-ერთი ჩვილი უფრო აქტიური, თავნება და ცელქია, მეორე კი მორჩილი და მშვიდი. გარეთ ყველა აღფრთოვანებით ხვდება ტყუპებს, ესიყვარულება, ეფერება და  ეთამაშება. თუმცა ადვილი ნამდვილად არ არის ტყუპი ჩვილების მოვლა. ძნელია დედისთვის უძილო ღამეები, ორი ჩვილის გამოკვება, ჩაცმა, მერე გასეირნება... ჰო, ასეა. მამა ეხმარება. ისიც იღლება. მაგრამ მათთვის საკმარისია ტყუპების ერთი ღიმილი და ტკბილი მზერა, რომ ყველაფერი დაავიწყდეთ, ისინი ხომ მათი ცხოვრების მთავარი ადამიანები არიან, ყველაზე საყვარელი და ძვირფასი ტყუპები.

   დედა და მამა თანდათან სწავლობენ შვილების ხასიათს. დედამ იცის, რომ პირველად უნდა აბანავოს უფრო აღგზნებული პატარა, მანამდე კი მეორე მამა მიხედავს. ჭამის პროცესიც უკეთ შეუძლია დაგეგმოს, დედამ იცის რომელი ტყუპისცალია უფრო აქტიური მჭამელი და ჯერ მას აჭმევს. ხანდახან ასე იქცევა: პირველად საუზმეს ერთს მიართმევს, სადილს - მეორეს (მთავარია არ აერიოს). მაგრამ როცა ორივეს ერთდროულად შია? მაშინ  ბოთლით ცოტა რძეს დაალევინებს, მამასაც დაიხმარს, რომ  ცოტა დაწყნარდნენ.

   სასეირნოდ წასვლის წინ ჯერ უფრო მშვიდ ტყუპისცალს აცმევს: ის მოითმენს, არ იტირებს  ხუთი წუთი, სანამ მეორე მოუსვენარი ჩვილი ჭირვეულობს.

   ბევრი დედა პაწაწინა ტყუპებს ერთნაირად აცმევს, ეს სახალისოა, მაგრამ რომ გაიზრდებიან, ალბათ აჯობებს ასაკთან ერთად გაითვალისწინონ ბავშვების პირადი გემოვნება და ინტერესი.

   დედამ და მამამ იციან, რომ ტყუპებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი კუთხე: მაგიდა, სათამაშოების ყუთი, გასაფერადებელი ალბომი, სხვადახვა თოჯინა, მანქანები, მუსიკალური ინსტრუმენტები. რაც შეეხება ბურთებს, კონსტრუქტორებს, თოჯინების თეატრს, ჭურჭელს და ავეჯს - ეს ნივთები შეიძლება საერთო იყოს. ცდილობენ ბავშვებს აჩუქონ საერთო და პირადი სათამაშოები. ეს მნიშვნელოვანია.

   ერთობლივი განმავითრებელი თამაშების მოწყობის დროს, დედა და მამა ყურადღებას აქცევენ  როგორ უსმენენ ბავშვები, იმახსოვრებენ და ყვებიან. მშობლები აანალიზებენ ორივე პატარას აღქმის თავისებურებებს (ერთი უკეთ ყვება, ხატავს, ზღაპრებს იგონებს, მეორე კი რებუსებშია მაგარი, კარგად ძერწავს) და ცდილობენ განავითარონ ტყუპების ინდივიდუალური უნარები.  ტყუპებმა ერთმანეთში ჩხუბიც იციან. ჰოდა, რომ არ იყოს ჩხუბი, წყენა და ეჭვიანობა, დედა და მამა 20 წუთი ერთ პატარას ეთამაშებიან, 20 წუთი მეორეს, 10 წუთი კი საერთო საქმეს ეთმობა.

   ტყუპებს ასევე შეუძლიათ მეგობრულად და მშვიდად ითამაშონ, ხანდახან იჩხუბონ  და წაუთაქონ ერთმანეთს. არ ღირს იმის გარკვევა ვინ არის დამნაშავე: დედა შენიშვნას ორივეს ერთნაირად აძლევს, შექებით კი ყოველ მათგანს პირადად ანებივრებს.

   3-4 წლის ასაკში, როცა პატარები ბაღში წასასვლელად ემზადებიან, მშობლები ცდილობენ სწორი არჩევანის გაკეთებას. რა თქმა უნდა, უფროსებისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება თუ ორივე პატარას ერთად ატარებენ ცურვაზე, ხატვაზე ან ცეკვაზე. მაგრამ თუ ერთ-ერთი ბავშვი  მალე იღლება, არ მოსწონს მშობლის მიერ შერჩეული გაკვეთილი, მაშინ სხვა რამით შეიძლება მისი დაინტერესება.

   დედა და მამა ასწავლიან ბავშვებს ერთმანეთის მხარდაჭერას, ერთმანეთის დაცვას. ისიც ახსოვთ, რომ ტყუპებს დიდად არ უყვართ სხვა ბავშვებთან თამაში, იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთში მშვენივრად ერთობიან და ხშირად აღარ აინტერესებთ სხვასთან გართობა. ამის გამო  ცოტა შეიძლება გაუჭირდეთ საბავშვო ბაღში. დედა და მამა ეხმარებიან მათ მეგობრების შეძენაში და თანატოლებთან გონივრულ ურთიერთობას ასწავლიან.

   ტყუპებს ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ უცხო ადამიანები, სულ ეფერებიან, ანებივრებენ. ამიტომ ბავშვებმა შეიძლება თავი განსაკუთრებულ ადამიანებად წარმოიდგინონ. დედა და მამა უყვებიან მათ სხვა ტყუპი ბიჭების და გოგონების შესახებ ამბებს, რომ მათ თავი ჩვეულებრივ ბავშვებად იგრძნონ. დედა და მამა ცდილობენ ყურადღება მიაქციონ ტყუპების ხასიათის თავისებურებას და დაეხმარონ საკუთარი პიროვნების გაცნობიერებაში.

ავტორი: ნინი, 3 წლის ტყუპების დედა
2010 ნოემბერი
 
 


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE