ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      ლელა ცუცქირიძე
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
   სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 
ობობა ბაბაჭუა

უსაქმურმა ბაბაჭუამ

ქსოვა იცის აჩაბაჩა,

ერთი ძაფი ალთას მიდის,

ერთი ძაფი მიდის ბალთას.

 
ბუტერბროდებს ბებო აჭმევს,

თმას უვარცხნის, ტანზე აცმევს,

ბოდიში და ღამღამობით

ქოთანზეც კი ბებო აჯენს.

 
ან ძინავს და კოტრიალობს,

ან უაზროდ ბორიალობს.

ერთხელ ბებოს აწყენინა,

ღამით თავი აძებნინა,

თვითონ კარის მეზობელთან

ჭორაობდა არხეინად.

 
ბებო ძლიერ გაუჯავრდა,

ხან ახტა და ხანაც დახტა,

მერე აბგა მოიკიდა,

მეგობართან გადაბარგდა.

დარჩა მარტო ბაბაჭუა,

მშიერია, რა თქმა უნდა.

 
აბლაბუდა ჩამოქსოვა,

აჩაბაჩა, აბდაუბდა.

ბევრს ეცადა, როგორ არა,

ასეც ხლართა, ისეც ხლართა,

მაგრამ მაინც ბუზის ნაცვლად

ქსელში თვითონ გაიხლართა.

...ახლაც იქ ზის, ბებოს ელის,

ის თუ არა, ვინ უშველის?!
 
 
კაჭკაჭები

სუფრასშლიან კაჭკაჭები,

დაუცხვიათ მაჭკატები,

მგონი, გოგოს ათხოვებენ,

გამოუჩნდათ მაჭანკლები.

 
- რა ნისკარტი,  რა თვალები,

რა ფრთები და რა ტან-ფეხი! -

კაჭკაჭელას სილამაზით

აღფრთოვანდნენ მაჭანკლები.

 
გაშლილ სუფრას შემოუსხდნენ,
სადღა არის მაჭკატები?!
საპატარძლოს შეუსანსლავს,
მყისვე მიხვდნენ კაჭკაჭები.
 
- ვის რად უნდა ღორმუცელა? -
აბობოქრდნენ მაჭანკლები,
სულ არ დარდობს კაჭკაჭელა,
ხომ მიირთვა მაჭკატები?!
 
 
 
  მფრინავი ცუგა

სანსლი-სუნსლი, სანსლი-სუნსლი,

გადასანსლა ცუგამ ბუშტი,

ბუშტი იყო გაბერილი!

თქვენ გეგონათ დაჩუტული?

  

სულ ერთ წამში, ჩვენი ცუგა

კარუსელს და ეზოს აცდა,

და წითელი ბუშტის ნაცვლად

მაღლა-მაღლა აფარფატდა!

                 

ჯერ აივანს წამოედო,

ანას ბებო ფენდა სარეცხს,

წაუვიდა ლამის გული

საწყალს ცუგას დანახვაზე.
 
მერე ღია ფანჯარაში
შეფრინდა და გაიჭედა,

დაინახა ლუკას დედამ,

მაგრამ არც კი დაიჯერა!

                  

მერე ხისკენ გადაფრინდა

ყვავის ბუდეს გადახედა,

შიშისაგან შავი ყვავი

სულ თოვლივით გადათეთრდა!

                     

მერე მოხვდა სახურავზე,

ესღა აკლდათ ახლა კატებს!

ცუგა ფრენსო და ელდისგან

ქათმებივით აკაკანდნენ!

 

მერე ცისკენ აიწია

ჩიტებს გვერდი აუარა,

ჩიტს ეგონა დიდი კოღო

და ნისკარტი მარდად ჩაჰკრა.

                     

ჩაიფუშა ჩვენი ცუგა

და ეზოში ჩამოვარდა,

იმედია, ამის მერე

ბუშტებს აღარ გადაყლაპავს!

 

 

 
 
ბაწკი-ბუწკი

ბაწკი-ბუწკი,

ბაწკი-ბუწკი,

იჩხვლიტება წაბლის ბუძგი,

სულ ბუზღუნებს:

- ნეტავ რით მჯობს

ის ჩხვლეტია ზღარბი-ზღურბი.
 

