ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      მე ვხატავ
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 

» დედა, მე ვხატავ!

 
 
ბავშვობაში ყველას გვიცდია ხატვა. გოგოები ალბათ პრინცესებს და ყვავილებს ვხატავდით, ბიჭები – მანქანებს და გემებს...
ასე რომ, გამოცდილება გვაქვს.
მაგრამ როცა საქმე ჩვენს შვილს ეხება, უამრავი კითხვა ჩნდება: ”როდის და რითი დავიწყოთ ხატვა?” “ფლომასტერი თუ საღებავი?” “შპალერი თუ სახატავი რვეული?” “ან იქნებ სულაც ცეკვაზე ვატაროთ?”
ერთი შეხედვით წვრილმანი პრობლემებია, არა? თუმცა, ვინ იცის, ჩვენს მიერ არასწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამყაროს შესაძლოა დააკლდეს პიკასო ან ფარჯიანი...
მოკლედ, თუ გვსურს, რომ ბავშვი ორიგინალურად აზროვნებდეს, ხატოს არა შაბლონების მიხედვით, არამედ საკუთარი ფანტაზიით და მთელი ცხოვრება შეინარჩუნოს ფერწერის სიყვარული, ნამდვილად არ ღირს წვრილმანების უგულვებელყოფა.
ბავშვები სამყაროს მთელი თავისი მრავალფეროვნებით შეიცნობენ. მათთვის საღებავები ის ჯადოსნური სუბსტანციაა, რაც ყველაფერს გარდასახავს.
ჩემს პატარას ძალიან მოსწონს დიდ ფურცლებზე ხატვა. “დედიკო, რას ვხატავ?” ასე იწყება მისი შემოქმედებითი წვა. მე კიდევ ვცდილობ გამოვიცნო მის ხაზებში “რაა ეს”?! როგორც წესი ესაა “ჩუქუ”- მატარებელი ან უფრო ხშირად მანქანა.
ხატვის მასწავლებლები გვირჩევენ, თავიდან ბავშვს დიდი ფორმატის (A4, ან კიდევ უკეთესი A3) ქაღალდი შევთავაზოთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მის ცნობიერებაში გავაფართოვოთ შემეცნების სივრცე. ფონი სასურველია ფერადი იყოს. ბუნებაში ხომ პრაქტიკულად არ გვხვდება თეთრი ჰორიზონტი. ჰოდა, ფერად ქაღალდზე ხატვისას, ბავშვი თურმე უკეთ სწავლობს ფერების შედარებას და შეხამებას. კარგი იქნება ვასწავლოთ პატარას მთლიანი ფურცელის ათვისება.
ფუნჯი არსებობს მაგარი (ჯაგარის) და რბილი (ციყვის ან პონის ბეწვისგან დამზადებული). თავიდან აჯობებს გამოვიყენოთ დიდი დიამეტრის (№9-10), ხოლო როცა ტექნიკას ავითვისებთ, შეგვიძლია სხვადასხვა ზომის ფუნჯი მივცეთ ბავშვს.
ასევე სასარგებლოა ცვილის მსხვილი ფანქრებისა და ცარცის გამოყენება. არ ღირს ვიჩქაროთ ფლომასტერების ყიდვა. საქმე ისაა, რომ ფლომასტერი არ ითხოვს დაწოლას. და თუკი ბავშვი ფლომასტერის მერე მოინდომებს ფანქრების ათვისებას, ის აღარ დააწვება და ხაზები მკრთალი გამოუვა.
