ვემზადებით საბავშვო ბაღისთვის
თორნიკე 2,5 წლის იყო ბაღში რომ მივიყვანე. ორივემ გვარიანად ვინერვიულეთ. ის ძალიან განიცდიდა დედასთან დაშორებას, ასევე მეც. მაგრამ ამასთანავე, მაფიქრებდა ის, თუ როგორ შეეგუებოდა ახალ გარემოს, ახალ მეგობრებს, როგორ შეჭამდა, როგორ დაიძინებდა... პირველი დღე და პირველი კვირა ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო – ბაღის კარის დანახვისთანავე გულისმომკვლელი ტირილი, რომელსაც აღმზრდელი გაგებით და უჩვეულო სიმშვიდით ხვდებოდა: ჩვეულებრივი ამბავია, პირველად ყველა პატარა ტირის, მშობლებს რომ აღარ დაინახავენ დაწყნარდებიან, არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება. ამ სიტყვებით თითქოს ვმშიდდებოდი, თუმცა თან მომყვებოდა დაძაბულობა და შფოთი.
რამდენიმე კვირის შემდეგ საბავშვო ბაღში ყველაფერი მშვენივრად აეწყო – აღმზრდელები აქებდნენ პატარას. თორნიკეს კი დიდ კმაყოფილებას ვერ ვატყობდი. ერთი სული ჰქონდა როდის გამოვაღწევდით ბაღის შენობიდან. სახლში რომ ვბრუნდებოდით, ჭირვეულობდა და ცელქობდა. სამაგიეროდ, ცოტა ხანში იწყებდა ახალი შთაბეჭდილებების გაზიარებას: „კურდღელი იცი სტაფილოს როგორ ჭამს? „ქირი–ქირი...“ – აი ასეე...“, დღეს ბაღში „დისკოტეკა“ გავაკეთეთ, წითელი ჯიპიც გვყავს, მასწავლებელმა „კიკლი – კიკლი კიბესა“ გვასწავლა, გუშინ დიდი კუბიკები მოგვიტანეს და მე და საბამ კოშკები ავაშენეთ“. ფიზკულტურის გაკვეთილი ყველაზე მეტად მოსწონდა – „ისე ჩქარა დავრბივარ, რომ მასწავლებელი ვერ მიჭერს“.
მაგრამ ბაღში მისვლის შემდეგ ბავშვი ძალიან ხშირად ავად ხდებოდა, ხან ენტეროვისრუსი, ხან გრიპი, ხან კონიუქტივიტი, მაღალი სიცხე, – ბოლოს ვეღარ გავუძელი ამას და სასწრაფოდ გადავწყვიტე საბავშვო ბაღში აღარ მეტარებინა.
მერე ძიძა ავიყვანეთ. მშვენივრადაც შევეწყვეთ.
თორნიკე მთელ დღეს ძიძასთან ატარებს, კი სწავლობს ცოტ–ცოტა ლექსებს, ზღაპრებს კითხულობენ, სეირნობენ, კარგადაც ჭამს, მაგრამ აშკარად ეტყობა, რომ სხვა ბავშვებთან ურთიერთობა უჭირს, ჭირვეულობს, ჩხუბობს თანატოლებთან, განსაკუთრებით ბიჭებთან, გოგოების მიმართ უფრო ლმობიერია... ჩხუბის მიზეზი კი უმთავრესად სათამაშოს გაყოფაა.
სახლში დამოუკიდებლად, სათამაშოებში ჩაფლულს შეუძლია საათობით ითამაშოს, თან რაღაც ისტორიებს, სცენებს იგონებს. გვირაბებს აშენებს, მანქანების სადგომებს, სადგურს, ბენზინს ასხამს და ა. შ. მერე ცოტა ხანი ხატვითაც ერთობა. სხვა არაფერი აინტერესებს. მეცადინეობა ხომ საერთოდ არ მოსწონს. ვცდილობ, ტკბილად, შეძლებისდაგვარად მშვიდად, სახალისოდ ვაქციო მისთვის ეს საქმე. თუმცა მისი დამორჩილება ადვილი ნამდვილად არ არის.
თუ სტუმრად ბავშვი გვყავს, მხოლოდ თვითონ ურჩევს რა სათამაშო შეიძლება აიღოს. საკმარისია სხვას ხელი დაავლოს, რომ თორნიკე მთელი ხმით იწყებს კივილს...
ერთი სიტყვით, მას საბავშვო ბაღი სჭირდება. თან უკვე 3,5 წლისაა. მართალია ძველი ბაღის გახსენება არ უნდა, სამაგიეროდ ახალი ბაღი შევარჩიეთ, ერთად დავათვალიერეთ და მგონი მოეწონა. ყოველ შემთხვევაში, არ გაუპროტესტებია ის ფაქტი, რომ სექტემბრიდან ბაღში ვივლით და სამზადისსაც ერთად შევუდექით.
ახლა უკვე ვიცი, ბავშვს წინასწარ უნდა მოუყვე რა ელოდება ბაღში, რას აკეთებენ იქ ბავშვები, ვინ მოუვლის, მთელი დღის განმავლობაში რით იქნება დაკავებული. ალბათ ეს ყველაფერი ზომიერად პოზიტიურ ტონში უნდა ვუამბო, სინამდვილეს სულაც არ ვულამაზებ, რომ შემდეგ იმედი არ გაუცრუვდეს. როგორც არის ისე ვუყვები.
ვცდილობ დამოუკიდებლად საკუთარი თავის მოვლა ისწავლოს.
დავგეგმეთ, რომ ბაღისთვის ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საღებავები, ფანქრები და ჩანთა, საზეიმოდ უნდა შევიძინოთ, თან ამ ნივთების შერჩევაში თავად მიიღებს აქტიურ მონაწილეობას. ეს მას ძალიან ახარებს და თავი უკვე დიდი ბიჭი ჰგონია, მეუბნება: „ყველა ბაია დადის ბაღში, უფრო დიდი ბავშვები – სკოლაში, დედიკო და მამიკო კი სამსახურში“. ჰო, ვეთანხმები – ასეთია ცხოვრების წესი.
ავტორი: Nati N
2010, აგვისტო
|