ეკლები მაქვს უფრო კარგი,

თანაც მუცლით დამაქვს წაბლი!

 

იბერება,

იბრიქება

და ამდენი ბაქი-ბუქით,

ბაწკი-ბუწკი,

ბაწკი-ბუწკი,

დაბლა გაადინა ბუთქი!

წაბლი ცალკე გადაგორდა,

ცალკე დარჩა წაბლის ბუძგი.
 

ბაწკი-ბუწკი,

ბაწკი-ბუწკი,

მოკუსკუსებს ზღარბი-ზღურბი,

დაინახა, გზაზე გდია

აქეთ წაბლი, იქით ბუძგი,

წაბლი ჩადო ზურგჩანთაში,

ბუძგი დარჩა გაბუსხული.

 
 
 
ერთი ბეწო წვეთი
 

ცხრათვალა მზეს დაბადების დღე აქვს,

ხუმრობაა? გახდა დიდი გოგო,

გამოუცხო ცამ  ნისლების ტორტი

და ღრუბლების ბეზეებით მორთო.

 

მოშხაპუნდა ქალბატონი წვიმა,

მოიყვანა ერთი ბეწო წვეთი,

შემოუსხდნენ მეგობრები სუფრას,

მზე ხალისობს, მზე იცინის, მღერის.

 

ვერ ისვენებს ერთი ბეწო წვეთი,

ტკბილეულსაც ვერ აშორებს თვალებს,

სულ შესანსლა ღრუბლის ბეზეები

სანამ ტორტზე დაანთებდნენ სანთლებს.
 
 
 
 
 
ღრუბლები
 

თამაშობენ ღრუბლები,

ონავარი  ტყუპები,

გორაობენ ცაში,

ცაა მათი სახლი.

ქუხქუხებენ, ჭექენ,

და ქვეყანა შეძრეს!

 

ამ დროს დედაც მოვიდა,

ბრაზისაგან იკივლა,

ონავარი ტყუპები

ელვის ჯოხით მიტყიპა.

 

წკაპ-წკუპ, წკაპ-წკუპ,

წვეთები ეცემიან გუბეში,

თქვენ გგონიათ, გაწვიმდა?

ღრიალებენ ღრუბლები!

 

იღრიალეს, იტირეს,

მერე დედამ იდარდა,

მიეფერა ღრუბლებს და

უცებ გა-მო-ი-და-რა!

 
 
 
 
კრუხ-ქინდერი
 

- კრუხ-კრუხ,

კრუხ-კრუხ, -

კრუხუნებს

ბებოს ჟღალი დედალი,

- კაკ-კუკ,

კაკ-კუკ, -

ვიღაცა

აკაკუნებს კვერცხიდან.

თვალი დაუჭყეტია

პაწაწინა გიორგის,

ფიქრობს: "ეს რა ხმებია,

ნეტავ გამაგებინა"!

უცებ კვერცხი გატყდა და

ერთმა ქულა წიწილამ

თეთრი ნაჭუჭებიდან

- ჭი-ტა! - ამოიჭიტა.

მორბის გიო ყვირილით:

- ბებო, ბებო, იცი, რა?

მე "ქინდერი"'მეგონა,

მაგრამ, ნახე, იქიდან

ასაწყობი კი არა,

დასაკრავი კი არა,

ამოვიდა ცოცხალი

სათამაშო წიწილა!
 
 
 

პა-დე-დე

პა-დე-დე,

პა-დე-დე,

სპილო დადის ბალეტზე!

შეუკერეს პუანტები,

გაფშეკილი კაბაც,

პრემიერა ახლოვდება,

არიგებენ: იცეკვეო ნაზად.

პა-დე-დე,

პა-დე-დე,

სპილო დადის ბალეტზე!

დაბზრიალდა სცენაზე

იატაკი ჩატყდა,

ალბათ სულ დაავიწყდა,

რომ ეცეკვა ნაზად.

პა-დე-დე,

პა-დე-დე,

სპილო დადის ბალეტზე!

