ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      ნათია ჯანაშია
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 
სპილოს დიეტა

სპილო ძლიერ გასუქდა,
გახდა ათი ტონა.
აწუხებდა ძალიან
თავის ჭარბი წონა
.

დიეტოლოგ ჟირაფთან
გადაწყვიტა წასვლა,
– დავიცავო დიეტას
ბეჰემოთის მსგავსად
.
გაიკვირვა ჟირაფმა,
გაუხარდა ძლიერ,
– თუკი ღორმუცელობას
და სიხარბეს სძლიე,
თუკი არ დაარღვიე
დიეტური კვება,
ჭარბი კილოგრამები
მალე მოგაკლდება!

– ყველაფრისთვის მზადა ვარ!
ბურტყუნებდა სპილო,
– რამდენ ხანში დავიკლებ
სამი ათას კილოს

– თუკი არ დაიზარებ
და ვარჯიშსაც შეძლებ,
ზედმეტ წონას მოიკლებ
თერთმეტი თვის შემდეგ!

ზანზარებდა მთელი ტყე,
ყველა შიშით კრთოდა,
დილაობით, როდესაც
სპილო ვარჯიშობდა.

ტყეს რომ შემოურბენდა
ძუნძულ–ძუნძულ სამ წრეს,
მერე მოკრძალებულად
მიირთმევდა საჭმელს.

ამასწინათ  სპილოზე
ხმა გაეგდოთ ტურებს:
– ისე გახდა, ძლივს ზიდავს
ხორთუმსა და ყურებს!

 
 
 
 
 
უჩა

უჩა მიდის ქუჩაში,

უჩა დიდი ბიჭია,

უჩასხელა ბიჭებმა

უკვე კარგად იციან,

 

რომ უსაფრთხოდ მგზავრობას

წესები აქვს თავისი,

უამრავი ნიშანი

მოიგონეს ამისთვის.

 

ყველა გადასასვლელთან,

როგორც დედამ ურჩია,

უჩა დინჯად ჩერდება,

უჩა განა ურჩია?

 

ელოდება გულდასმით, -

ამწვანდება კაცუნა,

უჩა მაშინ გადაჭრის

ქუჩას, როგორ? - კაცურად!

 

აი, ასე დიდია

უჩა, ასე ჭკვიანი,

ქუჩა უფრო დიდია

და მრავალნიშნიანი.

 

აქ წყვეტილი ხაზია,

იქ ირიბი ნიშანი,

ამ ნიშნების შესწავლა

მართებს, მძღოლი ვინც არი.

 

უჩა განა მძღოლია?

უჩა მხოლოდ მგზავრია,

ფეხითმოსიარულე

და ჭკვიანი ძალიან.

 

 

 
 
 
თერძი მელა

თერძივარო, იკვეხნიდა

კუდფუმფულა მელია:

- საქმე თავზე საყრელი მაქვს,

 ჯერ არ შემომლევია.

 

ჩემთან დადის ცხოველების

თითქმის ნახევარია,

ქურქით თავს რომ იწონებენ,

ჩემი ნახელავია!

გვიან ღამით დავამავრე

წუხელ ლომის შეკვეთა,

ის ფაფარი მე შევკერე,

ამ დილით რომ ეკეთა.

 

მე შევმოსე თბილი ქურქით

ზამთრისათვის დათვები,

სასკოლოდ მე შევუკერე

კენგურუებს ჩანთები.

 

რასაც მელა იკვეხნიდა,

კურდღლებს გაუგონიათ,

ამ ცანცარებს გრძელი ყური

ტყულად არ ჰქონიათ.

 

 გაიფიქრეს, ნუთუ თავად

 ლომმა ანდო ფაფარი?

- ვთხოვოთ კუდი შეგვიკეროს

 თავის კუდის სადარი.

 

მეორე დღეს მელიასთან

რიგი დადგა კურდღლების,

ყველას სურდა დაგრძელება

პაწაწინა კუდების.

 

მელაკუდას უხარია,

ზომებს იღებს ხალისით,

კუდის კერვა რომ არ იცის,

თქვენ გგონიათ განიცდის?

 

ერთ კვირაში დაიბარა

ყურპარტყუნა კურდღლები

და სულ ყველას გამოაბა

მოჯღანული კუდები.

 

- არც ისეთი ურიგოა!

 ჩურჩულებენ ჩუმ-ჩუმად.

- არც ისეთი გრძელი არის,

- არც ისეთი ფუმფულა!

 

 მელაკუდა ანუგეშებს:

- ჩემი საქმის მე ვიცი,

 კუდები გაქვთ სანაქებო,

 ყურთა შესაფერისი!

 

 ციყვებმა რომ ეს გაიგეს

 უჰ, იმდენი იცინეს:

- კუდი აბა რა კუდია,

 თუ ვერ გააქიცინე?

 
 
 
 
 
ყოჩი

ყოჩივარდა

გაყოყოჩდა:

ყოჩი ვარ და

ამიტომო,

გაზაფხულის

ყვავილებმა,

თავი აღარ

გამიტოლონ!

 

 
იამ გულში

გაიფიქრა:

შენი ტოლი

როდი ვარო,

გაზაფხულის

მახარობლად

სულ პირველი

მოვდივარო.

 

 

 

 
 
 
 
კოკლოზინა

აღარმინდა ამდენი

სტაფილო და ჭარხალი,

გავიზრდები ისედაც

ღონიერი, მაღალი.

 

ჩემი ძაღლი გინახავთ ?

ძლიერია, ჭკვიანი.

აბა, ჰკითხეთ თუ უყვარს

ბოსტნეულის წვნიანი?

 

 
წუწკი თაგვი რომ გვიმზერს

ცალი თვალით სოროდან,

აბა, ჰკითხეთ, ყოფილა

ერთხელ სტომატოლოგთან ?

 

მე კი მეუბნებიან,

გაიფუჭებ კბილსაო,

თუ ყოველდღე დაკვნიტავ

კანფეტებს და თხილსაო.

 

ის მაჭამეთ, რაც მიყვარს,

რაც არასდროს მწყინდება,

რა ჯობია, ყელი რომ

ჩამიკოკლოზინდება.

 © ნათია ჯანაშია

 2010-2009
 
 


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE