რაჭა ჩემი
ჩემი ბავშვობა რაჭას უკავშირდება და ვინც რაჭაში ერთხელ მაინც ყოფილა დამეთანხმება, რომ რაჭა მისი საყვარელი კუთხე გამხდარა თავისი საყვარელი რაჭველებით, იქაური ჰაერით, წყლებით, მთებით, სოკოთი, კაკლით, ასკილით, კუნელით, მინდვრის მარწვით, ნაძვის კევით, ლორით, ლობიანით და ხვანჭკარით.
თბილისიდან რაჭამდე გრძელ და დამღლელ გზაში მაშინ ვფხიზლდებოდი შაორის ტბას რომ დავინახავდი. როგორც კი ტბა დამთავრდებოდა, ნიკორწმინდის გუმბათი გამოჩნდებოდა.
მაშინვე ვგრძნობდი რაჭის სუნს, როცა პირველ მოსახლეს ჩაუვლიდით ჩამოწეული მინებიანი მანქანით, ეს იყო რაჭის სუნი, სოფლის სუნი. გზად "ჩეროში" გაწოლილ ზარმაც, მსუქან და ტალახიან ღორს ჩაუვლიდით, რომელიც ჩუმად გაგაყოლებდა მოკლე ღრუტუნს აქაოდა სიმყუდროვეს ნუ მირღვევთო. უამრავი რამ გულის და თვალის გასახარებელს გავივლიდით სანამ სახლამდე მივიდოდით. სადაც საყვარელი ბაბუა მხვდებოდა.
ასე იწყებოდა ჩემი ზაფხული, დაუღლელი ხეტიალი ტყე-ტყე, მდინარიდან ჩანჩქერზე, სოფელ-სოფელ მეზობელ კანტორებში, ღამით გამართული კინო სეანსების სანახავად. უკან დაბრუნებისას ციცინათელები, თავზე დაყრილი ვარსკვლავები და ჭრიჭინები გვაცილებდნენ სახლში თუ სასაფლაოდან ვინმე ჩასაფრებული ბავშვი არ გამოხტებოდა და გულს არ გაგვიხეთქავდა. თბილისში დაბრუნების დღეს კი ბაბუა გვებუტებოდა.
ახლაც ასე იწყება ჩემი რაჭაში ჩასვლა იგივე შეგრძნებით, უფრო მეტი განცდით და მეტი სიყვარულით რაც ბავშვობიდან გამომყვა. დასანანია, რომ სახლში აგარავინ მხვდება და ხშირადაც ვერ ჩავდივარ.
ყველამ იცით ქართული მხატვრული ფილმი "რაჭა ჩემი სიყვარლი" და ამავე ფილმიდან »ჯანსუღ კახიძის მუხამბაზი, მაგრამ ცოტას თუ აქვს გასინჯული თონეში ჩამცხვარი რაჭული ლობიანი ლორით. ეს გემოც ჩემი ბავშვობიდან მომყვება. მინდა ყველას გაგანდოთ ამ ლობიანის მომზადების მარტივი წესი ერთი მთავარი განსხვავებით, თონის ნაცვლად გაზქურაში გამოვაცხობთ და ყველა ბარბარობას ჩვენი გამომცხვარი ლობიანი გვექნება.
რაჭული ლობიანი

ლობიანის გამოსაცხობად საჭიროა:
500 მლ. წყალზე მომზადებული ცომი;
800 გრ.ლობიო;
100 ლორი;
50გრ. ცხიმი (ზეთი ან კარაქი ან ღორის ქონი)
მარილი;
ლობიანის საჭრელებელი (სურათი 2-3)
მომზადების წესი:
1. ამოსული ცომისგან გავაკეთოთ 7 გუნდა და გავაჩეროთ 15 წუთი.
2. ლობიო შეგიძლიათ ლორთან ერთად მოხარშოთ ან ცალკე. კარგად მოხარშული ლობიო გადავწუროთ, ჩავამატოთ ცალკე მოხარშული წვრილად დაჭრილი ლორი. თუ ლორის ნაჭერი ნაკლებ ცხიმიანია
დაუმატეთ ზეთი ან კარაქი ან ღორის ქონი, მარილი და კარგად "მოტუკეთ" (გაჭყლიტეთ). შიგთავსი მზადაა. ლობიოც გავყოთ 7 ნაწილად. (არ არის საჭირო წიწაკა, ქონდარი, ნიორი და ხახვი).
3. ავიღოთ ცომის გუნდა და ხელის წრიული მოძრაობით გავადიდოთ, ჩავდოთ ლობიო მოუკრათ თავი, გავაბრტყელოთ და დავდოთ ცხელ ტაფაზე. ისევ გავაბრტყელოთ ტაფის პირამდე და დავშტამპოთ საჭრელებლით. დანის წვერით გავსეროთ ლობიანის შუაგული რომ არ გაიბეროს.
4. დავახუროთ თავზე და ვაცხობთ საშუალო ცეცხლზე 5 წუთი, ქურაზე ზემოდან. ზედაპირი რომ მოუშრება თავსახური გადავხადოთ და ლობიანი შევდგათ გაზქურაში რომ თავი ლამაზად გამოცხვეს. ღუმელში უნდა იყოს მხოლოდ ზედა მხარე ანთებული თავის გამოსაცხობად. აქაც ვაცხობთ 3-4 წუთი და ლობიანიც მზად არის.
5. ცხელ ლობიანს თავზე გადაუსვით ლორის ცხიმიანი ნაჭერი ან კარაქი.
რჩევა:
* სამარხვო ლობიანის შემთხვევაში ლორს არ გამოვიყენებთ და ლობიოში დავამათებთ მხოლოდ ზეთს 100გრ.
* ლობიანის ცომი თხელი უნდა იყოს რომ გააბრტყელებთ ტაფაზე ცომიდან ლანდად უნდა ჩანდეს ლობიო.
* ნაკლებ მაწყინარი რომ იყოს ლობიანი, ლობიოს კანს აცლის. სასურველია ღორის ქონი ნაკლებად გამოვიყენოთ და ზეთი დავამატოთ. თვითონ ლობიო თხელ კანიანი უნდა იყოს და კანის გაუცლელად გაცილებით გემრიელია.
* მრავალფეროვნებსთვის ლობიანის გამოცხობა შეიძლება ფენოვანის და მაწვნის ცომითაც. ხოლო ლობიოს დაუმატოთ შავი წიწაკა, ქონდარი, მოშუშული ხახვი და სხვა რამ თქვენი გემოვნებით.
ნამდვილი რაჭული ლობიანი კი არის მხოლოდ ლორით თონეში ჩამცხვარი და დაჭრელებული.
გემრიელად მიირთვით.
ფუფი და ნუფი 2010წ. |