დაუნიშნეს დიეტა,

რომ იცეკვოს ნაზად,

ის კი მაინც  კაბის ქვეშ

ტორტის ნაჭერს მალავს.

რა ქნას, უყვარს ძალიან,

გემრიელი ჭამა.

პა-დე-დე,

პა-დე-დე,

სპილო დადის ბალეტზე!

 
 
 
კლასობანა
 

ზარი, ზარი, ზანზალაკი,

დაირეკა სკოლის ზარი!

უკვე სკოლის მოსწავლე ვარ,

დღეს მივდივარ პირველ კლასში.

 

ახალთ-ახალ ჩანთაში

ჩავდე მარტო ცარცები,

არ წავიღე რვეულები,

არც წიგნი და ფანქრები.

 

თურმე უნდა ვისწავლო

დედა-ენა, ანბანი,

კიდევ მათემატიკა -

თავსატეხი საგანი.

 

მე კი ფერად-ფერადი

ცარცი ჩავდე ჩანთაში,

კლასში შესვლა მეგონა

კლასობანას თამაში!
 
 

 

ქურდბაცაცა მუხლუხო

ვერვინ ტოვებს გარეთ:

ბოტასებს და სანდლებს,

შტიბლეტებს და შუზებს,

კალოშებს და ჩუსტებს,

ბოტფორდებს და ბოტებს,

მოკასინებს, ჩექმებს,

ესპადრელებს, ტუფლებს

კეტასებს და კეტებს...

 

ჩამოივლის მუხლუხო,

ღიღინით და ცეკვით,

ორის ნაცვლად, ხომ იცით,

ათასი აქვს ფეხი!

 

ჰოდა, სულ არ დაგიდევთ,

წამოიცვამს ყველას,

ფეხშიშველას ტოვებს:

ბაჭიას და მელას,

ჭრიჭინას და მახრას,

კალიას და ბატკანს,

ხოჭოჭინას ოჯახს,

კოდალას და ღალღას,

ეგ რა არის, მგელსაც

და ბაჯბაჯა დათვსაც!

 

მოიპარა ერთხელ

მაღალქუსლა ქოში,

ჩამოგორდა კიბეზე

თავზე აზის კოპი!

კოპს ვინ ჩივის,

მუხლუხომ მოიტეხა ხელიც,

ხელთან ერთად, მიხვდით, ხომ?

ა-თა-სი-ვე ფე-ხი!

                  

 ...ახლა წევს და კრუსუნებს,

ბოდიშს უხდის ყველას,

პირობას დებს, ასე ცუდად

აღარ მოიქცევა.
 
 
 
ანასტასია-ანანო-ანა

უჰ, იმხელა სახელი მაქვს,

ძლივს ვერევი, სხვა რა გზა მაქვს?!

აბა ერთი, თქვენ გეძახონ

ანასტასია-ანანო-ანა!

 

ისე, ზოგჯერ კარგიცაა,

არ ვემდური ჩემს გრძელ სახელს,

შეჭმული მაქვს ქვაბით ფაფა,

სანამ დედა დამიძახებს.

 

ახლა ჩემს ძმას არ იკითხავთ?

რომ იცოდეთ, სულ ვაგიჟებ,

სანამ სახელს დაამთავრებს,

მის ნაყინსაც მე მივირთმევ.

 

მამა? მამა გავაწამე,

რომ მივდივართ სასეირნოდ,

დაძახებას ვერც კი ასწრებს,

ვეფერები უკვე ფისოს.

                   

ვერ გავიგე, რას წვალობენ,

დამიძახონ მოკლედ ანა,

მაგრამ ამას როგორ ვეტყვი,

სულელი ვარ?! მერე რა ვქნა.
 
 
 
 გაზაფხულის კარუსელი

ხალისით და ჟრიამულით

შემობრძანდა გაზაფხული.

ეს რა ხდება ჭრელ მინდორში,

რა გნიასი, რა ხმაური?