ჩემი მეგობრის ბავშვი, 4 წლისაა და ხშირად შავი გუაშით ხატავს სახლს, მანქანას, ხეს - ყველაფერს შავი კონტურით. დედამისი ცოტა ნერვიულობს შავი ფერის დომინირების გამო. ვფიქრობ სულ ტყუილად და ვამშვიდებ. რატომ უნდა შეგვეშინდეს შავი ფერის?! თუ ბავშვმა აირჩია მუქი ფერთა გამა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას ამგვარი შინაგანი მოთხოვნილება აქვს. სანერვიულო მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ მუქი ტონები მუდმივად დომინირებს. ერთი ნახატის მიხედვითაც არ ღირს მსჯელობა: ის ხომ სიტუაციურია. მხოლოდ ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად შეიძლება დავახასიათოთ პატარას პიროვნული თავისებურებები და მიდრეკილებები. ასევე არ უნდა შევშფოთდეთ, თუკი ბავშვს დაავიწყდა ნახატზე მამიკოს ფიგურის დამთავრება ან რაღაცნაირად უჩვეულოდ გამოსახა ოჯახის წევრები.
ჩვენ ხატვის მოწყობილობებს ერთ ადგილას ვინახავთ - იქ, სადაც ლაშა ადვილად მისწვდება. ამით მგონია, რომ მას ვაჩვენებთ, რომ ვენდობით და დამოუკიდებლობასაც მივაჩვევთ. თან იმედი მაქვს ისწავლის თვითონ ნივთების მილაგებასაც. მშობლები კი ამ დროს შევძლებთ უკეთ გავიგოთ მისი სურვილები და ინტერესები, გამოვავლინოთ ნიჭი და დროულად დავეხმაროთ.
რა თქმა უნდა ჩვენთვის უფრო მოსახერხებელია როცა დრო და განწყობა გვაქვს მაშინ მივცეთ ფუნჯი და საღებავი ნორჩ მხატვარს, მაგრამ იქნებ მან ასეთი გაკვეთილები აღიქვას როგორც უპატივცემულობის ნიშანი?
შემოქმედებისგან “ზარალი” მინიმუმამდე რომ დავიყვანოთ, მგონი თავიდანვე აჯობებს მკაფიოდ აღვნიშნოთ და დავიცვათ წესები.
ერთად ხატვას რა სჯობს, ოღონდ პატარას მაგივრად კი არა, არამედ ცალკე ფურცელზე. ერთი კი შეგვიძლია - ბავშვის ხელს მოვეხმაროთ ხატვისას, რომ უკეთ მიხვდეს მოძრაობას. მაგრამ მის ნაცვლად ნუ დავამთავრებთ გამოსახულებას და ნურც გავუსწორებთ. ამით შეიძლება პატარას ხატვის სურვილიც კი გაუქრეს. პაწაწინა მხატვარი ნახავს, რომ დედიკოს უკეთ გამოსდის, ჩვენს ექსპლუატაციას შეეცდება და მოგვთხოვს დავუხატოთ მანქანა, მატარებელი, თოჯინა თუ სახლი. თვითონ კი იწუწუნებს: “მე ხატვა არ შემიძლია”...
დედიკოებო და მამიკოებო, ბავშვების მხატვრობასთან დაკავშირებული ზოგი “უხერხულობა” სჯობს მოვითმინოთ. რომ არ მივიღოთ ნერვიული შეტევა და საღებავის ლაქები ხალიჩაზე, ხომ გვირჩევნია ერთად ვხატოთ იქ, სადაც ძვირფასი ნივთები არაა (ოღონდ, არ გირჩევთ, ერთი ჩემი ნაცნობის გამოცდილება გაიზიაროთ, რომელსაც აბაზანაში შეჰყავს ბავშვი სახატავად, რომ არ დაესვაროს ავეჯი... ძალიან მაინტერესებს რა შთაგონება ეწვევათ დედა-შვილს კაფელის და უნიტაზის გარემოცვაში?!) როგორც ვარიანტი, შეგვიძლია ცელოფანი დავაფაროთ იატაკზე:)
ხატვის დროს გავითვალისწინოთ ბავშვის ფიზიკური განვითარების ასაკობრივი თავისებურებები – ზურგის კუნთები და ხერხემალი ჯერ კიდევ სუსტად აქვს განვითარებული, ამიტომ ზედმეტი დატვირთვა მისთვის არა უნდა იყოს სასურველი. სულაც არაა აუცილებელი მაგიდასთან ჯდომა ხატვის დროს. აჯობებს ვხატოთ კედელთან, მოლბერტთან ან სულაც იატაკზე.

