მამა და შვილი
გადავწყვიტე მამა-შვილის ურთიერთობაზე დამეწერა, უფრო სწორად ისეთ მამაზე, რომელიც შვილისთვის ვერ იცლის და ჩივის - შვილს საკმარისად არ ვუყვარვარ, არ მეფერება, შინ რომ მივდივარ სიხარულით არ მეგებება, უკვე დიდია, 4 წლისაა და არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, მოდი, მამა, გამახარე, თვითონ რატომ არ გამოხატავს მამის მიმართ სითბოს? და ვინ არის დამნაშავე? რა თქმა უნდა, დედა - ასე ფიქრობს ჩემი ქმარი და როგორც ამასწინათ გავარკვიე, მისი ერთი-ორი მეგობარიც.
მე ამ ბრალდებების წინააღმდეგ ერთი არგუმენტი მაქვს: ბავშვს მამასთან ურთიერთობა სჭირდება! მამამ ჩვილი ხელში ხშირად უნდა აიყვანოს, უნდა დაინტერესდეს პატარას ამბებით, მისი ცხოვრებით. მამა, რომელიც ხშირად დადის მივლინებაში, ხშირად უნდა ურეკავდეს თავის პატარას, ან წერილი მისწეროს (მეილით). 1 წლის ბავშვს მართლა ახარებს ტელეფონში მამის ხმის გაგონება, 3 წლისა კი დიდი ინტერესით შეხედავს და მოისმენს მამისგან მოწერილ ამბებს. მამამ შვილს დრო უნდა დაუთმოს, ელაპარაკოს, ეთამაშოს, გაასეირნოს, წიგნი წაუკითხოს, ხანდახან საჭმელი აჭამოს, ტანსაცმელი გამოუცვალოს, ბაღში წაიყვანოს და ა.შ.
სიყვარულით ყველა პატარას უყვარს მამა, უბრალოდ, ხშირ შემთხვევაში, ბავშვები ამ სიყვარულს და სითბოს დედის მიმართ უფრო მეტად გამოხატავენ. რატომ? იმიტომ, რომ დროის უმეტეს ნაწილს დედასთან ერთად ატარებენ. მამა-შვილს შორის პატივისცემა კი ურთიერთობით იბადება. თუ ურთიერთობა არ არის, პატივისცემაც არსაიდან გაჩნდება.
ვცდილობ ჩვენს პატარას ხშირად შევახსენო მამიკოს მიართ ყურადღება გამოიჩინოს, მივიდეს და მოეფეროს, როცა მამა კომპიუტერთან მუშაობს, ან როცა ახალ ლექსს ისწავლის - პირველად მამას მოუყვეს, ახალი შთაბეჭდილებები გაუზიაროს. და პატარაც ამას აკეთებს, დედის შეხსენებით, თუმცა მამას ეს არ ყოფნის და მაინც შვილის მხრიდან უყურადღებობას უჩივის.
მამები, რომლებიც თვლიან, რომ ბავშვის აღზრდა მხოლოდ ცოლის მოვალეობაა, მჯერა, რომ მწარედ სცდებიან. დედა და მამა, ორივე რეალურად უნდა მონაწილეობდეს ბავშვის ცხოვრებაში, იმისთვის, რომ შვილის პატივისცემა მოიპოვონ.
მშობლები ხშირად დაუფიქრებლად ვექცევით შვილებს. ბავშვის მიმართ ჩვენს მიერ წარმოთქმულმა საყვედურმა ან საქციელმა შეიძლება ადვილად ატკინოს მას გული. „ყველანი ბავშვობიდან მოვდივათ“- ჩვენივე პრობლემებით... ეს სიმართლეა. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი ვეცადოთ ყოველთვის ყურადღებით მოვეპყროთ ჩვენი შვილის გრძნობებს.
ძალიან მაოცებს ზოგიერთი კაცის წარმოდგენა: ეშინია, ე.ი. პატივს მცემს! ამის საფუძველია ურთიერთობის უუნარობა და სიბნელე.
მართლა შეიძლება ვინმეს დაშინება, მითუმეტეს ბავშვის. ხერხიც სხვადასხვა არსებობს: ცემა, ფსიქოლოგიური მანიპულაციები, მუქარა, შანტაჟი. ასეთი მამები მებრალებიან. მათ ბავშობაში არ ასწავლეს ურთიერთობის სხვა უფრო პროდუქტიული ხერხი. ნებისმიერი აგრესია ხომ უძლურებიდან ჩნდება. თუ ზრდასრულმა მამაკაცმა არ იცის როგორ მოიპოვოს ბავშვის პატივისცემა, არ იცის მასთან ურთიერთობის დამყარება, ის თავს სუსტად და დაბნეულად გრძნობს. და მაშინ უძლურებისგან ჩნდება აგრესია და სურვილი ირგვლივმყოფთა დამორჩილების. რაღაც მომენტში შეიძლება გაჩნდეს ილუზია, რომ ოჯახში ყველამ გაიგო ვინ არის უფროსი. თუმცა ეს არ არის პატივისცემა. ეს შიშია. როცა ილუზია ქრება და ბოლოსდაბოლოს მამა ხვდება, რომ ბავშვს მისი ეშინია, ის უფრო მეტად ბრაზდება, იმიტომ, რომ სულ სხვა რამეს ელოდა. ეს ჩაკეტილი წრეა, რომელშიც სამწუხაროდ ბევრი ოჯახია ჩართრეული. სინამდვილე კი მარტივია: გინდა რომ პატივისცემას იმსახურებდე? მაშინ დაიწყე საკუთარი თავით - იპოვე ის თვისებები, რომლისთისაც შენ თვითონ დააფასებდი სხვას.
სამწუხაროდ თავად მშობლები ყოველთვის არ ვაცნობიერებთ საკუთარი სიტყვების სიმკაცრეს. ფრაზა: „ასე თუ მოიქცევი - აღარ მეყვარები“ - ეს არ მარტო სიცრუეა, არამედ მანიპულაციაა. იმიტომ, რომ შვილი გვიყვარს არა მისი ქცევის გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი შვილია. პატარასთვის, კი არაფერია უფრო საშინელი, ვიდრე საკუთარი მშობლისგან ასეთი სიტყვების მოსმენა. სიყვარულით მანიპულირება კი დაუშვებელია. შეგვიძლია ვისაუბროთ საკუთარ გრძნობებზე, იმაზე რომ შვილის საქციელმა გული გვატკინა.
ზოგიერთი მამა თავის მოვალეობად თვლის მკაცრად მიუთითოს შვილს მის შეცდომებსა და ნაკლზე. როგორი სამართლიანიც არ უნდა იყოს ჩვენი კრიტიკა, შექებაც ნუ დაგვავიწყდება. ბავშვი თავდაჯერებულად არ გრძნობს თავს, განსაკუთრებით ძლიერი ავტორიტეტული მამის გვერდით. თუ მამა მუდმივად გააკრიტიკებს შვილს, ეს გამოიწვევს იმას, რომ მამის მიმართ შიში ექნება. შიში გაზრდის დისტანციას შვილსა და მშობელს შორის. ბავშვი, რომელსაც ეშინია მამის შენიშვნების, გახდება უფრო ჩაკეტილი, სათქმელს არ იტყვის, იცრუებს, საკუთარ პრობლემებზე აღარ მოყვება. რატომღაც ზოგი მამა თვლის, რომ ბავშვის შექება, გახარება მისი საქციელით, მისი წარმატებებით აღტაცება - არაკაცური მომენტია. ეს კი ნამდვილად დიდი გაუგებრობაა.
ერთ-ერთი ხერხი ბავშვის პატივისცემის დაკარგვის - დედის წინააღმდეგ მისი განწყობაა. მშობლებმა შეიძლება იჩხუბონ, მაგრამ მამას უნდა ახსოვდეს, რომ ხუმრობა და შენიშვნები, რაც მეუღლის მისამართით წამოსცდება-ხოლმე, ბავშვმა შეიძლება მტკივნეულად აღიქვას. განსაკუთრებით თუ ქალისთვის ეს ბრალდებები ცარიელი სიტყვები არ არის. ბავშვი, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს დედასთან ერტად ატარებს, ფაქიზად გრძნობს მის ემოციურ მდგომარეობას. შევეცადოთ კორექტულად მოვეპყროთ ერთმანეთს შვილის თანდასწრებით. თუ ემოციების შეკავება რთულია, მაშინ ურთიერთობები პატარა მოწმის გარეშე უნდა გავარკვიოთ. ყველა მშობელს აქვს შეცდომის უფლება. ზოგჯერ ჩვენ შვილებს დაუმსახურებლად ვსჯით. არავინაა დაზღვეული შეცდომებისგან. მაგრამ განა ყველა მზად არის საკუთარი შეცდომა აღიაროს? სამწუხაროდ, მერე, აღმოჩნდება, რომ მშობელი გადაულახავ წინააღმდეგობას აწყდება როცა პატიება უნდა სთხოვოს ბავშვს. რატომღაც უფროსები თვლიან, რომ ეს მათ ღირსებას არ შეშვენის - მოუბოდიშონ პატარა ადამიანს. სწორედ ასე იკარგება პატივისცემა.
უკეთ რომ გავიგოთ რა ხდება ჩვენი შვილის ცხოვრებაში, ხშირად წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი მის ადგილას. და მაშინ გასაგები იქნება ბავშვის ამა თუ იმ საქციელის მიზეზი. გავიხსენოთ საკუთარი ბავშვობის წყენები, რომ ყურადღებით მოვეპყროთ ჩვენსავე სიტყვებს და საქციელს შვილის მიმართ.
მე ფსიქოლოგი არ ვარ, უბრალოდ დედა ვარ, რომელიც ცდილობს გაერკვეს საკუთარი ოჯახის პრობლემებში. და იმაში, რაც ჩემს ირგვლივ ხდება. დედას და მამას გონიერება მოგვეთხოვება. მინდა როგორც ჩემმა შვილმა, ისე სხვა ბავშვებმაც ჯანსაღ და მშვიდ ოჯახებში იცხოვრონ და ბედნიერები იყვნენ.
ავტორი: ნატა K.
2011 წლის 19. 02.
|