ხოჭო ბერავს ფერად ბუშტებს,

კუ ამზადებს ბამბის ნაყინს

და სიცილის ოთახს აწყობს

ლოკოკინა ნიჟარაში.
მუხლუხოზე შემომსხდარან
ჭია-ჭიამარიები,

ბალახების სასრიალოს

აკეთებენ კალიები.

ჭრიჭინებმა  სახლთან ჩადგეს

აიწონა-დაიწონა,

ერთი ბეწო ჭიანჭველამ

ხარაბუზა გადაწონა.                 

ხვლიკი უკრავს ტუჩის გარმონს,

პეპელა კი ცეკვავს ბალეტს,

წრუწუნები იკერავენ

ყვავილების ფერად კაბებს.                   

საქანელით ერთობიან

ღიპიანი ზაზუნები,

დატრიალდა ჭრელ მინდორში

გაზაფხულის კარუსელი.

 
 
 
საფრთხობელა
ბებომ მთხოვა, ჩვენს ეზოში
საფრთხობელა ჩამედგა,
ჩიტებს შეეშინდებათო,
მოიშლიან ბლის კენკვას.
შემეცოდა საფრთხობელა,
შემოსილი ძონძებით,
გავუკეთე მზის სათვალე,
ავუწითლე ლოყები.
ჩავუწანი ჩალის თმები,
დავუბნიე წკაპები,
გადავაცვი ჩემი კაბა,
ფურფუშელა ბაფთებით.
ისე კოხტად გამოვაწყვე,
რომ შეხედოთ შორიდან,
გაპრანჭული საფრთხობელა
გეგონებათ თოჯინა.
ეს რა არის, ერთმა ჩიტმა
სიყვარულიც აუხსნა,
ბლის წითელი კუნწულები
მიუტანა საჩუქრად.
ბებიკოს კი მე ვეგონე,
ჯამზე ფაფა დაასხა
და გაპრანჭულ საფრთხობელას
ჩემს მაგივრად აჭამა!
 
 
 
 
აი ია
_ აი ია, აი თითი, _
კითხვას ვსწავლობ, დღეებს ვითვლი,
მინდა, მალე წავიკითხო
ჩემი საყვარელი წიგნი.
დედიკომ თქვა: _ დავიღალე
ზღაპრების და ლექსის კითხვით,
მე კი ისე ვერ ვიძინებ,
თუ არ წავიკითხე წიგნი.
აი ია, აი თითი,
უკვე ცოტა წერაც ვიცი,
თეთრ ფურცელზე დავასკუპე
სიტყვა _ ონავარი ჩიტი.
აი ია, აი თითა,
ლექსს დავუწერ, ვინც კი მიყვარს,
და ძილის წინ ჩემს თოჯინას
ზღაპრის ნაცვლად წავუკითხავ.
 
 
 
 
 
ნეკი-ნეკისაო...
ნეკი ნეკისაო,
შერიგებისაო,
თეთრი ფისო სახურავზე
მზეს მიეფიცხაო.
მიუსკუპდა შავი ლეკვი,
მიუტანა კამფეტები:
ტოფიტა და ბონი-ბონი,
ირისი და კარამელი.
ფთილასავით თეთრი ფისო
იპრანჭება, იცინისო:
_ ლეკვს რომ ფისო შეუყვარდეს,
გაუგია ნეტავ ვისო.
სხვა რა უნდა გავიფიქრო,
ეს ისედაც ცხადიაო,
კამფეტების ჩუქება ხომ
სიყვარულის ბრალიაო.
ნეკი ნეკისაო,
ეს რა გვეღირსაო,
შავი ლეკვი ფისუნიას
შერიგებიაო.
 

 
წერილი თოვლის ბაბუას
 
 

ჩემო თოვლის ბაბუა,

მენატრები ძალიან,

გავიგე, რომ ბავშვებთან

გულით მოგიხარია.

ისიც ვიცი, ხურჯინი

საჩუქრებით სავსე გაქვს,

ალბათ როგორ დაგღალა

მძიმე ტვირთის ტარებამ!

ჰოდა, თოვლის ბაბუა,

იცი, მე რას ვნატრულობ?

საახალწლოდ ეგ სავსე

ხურჯინი რომ მაჩუქო!
 