ერთი წლის ბავშვმა წრე თუ დახატა, დამეთანხმებით, ნამდვილ შედევრთან გვაქვს საქმე. ორი წლისა კი არ უნდა გავამტყუნოთ, რატომ გააფერადა ვაშლი მაინცდამაინც ლურჯად. რომ გავერკვეთ, რა ასკში რა შედეგს უნდა ველოდეთ ნორჩი მხატვრისგან, მოდით განვიხილოთ სწავლის ეტაპები.
როგორც გამოცდილი დედიკოები მეუბნებიან, ფერთან გაცნობა შეიძლება უკვე 4 თვიდან. ამისთვის მოვამზადოთ 4 ძირითადი ფერის ბარათი და ვაჩვენოთ პატარას. ნუ დაველოდებით მყისიერ პასუხს – ამ ასაკში ხომ ბავშვს ჯერ კიდევ არ შუძლია გვიჩვენოს და დაასახელოს ფერები, ის მხოლოდ მზერით გვანიშნებს. რაც შეიძლება ხშირად გავუმეოროთ ფერის სახელი და მასზე მოვახდინოთ ბავშვის ყურადღების აქცენტირება: “ნახე, შენ წითელი მაისური გაცვია, დედიკოს - ლურჯი. შენ წითელი, დედას - ლურჯი.” აი, ლურჯის და მწვანეს შედარება არ ღირს - ბავშვებს ეს ფერები ხშირად ერევათ.
6 თვისას, როცა ბავშვი სწავლობს დაჯდომას, დროა დავიწყოთ ხატვა. ის ცდილობს ყველაფერს გემო გაუსინჯოს, ჰოდა, ნუ დავუშლით (თანაც ეს უშედეგოა), ის ხომ ამ გზით სამყაროს შეიმეცნებს.
დამწყებ პიკასოს შეგვიძლია ვუყიდოთ “გემრიელი”, საჭმელად ვარგისი საღებავები. სამწუხაროდ, ამგვარი სიამოვნება გაცილებით ძვირი ღირს ვიდრე ჩვეულებრივი გუაში, სამაგიეროდ ადვილად ირეცხება დათხუპნული ტანსაცმელი და რაც მთავარია აბსოლუტურად უვნებელია.
პირველ ეტაპზე ბავშვი რასაც ჰქვია ხელებით ეცნობა ფერს . დედიკოს ხელმძღვანელობით შიძლება ხელების და ფეხების ანაბეჭდების გაკეთებაც და უბრალოდ საღებავების შესწავლა ხელისშეხებით (ეს ძალიან ახალისებთ პატარებს).
როგორც კი შევამჩნევთ, რომ ბავშვი აქტიურ ინტერესს ავლენს კოვზის მიმართ, მას ხელში შეგვიძლია მივაწოდოთ ფუნჯი (სასურველია მაგარი, № 10). ვაჩვენოთ როგორ უნდა დაიჭიროს. თუმცა თუკი ხატვის პროცესში ბავშვი ფანქარს ან ფუნჯს აიღებს ისე, როგორც მას ეხერხება – ნუ ჩავერევით. თავიდან ბავშვს უბრალოდ ჭირდება “გაძღეს” ფერით: აურიოს და დაითხუპნოს რამდენიც უნდა.
როცა ბავშვი აითვისებს ხაზებს, მერე შეგვიძლია ვასწავლოთ კონკრეტული მოძრაობები: დაფერვა ჰორიზონტალურად, ზევიდან ქვევით; ვხატავთ წრეს, ტალღოვან ხაზს, ტალღა შეიკრა.
თუკი ბავშვი იცნობს გუაშს, 2 წლის ასაკში უკვე შეგვიძლია აკვარელით ხატვაც ვასწავლოთ. დავასველოთ აკვარელის ფურცელი და საღებავი დავაწვეთოთ. მერე დავაკვირდეთ რა ხდება. ამ ასაკში არ ღირს ვაჩვენოთ როგორ გამოისახება ესა თუ ის ობიექტი. ხომ არ გვინდა რომ ჩვენი მომავალი მხატვარი აზროვნებდეს სტერეოტიპებით და ბრმად იმეორებდეს სხვის ხედვას?
ხელები თუ დაესვარა, არაუშავს. ნორჩი მხატვრისთვის მნიშვნელოვანია საღებავის არა მარტო თვალით შეფასება, არამედ კანითაც უნდა იგრძნოს.
ჩვენ უნდა ვეცადოთ ვასწავლოთ პატარა შემოქმედს ასახოს სამყარო ისე, როგორც ხედავს. ამისთვის მნიშვნელოვანია ბავშვს განუვითაროთ წარმოსახვა, შემოქმედებითი აზროვნება, ვაჩვენოთ როგორ უნდა იხმაროს სხვადასხვა ხერხი და მასალა, “მოიმარჯვოს ხელი”. მაგრამ ყველაზე მთავარია – ვასწავლოთ მას დააკვირდეს ბუნების მოვლენებს, საგნებს და ადამიანებს.
უკვე სკოლამდელ ასაკს რომ მივუახლოვდებით, ანუ როცა ბავშვს ჩამოუყალიბდება საგნებზე საკუთარი შეხედულება, ექნება საკმარისი გამოცდილება და განუვითარდება მხედველობით-მოძრაობის კოორდინაცია, შეგვიძლია დავიწყოთ სხვადასხვა ობიექტების ხატვა მოულოდნელი რაკურსით. თუნდაც სახლი ან მანქანა გვერდხედიდან. გიცდიათ ზღაპრების ილუსტრირება? ეს ძალიან კარგი გასართობია. ასევე გასაფერადებლები ზღაპრის გმირებით. წარმოსახვის სტიმულირებისთვის შეგვიძლია ბავშვთან ერთად მოვიფიქროთ მთელი სამყარო და მხატვრული კომპოზიციები.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი შვილის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემო, სადაც იზრდება. მოდით, ვეცადოთ ეს გარემო უფრო მდიდარი და საინტერესო გავხადოთ. ვაჩვენოთ ბავშვს ცნობილი ნახატების რეპროდუქციები, ვატაროთ გამოფენებზე, მუზეუმებში, ყურადღება მივაქცევინოთ ნებისმიერ საინტერესო წვრილმანზე ქუჩაში.
ავტორი: ირენ მახარაძე
 
 
 
 
 


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE