|
სიახლეები
|
»ზღვის ვარსკვლავას ამბავი
თვალუწვდენელ ოკეანეში ზღვის ვარსკვლავა ცხოვრობდა. ოკეანე სავსე იყო სხვადასხვა ჯიშის თევზებითა და ზღვის ბინადრებით. ზღვის ვარსკვლავა მათ შორის ყველაზე ლამაზი იყო. ვარსკვლავას მშვენიერება ყველას თვალს სჭრიდა:
_ შეხეთ, ნამდვილ ვარსკვლავს ჰგავს... რა ლამაზია, _ ამბობდა მედუზა.
_ მართლაც, რა მშვენიერია, _ კვერს უკრავდა რვაფეხა.
ვარსკვლავას გული სიამაყით ევსებოდა, მაგრამ ბედით მაინც უკმაყოფილო გახლდათ, ვინაიდან მხოლოდ ფსკერზე შეეძლო ცოცვა.
_ ჩემი ადგილი აქ არ არის, მე ცაში უნდა ვცხოვრობდე, ნამდვილ ვარსკვლავებთან. აბა, სად გინახავთ, ვარსკვლავი წყალში დაცურავდეს და თევზებთან მეგობრობდეს? _ გულისტკივილით ამბობდა-ხოლმე და ყველას გაურბოდა. თავის ტოლი და სწორი ვეღარავინ იპოვა თვალუწვდენელ და უკიდეგანო ოკეანეში და თავს ძალიან მარტოსულად გრძნობდა.
კარგ ამინდში, როცა ოკეანე მშვიდი და კამკამა იყო, ვარსკვლავა ცაზე მოკიაფე ვარსკვლავებსაც ხედავდა და საათობით უყურებდა:
_ რა ბედნიერი ხართ, ცაში რომ ცხოვრობთ. მეც მინდა, თქვენსავით ავკიაფდე ცის კაბადონზე... _ ფიქრობდა დაღონებული და ცრემლებად იღვრებოდა, რომელსაც, რასაკვირველია, ვერავინ ამჩნევდა. ან როგორ შეამჩნევდნენ, წყალში _ ცრემლს.
ერთ დღეს ვარსკვლავას ძველი მეგობარი, დელფინი ესტუმრა.
_ რაღაც უნდა ვიღონო, ცაში უნდა ავიდე, გავიცნო ჩემი ნათესავები და მათთან ერთად დავსახლდე, _ შესჩივლა ვარსკვლავამ დელფინს.
დელფინი მთელს ოკეანეში ყველაზე ჭკვიან არსებად ითვლებოდა და სხვა თევზები ხშირად ეკითხებოდნენ რჩევას. ვარსკვლავასაც მისი იმედი ჰქონდა _ იქნებ დამარიგოს, როგორ მოვიქცეო.
დელფინმა ჩუმად მოისმინა ვარსკვლავას წუხილი, ბოლოს კი გაუღიმა და უთხრა:
_ აბა, რას ამბობ, ჩემო მშვენიერო. ცაში რა გესაქმება, შენი სამშობლო აქაა. თანაც ნახე, რა მშვენიერია ოკეანის ფსკერი.
_არა, მე ვარსკვლავი ვარ და ცაში უნდა ვცხოვრობდე, ტყუილად ცდილობ ჩემს დარწმუნებას, _ ჯიუტობდა ვარსკვლავა.
_ კარგი, რადგან შენსას არ იშლი, მაშინ ერთ რამეს გირჩევ: დილით წყლის ზედაპირზე აცურდი და მზის სხივს სთხოვე, საღამოს თან წაგიყვანოს, _ დაარიგა ჭკვიანმა დელფინმა.
ვარსკვლავას ეს აზრი ჭკუაში დაუჯდა, დელფინს დიდი მადლობა გადაუხადა და მეორე დილით წყლის ზედაპირისკენ აცურდა. მზე ის-ის იყო ამოსულიყო და თავისი სხივები ოკეანის წყლის გასათბობად გამოეგზავნა.
_ გამარჯობა, სხივო, _ თავაზიანად მიესალმა ვარსკვლავა სხივს.
_ გამარჯობა, მშვენიერო თევზო, _ უპასუხა სხივმა.
ვარსკვლავას ეწყინა, სხივმა თევზი რომ უწოდა, მაგრამ არ შეიმჩნია, წყენა გულში ჩაიკლა და ისევ თავაზიანად განაგრძო:
_ ძვირფასო სხივო, მე ვარსკვლავას მეძახიან.
_ მშვენიერი სახელია... ისე, მართლაც ვარსკვლავს გავხარ, _ ისევ გაიღიმა სხივმა.
_ ვარ კიდეც ვარსკვლავი. ამიტომ გადავწყვიტე, იქ ვიცხოვრო, სადაც ჩემი ადგილია და სადაც ჩემნაირი ვარსკვლავები ცხოვრობენ.
_ რაღაც ვერ გავიგე... _ გაოცდა მზის სხივი.
_ ცაში მინდა ასვლა. სწორედ ამიტომ მოვედი შენთან, უნდა დამეხმარო. ძალიან გთხოვ, ცაში ამიყვანე. მინდა ნამდვილი ვარსკვლავები გავიცნო და მათთან ერთად ცაზე ავიკიაფდე, _ სთხოვა მან სხივს.
სხივი დაფიქრდა.
_ დარწმუნებული ხარ, რომ სწორად იქცევი? _ შეეკითხა დაეჭვებული.
_ რა თქმა უნდა, ჩემი ადგილი იქაა. აბა, აქ ვისთან უნდა ვიმეგობრო _ ზღვის გოჭთან ან ლიფსიტებთან ხომ არ დავიწყებ ცურვას? მე ღირსეული მეგობრები მჭირდება.
სხივმა არაფერი უპასუხა. დიდხანს, დიდხანს დუმდა. ბოლოს ამოიოხრა და ვარსკვლავას მიუბრუნდა:
_ კეთილი, შეგისრულებ თხოვნას, აგიყვან ცაში, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორად იქცევი.
გაიხარა ვარსკვლავამ. სხივს მადლობა მოახსენა და მოუთმენლად დაიწყო ლოდინი, როდის მოსაღამოვდებოდა და მზე ჰორიზონტში როდის ჩაესვენებოდა.
მართლაც, როგორც კი მზემ კალთის აკრეფა დაიწყო, ვარსკვლავა სხივს ჩაეჭიდა და წამში მასთან ერთად ცაზე აღმოჩნდა. უკვე ღამე იყო და ცაზე ვარსკვლავები ანათებდნენ.
_ გამარჯობა, _ მიესალმა გახარებული ვარსკვლავა, _ რა დიდი და ბრწყინვალე ვარსკვლავები ხართ.
მნათობებმა გაოცებით გადმოხედეს უცნაურ სტუმარს.
_ შენ ვინ ხარ, _ შეეკითხა ერთი დიდი ვარსკვლავი.
_ მე თქვენი ბიძაშვილი ვარ. აქამდე ზღვაში ვცხოვრობდი. ახლა გადავწყვიტე, თქვენთან ამოვსულიყავი. იმედია მიმიღებთ თქვენს ოჯახში.
_ რა უცნაური ხარ. მერე რა, რომ ვარსკვლავის ფორმა გაქვს, რადგან ზღვაში დაიბადე და იქ ცხოვრობდი, ესე იგი თევზი ხარ. თევზებს კი ცაში არაფერი ესაქმებათ. ყველამ იქ უნდა იცხოვროს, სადაც მისი ადგილია, თევზებმა _ წყალში, ცხოველებმა _ ხმელეთზე, ჩიტებმა კი უნდა იფრინონ, _ უპასუხა ვარსკვლავმა.
_ როგორ, მე ხომ სხვა თევზებს არ ვგავარ, მე ყველაზე ლამაზი ვარ. სახელიც კი თქვენნაირი მაქვს. რა უნდა ვაკეთო ოკეანეში? _ განაწყენდა ზღვის ვარსკვლავა და ისევ ატირდა. მსხვილი ცრემლები ჩამოუგორდა, და მისდა გასაოცრად, ეს ყველამ შენიშნა.
_ ნუ გწყინს, შეიმშრალე ცრემლები, _ შეებრალა პატარა ვარსკვლავს, _ აბა, ცაში რა უნდა აკეთო. ჩვენ მნათობები ვართ და ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, შენ კი უსაქმოდ უნდა ეკიდო. წარმოიდგინე, რა მოსაწყენი ცხოვრება გელის აქ. ამბობენ, ოკეანის ფსკერი ულამაზესიაო, იქ წყალმცენარეები ყვავიან და გასაოცარი არსებები დაცურავენ. რა სჯობია ასეთ სილამაზეში ცხოვრებას.
_ ცაც ლამაზია, _ ჯიუტობდა ზღვის ვარსკვლავა.
_ რა თქმა უნდა, ცაც ლამაზია, მაგრამ ცა შორიდან კიდევ უფრო ლამაზი მოჩანს, ასე რომ შეგიძლია ოკეანის ზედაპირიდან ხშირად ამოგვხედო და დაგვინახო, ჩვენ კი აქედან ხელს დაგიქნევთ-ხოლმე.
ზღვის ვარსკვლავა დაფიქრა _ მგონი სიმართლეს მეუბნებიანო, _ გაიფიქრა. დილით ისევ მზის სხივთან მივიდა და თხოვა _ შინ, ოკეანეში დამაბრუნეო.
_ ხომ გეუბნებოდი. მაგრამ არა უშავს, კარგია, რომ თვითონ გადაწყვიტე დაბრუნება. თანაც ნამდვილი ვარსკვლავებიც მოინახულე. ახლა კი მაგრად ჩამეჭიდე და წავედიით!!! _ დაიძახა მზის სხივმა და ზღვის ვარსკვლავა მშობლიურ ოკეანეში ჩაუშვა.
გაიხარეს თევზებმა, როცა ვარსკვლავა დაინახეს.
_ ძალიან ვწუხდით, რომ მიგვატოვე!
_ რა კარგია, რომ დაბრუნდი. აქ ხომ ყველას უყვარხარ!
_ ჩვენო ვარსკვლავა, აღარ წახვიდე, არ მიგვატოვო!
ერთმანეთს არ აცლიდნენ თევზები, ვარსკვლავას გარს ეხვეოდნენ და მის დაბრუნებას ზეიმობდნენ. ვარსკვლავას გული აუჩუყდა. უკვე წყალში იყო და ამიტომ ისევ არავის შეუმჩნევია, როგორ ჩამოუგორდა თვალებზე ცრემლები. თუმცა ამჯერად _ სიხარულის ცრემლები. იმის შემდეგ სულ ოკეანეში ცხოვრობდა. უამრავი მეგობარი ჰყავდა და თავს ზღვის ისეთივე ბინადრად მიიჩნევდა, როგორც ყველა დანარჩენი. ხანდახან დელფინს სთხოვდა, რომელსაც წყლის ზედაპირზე აჰყავდა ხოლმე, ვარსკვლავებს აკვირდებოდა და უღიმოდა, მერე ისევ ქვევით ეშვებოდა და წყალმცენარეებით შეკერილ ფუმფულა სასთუმალზე ტკბილად იძინებდა.
ავტორი:ირმა მალაციძე
2009
|
|
|