                  

 
 
 
 
გუნდა-გუნდა
 

გუნდა-გუნდა, თოვლის გუნდა,

გაგორდება, სადაც უნდა,

გაეპარა დედა თოვლს და

კარუსელზე შემოსკუპდა.

დედა თოვლი ფიფქებს აფრქვევს:

 - ჩემი გუნდა სად არის?

მის ძებნაში გადათოვლა

თოვლმა მთელი ქალაქი.

გაიხარეს პატარებმა:

- ფანტელები ცვივა ციდან,

ეს რა კარგად მოგვილოცა

თოვლმა ახალი წლის დილა.

 
 
მეტიჩარა ნაძვის ხე
 

მობრძანდება თოვლის ბაბუ,

მოდის წელი ახალი,

მიწას ფიფქით ეწერება

საახალწლო ზღაპარი.

იცინიან ფანტელები,

რა ამბავი გაიგეს?

თოვლის ბაბუ შეუყვარდა

მეტიჩარა ნაძვის ხეს.

აფახულებს თეთრი ზეცა

თეთრი ფიფქის წამწამებს,

მალე თოვლი აივნებზე

თეთრ ხალიჩებს გადაფენს.

ეს ნაძვის ხე მეტიჩარა

ბრჭყვიალებით მორთულა,

ხუმრობაა?  თოვლის ბაბუ

საჩუქრებით მოსულა.

 
 

 
 
მინდა
 

ხომ ვერ მეტყვით, როდის მოვა

ახალი წლის დილა?

თოვლის თეთრი ფანტელები

უკვე ცვივა ციდან.

რა ხანია, ბებო მიქსოვს

უზარმაზარ წინდას,

თოვლის ბაბუმ საჩუქრები

რომ ჩამიდოს, მინდა.

მინდა ბარბი თავის სახლით,

დათუნია დრუნჩაც,

ნაირ-ნაირ თოჯინებზეც

არ ვიტყოდი უარს.

ამიტომაც მიქსოვს ბებო

საახალწლო წინდას,

საჩუქრებით რომ გაივსოს,

მინდა, მინდა, მინდა!
 
 

                  

დღეს ახალი წელია
 

ჩამოვკიდეთ ბუხართან

საჩუქრისთვის წინდა,

მალე თოვლის ბაბუ

შემოაღებს ჭიშკარს.

რა ხმებია, ნეტავ?

თითქოს ვიღაც ხვრინავს,

ჩვენს წინდაში თაგუნიას

მოუწყვია ბინა!

შეუსანსლავს ტკბილეული,

დაუდვია ღიპი,

მთელი სახლი აიკლო

ფშვინვითა და ხვრინვით,

ალბათ მოსწონს ძალიან,

ჭრელ წინდაში ძილი!

თაგუნიას სიმსუქნისგან

არ გაირღვეს წინდა,

ძილისგუდა თაგუნა

გავაღვიძოთ ფრთხილად.

ჩუმად, ჩუმად, ჩუმად!

თაგუნიას სძინავს,

ეს ამბავი გვიამბო

ჭორიკანა ფიფქმა.

დღეს ახალი წელია,

კეთილები ვიყოთ,

თაგუნასაც ვაჩუქოთ

სათამაშო ფისო.

 
 
 

 
 
შობა დგება
 

ოცდახუთსა დეკემბერსა,

მადლიანი შობა დგება,

ღვთისმშობელი მარიამი

ყრმა იესოს ეფერება.

ქრისტე იშვა, ცა გაიხსნა,

სასწაული აცხადდება,

წკრიალებენ ვარსკვლავები,

შობა დგება, შობა დგება!

მოზღვავებულ სიხარულით

სული ხარობს, გული ფეთქავს,

ქრისტე იშვა, ქრისტე იშვა,

ოცდახუთსა დეკემბერსა!

მივეგებოთ, ქრისტე მოდის

სიკეთედ და მოწყალებად,

ოცდახუთსა დეკემბერსა

შობა დგება, შობა დგება!
 
 © ლელა ცუცქირიძე 2010
 
 
 

 

 
 
 

          


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE