ლიზიკო და მისი მეგობრები
***
- ლიზიკო, როცა წვიმს, ხის ქვეშ არ უნდა დადგე. ხეს, ამ დროს, შეიძლება მეხი დაეცეს, - აუხსნა ერთხელ დედამ ლიზიკოს.
რამდენიმე დღის შემდეგ გაწვიმდა და ლიზიკომ დედას უთხრა:
- დედიკო, წვიმის დროს ხის ქვეშ არ უნდა დავდგე, არა? თავზარი დამეცემა.
***
ლიზიკო ეზოში ჩაიყვანეს, ამ დროს მეზობლის პატარა ბიჭი, გიორგი ველოსიპედით სეირნობდა.
- გიო, ახლა ლიზიკო დასვი, რა, ველოსიპედზე, - სთხოვა დედამისმა.
- ვერ დავსვამ, - მოიღრუბლა გიო.
- დასვი, რა, ნახე, რა კარგი გოგოა.
- ვე-რა! გაჯიუტდა გიო.
- კი, მაგრამ რატომ?
- იმიტომ რომ ეს ველოსიპედი ჩემი ნაპირალია, - გამოსავალი მოძებნა გიომ.
***
ლიზიკო სტუმრად წაიყვანეს. მასპინძელი ხელ-ჯოხით შეხვდა.
- ჯოხი რად გინდა? - ჰკითხა ლიზიკომ.
- ბებერი ვარ, ბაბუ და ჯოხით დავდივარ, - აუხსნა მასპინძელმა.
- აი, ჩემი მამიკო კი უბებეროა, - უპასუხა ლიზიკომ ნიშნისმოგებით.
***
ლიზიკოს ბებომ ბროწეული დაურჩია და უთხრა:
- ჭამე, ბებიკო, მოძლიერდები.
ლიზიკომ ბროწეული ბებოსაც შესთავაზა:
- შენც მიირთვი ბებიკო, მოძლიერდები, - მერე დააკვირდა ( ბებო მსუქანი, ფერიანი ქალია) და უთხრა:
- ისე, ბებიკო, შენ უკვე მოძლირებულხარ.
***
ელენე თავის სახელს სწორად ვერ გამოთქვამდა, როცა ეკითხებოდნენ, რა გქვიაო, პასუხობდა: ენენე.
ერთხელ ბებო ეკითხება:
- შენ რა გქვია?
- ენენე.
- აა, ენენე გქვია? - გაეღიმა ბებოს.
- ენენე კი არა, ე-ნე-ნე! - შეუსწორა ელენემ.
***
პატარა შოთიკოს და სოფიკოს ისე ეშინოდათ მეზობლის ქალის, რომ ეზოში ვერ ჩადიოდნენ.
- ჩადით, ჩადით, დოდო ჯაჭვით დავაბი, - დაამშვიდა ერთხელ პაპამ.
ბავშვები ეზოში ჩავიდნენ და თამაში დაიწყეს, ამ დროს დოდოც გამოჩნდა.
- დოდოს აუგლეჯიაა! - ყვირილით გაიქცნენ შეშინებული ბავშვები სახლში.
***
ლიზიკო დედამ ეზოში ქურთუკის გარეშე ჩაიყვანა ეზოში.
- დედიკო, უჩაცმულოდ მიგყავარ? - გაიხარა ლიზიკომ.
***
ტყუპები - მარიამი და თამთა ბაღში პირველად მიიყვანეს. დები ისე ტიროდნენ, რომ მთელი ეზო შეყარეს.
საღამოს ბაღიდან გამოყვანილი ტყუპები ეზოში სიხარულით შემოცვივდნენ:
- ისევ უკან დაგვაბრუნეს, ისევ უკან დაგვაბრუნეს! - თურმე ეგონათ, რომ ბაღში სამუდამოდ ტოვებდნენ.
***
გიორგის კარის მეზობელი გარდაიცვალა. ბებომ სთხოვა, არ იხმაურო და პიანინოზეც არ დაუკრა, სირცხვილიაო. საღამოს მეზობლებმა პანაშვიდის მუსიკა ჩართეს.
- მე რომ მიშლით დაკვრასაც და ხმაურსაც, თვითონ არ რცხვენიათ? ნახეთ, რა ხმამაღლა უკრავენ - გაიბუტა გიო.
ავტორი: ლელა ცუცქირიძე
2010
|