ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      ვასილ გულეური
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 

საზამთრო

 მზეზე წევს და მწიფდება,

გულთან დარდს არ იკარებს,

ამიტომაც ტოლი აქვს

სიმაღლე და სიგანე.

 
 
 
 
 
 
იები

თოვლმა ვეღარ დააკავა,

გადაიცვეს მწვანე კაბა.

არ შეშინდნენ, თუმცა ცივა,

დაიკიდეს ნამი მძივად.

გვარიდებენ მორცხვად თვალებს –

რამდენია, დაითვალე!

 
 
 
ობობა

რა ყოფილა ეს ობობა,

მთელი ეზო შემოღობა!

განა წნელით ანდა ფიცრით,

_ რა აგიხსნათ, თქვენც ხომ იცით?

ქსელს ამზადებს იმისთანას,

ვერც ხერხი ჭრის და ვერც დანა...

ირგვლივ ისე შემოფინა,

ბუზიც ვეღარ შემოფრინდა!

 
 
 
ჭიანჭველა

ტვირთი მიაქვს ჭიანჭველას,

არ სჭირდება სხვისი შველა.

თუმცა არის ერთი ციდა,

ზურგზე თვითონ მოიკიდა.

გამრჯეა და მუყაითი –

არ აშინებს მძიმე ტვირთი.

მასზე არის ათჯერ დიდი –

აბა, კარგად დააკვირდი!

 
 
 
 
 
ბუ

დღისით წიგნებს კითხულობს,

არ შორდება ფუღუროს.

ღამით გარეთ დაფრინავს,

ვარსკვლავებს რომ უყუროს.

რჩევას ვინც ეკითხება,

არ ისტუმრებს უარით...

ყველაფერი სცოდნია,

მართლა ბრძენი ბუ არის!

 
 
პანამა

დაიხურა ანამა

დედის თეთრი პანამა.

ბებიკომ და მამიკომ

უთხრეს: - ჩვენო ანიკო,

ისე ძლიერ გიხდება,

ვინც კი გნახავს, მიხვდება

სჯობს, ატაროს პანამა

გოგომ შენისთანამა.

 
 
დინოზავრი

შორი გზიდან მოდის მგზავრი –

მოაბიჯებს დინოზავრი.

გრძელი კუდით, ოთხი ფეხით

არ ჩერდება, მუდამ დადის,

განა ერთი, განა ასი –

მილიონი წელიწადი.

ზოგი არის უწყინარი,

ზოგიერთი – აბეზარი:

დიპლოდოკი, ტერაპოდი,

ნოტოზავრი, სტეგოზავრი.

ზოგი დადის ხმელეთზე და

ზოგიერთი წყალში ცურავს.

საიმედო ჯავშანი აქვს

და თავს იცავს მამაცურად.

შორი გზიდან მოდის მგზავრი,

დიდი ხვლიკი – დინოზავრი.

 
 
სოკო

ნაწვიმარზე ამოვიდა,

თავზე ქუდი დაიკოსა,

წავუღებ და გავახარებ

ჩემს პატარა დაიკოსა.

 
 
სიმინდი

ქოჩორს გვერდზე გადაიყრის,

დღეს მოტეხვას გადაურჩა.

გულიანად იცინის და

ოცდაოთხი კბილი უჩანს.

 
 
 
 
ვირტები

სითბომ იძალა, შეხედე,

ხეებს დაასკდა კვირტები.

შენ გიღიმიან, შეამჩნევ,

თუ კარგად დააკვირდები.

 
 
 
 
პეპელა

- ვინ მოუქარგა პეპელას

ეს თეთრი კაბა, ნეტავ?

- ამას რად უნდა შეკითხვა,

რაღა თქმა უნდა, დედამ!

 
 
 
 
 
სოფოს წერილი ფუტკარს
 
ილუსტრაცია მაია მაჩალაძის
ფუტკრისათვის გასაგზავნად

წერილსა წერს სოფო:

- რაც თაფლი გამომიგზავნე,

აღარ ავადვმყოფობ!

ყოველ დილით შენი თაფლით

ჩაის მიტკბობს დედა.

ახლა გრიპი შემოტევას

ვეღარ გამიბედავს.

ბებიკოსთან, გასულ ზაფხულს,

მინდორში რომ გდიე,

გახსოვს, ხელზე რომ მიკბინე?

უკვე გაპატიე!
 
 
 
 
 
 
 
                                     
   ლუკას რუკა
 
მოუტანა მამამ ლუკას

საქართველოს დიდი რუკა.

უთხრა: რამდენიმე ფერით

აქ ხატია ყველაფერი.

დაიხსომებ, იოლია, –

თეთრადკავკასიონია,

ლურჯი ფერითშავი ზღვა და

ტბები, წყლები დაიხატა,

მწვანდ არის დაბლობები,

ყავისფერადდიდი მთები,

ეს წრეები, ეს ლაქები

სოფლები და ქალაქები.

გადასწია თავი უკან

და უცქერის რუკას ლუკა.

თვალი კარგად გააყოლა,

მერე მკლავი დაატოლა,

გააკეთა ბოლოს დასკვნა:

არ მჯეროდა, მაგრამ, რა ვქნა,

მართალია, აბა რაა
საქართველო პატარაა! 
 
 
 
 
 
 
 
ქარი და ღრუბელი
 
რა გატირებს, მითხარი,
პაწაწინა ღრუბელო
?
აცა-ბაცა დადიხარ
,
როგორც ცხენი უბელო
.
მინდოდა, რომ მენახა

ეს ქვეყანა მაღლიდან.
კიდეც ვითამაშებდი
,
განა რამე დამღლიდა
.

მაგრამ დედა დავკარგე,
ცაზე არსად არ მოჩანს
.
სადმე ხომ არ გინახავს
,
ასე რატომ ჩამომრჩა
?

განა დედა, შენ თვითონ

დაკარგულხარ, ღრუბელო.
დამაცადე, ახლავე

ძლიერად დავუბერო
.

გაგაქროლებ ლურჯ ცაზე
,
ერთად გავშლით იალქნებს
,
ქვეყანასაც ნახავ და

დედიკოსაც მიაგნებ!
 
 
 
 
 
ჰიდრო-მეტეო-როლოგი
 
ტელევიზორში მომესმა,
კი არ ვიძახი მოგონილს,
სიტყვა ჰგავს ენის გასატეხს:
ჰიდრო-მეტეო-როლოგი!
მამა ყველაფრის მცოდნეა,
ჰოდა, მას ვკითხე: მამიკო,
ჰიდრო-მეტეო-როლოგი
რას ნიშნავს, როგორ გავიგო?

მამამ თქვა: მაგის გარეშე
ცაზე ღრუბელი არ მიდის.
ეგ გვეუბნება, ხვალისთვის
როგორი გველის ამინდი...

მახსოვს, სოფელში რამდენჯერ
გავუშვით ჭია-მაია,
ვეკითხებოდით – ხვალისთვის
გვითხარ, როგორი დარია?

მჯეროდა, ჩემი მამიკო
გამიმართლებდა მოლოდინს...
ჭია-მაია ყოფილა
ჰიდ-რო-მე-ტე-ო-რო-ლო-გი!
 
 
 
 
 
 
 
ბეჰემოთი

ზოოპარკში ატყდა შფოთი –
დაიკარგა ბეჰემოთი.

ხომ არ არის ნემსის ტოლა,
წონა გახლავთ ორი ტონა!

გამოჰკითხეს ხან ის, ხან – ეს...
ნუთუ მძევლად აიყვანეს?

ჭორ-მართალი რა არ ითქვა...
რა მომხდარა, არ იკითხავთ?

მის მეზობლად, თურმე, აფთარს
წვეულება გაუმართავს.

იქ ყოფილა ბეჰემოთი,
ეს მსუნაგი, მართლა ლოთი.

ბევრი უსვამს ლიმონათი,
განა ერთი, კასრი ათი.

ისე სცლიდა, არც კი თვლიდა
და სახლში რომ წამოვიდა

მთვრალი იყო, განა შტერი –
აერია ვოლიერი!

არც დაფიქრდა, ნახა ბინა –
მაიმუნთან დაიძინა...

სირცხვილისგან მთელ დღეს ახლა
თავს აღარ ყოფს წყლიდან მაღლა.
 
© ვასილ გულეური  2010
 
 
 
 


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE