ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      მარიამ წიკლაური
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 
რვაფეხა

ერთ რვაფეხა დედას

გაუცივდა შვილი.

ყველას ასე მოუვა,

ვინც უწინდოდ ივლის!

დედას გული გაუსკდა,

მოიტანა წამალი,

ეხვეწება: - ჩაყლაპე,

სანამ გვიან არ არის

და დაგიქსოვ ლამაზ

ჭრელა-ჭრულა წინდებს,

ჩხირებიც მაქვს, მატყლიც

დასართავად მიდევს!

რვაფეხუნა ატირდა:

- არ მინდაო აბები,

მომიყევი მამიკოს

პატარობის ამბები!

დედიკომაც უამბო

მართალიც და ზღაპარიც,

მოყოლაში გავიდა

ნახევარი ზამთარი.

მერე ძაფიც დაართო,

ღება ნაირფერები,

ოთხი წყვილის მოქსოვით

დაეღალა ხელები.

თან ზამთარიც გასრულდა,

ვიღას ახსოვს ანთება?!

რვაფეხუნა განკურნა

სასაცილო ამბებმა.

ახლა კი გვაქვს წინდა,

მაგრამ რაღად გვინდა?
  
 
 
 ავტომანქანა

ჩემი ავტომანქანა

დავქოქე და გაქანდა.

პი-პი! მიჰქრის გზაზე

ასჯერ სწრაფად სხვაზე.

ეშინია ბარბის:

_ რა გიჟივით გარბის!

გადაკვეთა ქუჩა,

მოედანი, სკვერი,

გადააგდო გზიდან

ურიკა და ცხენი.

მუხრუჭები არ აქვს,

გარბის, ჰერი, ჰერი!

აადინა მტვერი

კუთხესა და კუნჭულს,

ფრთა მოტეხა ლამის

ბატის ყვითელ ჭუჭულს.

შუქნიშანი ბრაზობს:

 _ რად არ იცავ წესრიგს?

წითელს ვანთებ
_ სდექ, სდექ,

შენ მაინც არ გესმის.

ქვეითი და მგზავრი,

შეაშინა ყველა,

ბარბი ისევ ყვირის

_ ნელა, ნელა, ნელა!

დავუძახოთ პატრულს,

გააჩერებს ხელად!

დათუნია ბღავის:
ვაი, თავი, თავი!
დაეჯახა ვაგონს. _
პასუხი ვინ აგოს?
_ ვინ და მძღოლმა!
ბრაზობს დამსხვრეული ავტო:

აღარ ვეთამაშები

უწესრიგო პატრონს.

 
 
 
 
  
 
 კლოუნი

ეს ცირკია, ეს არენა!

არენაზე კლოუნია.

ჰოპლა! სცენა ჯამბაზობით

ყირამალა მოუვლია.

 ცხვირზე ბურთი აზის, ნახე,

მოუხატავს გრიმით სახე.

სასაცილო კაცია,

აცა-ბაცა აცვია.

ფოკუზნიკობს: ბუშტები

ბატი-ბუტად აქცია!

თოკზე დადის, ძაღლიც ჰყავს,

მაყურებელს ართობს:

მღერის, ცეკვავს,

თათებით დაატარებს ავტოს.

მასხარაა ისიც,

ჰგავს საკუთარ პატრონს.

ეს კლოუნი ყველაფერს

სასაცილოს ამბობს.

ხა-ხა, ხი-ხი, აცინებს

დიდებსა და პატარებს.

_ დე, ხვალიდან კლოუნების

კარგ სკოლაში მატარე!

 
 
 
 
 
 
ჩვენი  ლეკვი
 

-ბუდა-ბადა, ბუდა-ბადა,

ერთი ლეკვი დაიბადა!

- რა დაარქვეს?

- რა და ბალტო!

ერთი ნახეთ, როგორ გვართობს!

- ჯიშად?

- კოკერსპანიელი!

მის გაჩენას, რა ხანია,

ერთი გოგო ანი ელის.

ყურპარტყუნა ციდა ლეკვი

ჩალისფერი ხვადია,

ანი თავზე დასტრიალებს,

როგორც კარგი გადია.

წესადა აქვს ძაღლის გვარ-ტომს,

უერთგულოს კეთილ პატრონს.

ყველა ძაღლი სამეგობროდ

თურმე ადამიანს ნატრობს.

და არ უყვარს,

როცა ბედი

ტოვებს სადღაც,

მარტოდმარტო.

განა ლუკმას ვერ იპოვის?

განა წვეთ წყალს ვერსად დალევს?

ძაღლს ღირსებად უჩანს თურმე,

თუ დარაჯობს სახლის კარებს,

სადაც ბევრი კარგი შვილი

ცხოვრობს,

შრომობს,

სწავლობს,

მღერის

და არასდროს ავიწყდებათ,

რომ ოთხფეხა მეგობრებსაც

გაუწოდონ ძმობის ხელი!

 
 
 
 
 
 
 
კაცი პროკლე

იყო ერთი

კაცი პროკლე,

ჰქონდა ქოლგა

გრძელზე მოკლე.

თუ გაშლიდა, ვერ კეცავდა,

ძალიანაც რომ ეცადა.

ვერც დაკეცილს შლიდა.

ამიტომაც წვიმაში

სველდებოდა მშვიდად.

რომ ჰქონოდა საფულე,

საფულეში ლარი,

ხომ იყიდდა ქოლგას და

ხომ ივლიდა მშრალი?
 
რადგან რძე ჯამშია
კნუტი ყნოსავს რძეს,

გემრიელს და ცხელს.

და რადგანაც შია,

რადგან რძეც ჯამშია,

ჩაყოფს ციცქნა ენას,
ამოლოკავს ხელად.
 

 

 
 

 

 
 
 
პაპას ბიჭი

 
პაპას ბიჭი - ბურნა-ქინქლა

გაიზარდა, როგორც იქნა!

მკვირცხლია და ყოჩაღი,

იმედია ოჯახის.

მიადგება საწნახელს,

შარვალს დაიკარწახებს.

- რას დაწურავს?

- საფერავს!

 ღვინით ტიკებს დაბერავს.

მოუკითხავს ახლობლებს,

ქალაქში რომ სახლობენ !  
 
 
 
 
 
 
 
 
 
კოღო ბაბულია

ჩვენი კოღო ბაბულია,

შეხეთ, ქსელში გაბმულია.

ეშინია, კანკალებს,

აბლაბუდას აქანებს,

აღარ უნდა თამაში

ბობორიკას ჰამაკში.

ეუბნება ყურში სიო:

- გავიზრდები, დაგიხსნიო!
 
 
 
 
კოკალია

კოკალია-კალია

პაწაწინა ქალია.

ბუზ-ბუილამ დააფრთხო,

შეაშინა ძალიან.

დაიმალა ბალახში,

 აღარ უნდა თამაში.
 
 
 
 

 

 
 

ქუჩაში

შუქნიშნისთვის მთავარია,
რომ არ მოხდეს ავარია.
სადაც მგზავრის და ტრანსპორტის
ადგილი და სავალია,
საამისო მიზეზები,
სამწუხაროდ, მრავალია.

გვავალია, დავუჯეროთ
წითლად, ყვითლად, მწვანედ მაშუქს,
შეუცდომლად აწესრიგებს
შუქნიშანი ყველას მარშრუტს.

თუ წითელი ანთია,
სდექ! არ წადგა ბიჯიც,
თუნდაც იყო ყველაზე
 
გაბედული ბიჭი.

თუ ყვითელი ანთია,
ცოტა ხანიც ადროვე!
მალე შეაჩერებენ

ლამაზ-ლამაზ ავტოებს.
როცა მწვანე ანთია,
გზა შენია, გასწი!

წესრიგს თუ არ დაარღვევ,
ხარ ნამდვილი კაცი.
 
 
 
 
 
 
 
 
იყო და არა იყო რა
იყო და
არა იყო,
დღე და ღამე გაიყო.
შენ მზე გერგო,
მე _ მთვარე,
ვარსკვლავი ვერ დავთვალე.
_
ვინც დათვალა, რაო?
_ დაჯდა, ლექსი თქვაო.
 
 
 
 
© მარიამ წიკლაური 2009
 
 
 
 
 
 
 


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE