ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      ვაჟა ხორნაული
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
   სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 

სამნი ერთი ქოლგით

წვიმა ბაღებს აშრიალებს,

მზე ღრუბლებში ჩადის,

ქვაფენილზე დაცვენილა

ყვავილები ატმის...

და წვიმაში, ქოლგით ხელში

მშვიდად მიდის ბატი,

მიჰყავს თაგვი და კურდღელი,

მფარველია მათი...

ორღობეში ჩაიარეს

სამმა ერთი ქოლგით,

სარკმლებიდან უყურებენ

ნინო, გიგა, გოგი.

ახლა მათთვის ეს ამინდი

სულ არაა ცუდი,

წვიმს... მიდიან და სველდება

მხოლოდ თაგვის კუდი.

 

 

 
 
 
 
 
ბიჭები

თორნიკემ უთხრა ბათირას:

 -კოსმოსი საკვირველია,

წამოდი, ერთად გავფრინდეთ,

მთვარეს შევახოთ ხელია.

ზოგჯერ ეს ჩვენი ბათირა

ისეთი სიტყვის მთქმელია,

მოუსმენ, გაგიხარდება,

იტყვი:"პატარა ბრძენია."

ღიმილით უთხრა თორნიკეს:

-არა ვარ ქვეყნის მტერია,

ვისთან წავიდე კოსმოსში,

მთვარეზე რა დამრჩენია?

ვერ ხედავ? - ფშავ-ხევსურეთი

დაობლდა, ცარიელია!..

არაფერს ამბობს თორნიკე,

ვაჟია,მართლაც,ოქროსი,

ბინდისფერ კოშკებს გახედა,

სულ დაავიწყდა კოსმოსი.

 
 
 
 
ფისო ხვთისოს ჩანთაში   
მასწავლებელს ეცინება
და ხმაც უცინისო:
_
ჩანთა ასე გაბერილი

რატომა გაქვს, ხვთისო?

ხვთისოს თავი დაუხრია
,
იყურება ძირსო

და გაისმა კლასში ხმები
:
_
ფისო უზის,ფისო
!

აი,გახსნეს ხვთისოს ჩანთა

და იქ,წიგნის ძირსო,
იწვა თვალებმინაბული
,
პაწაწინა ფისო
.

რა ქნას ხვთისომხუჭუჭა თავს

უფრო დაბლა ხრისო,
მასწავლებლის ჩრდილს უყურებს
,
აქსუტუნებს ცხვირსო
.

მასწავლებელს ეცინება

და ხმაც უცინისო:
_
ცხოველების სიყვარული

კარგი არის,ხვთისო!
 
 
 
 
 
 
 
მხიარული დათვები
დათვი ლოდზე ჩამომჯდარა,
გარმონს უკრავს, მღერის
,
მღერის ტკბილად, მის სიმღერას

ისმენს მთა და ველი

და დათვის წინ, თაფლისფერი,
ცეკვავს დათვის ბელი
.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
წრიპიკო და წრუკა

ორღობეში ჩაიარეს,
ჭალა დარჩა უკან,
აღარ ახსოვთ არც კაკალი
და არც-ატმის კურკა.
ნეტავ საით იჩქარიან
წრიპიკო და წრუკა?

თურმე მტრედმა დაურეკა
თაგუნიებს დილით,
რომ წყალგაღმა,
სადაც ტყეა
მაღალი და ხშირი,
ფისუნია ავადაა,
მარტოა და ტირის.

აი,თურმე რატომ ჩქარობს
ორი თაგვი ასე…
და ნიავი მიაცილებთ
ყვავილოვან გზაზე.
ფისოსათვის საჩუქარი
მიაქვთ,მართლაც,
კარგი:
სულ ახალი,დიდი ფოტო
ფეხბურთელი თაგვის
.

 

 
 
 
 
 
 
ბატთან მეომარი
ზეზვა ხევსური ბიჭია,
უყვარს კოშკების მხარე,
წამოიზარდა, სკოლაში
ივლის ძალიან მალე...
დაუდეგარი ვინმეა,
მართლაც,მთიელის ჯიშის,
ხან კატას ჩაუსაფრდება
და გულს უხეთქავს შიშით,
ხან მამალს ეკინკლავება
დიდი ზვინების ჩრდილში.

მაგრამ როდესაც მახლობლად
ასისინდება ბატი,
არც მეტი და არც ნაკლები-
ზეზვა ეზოდან გადის.

ერთ მშვენიერ დღეს აიღო
პაპის ნაქონი ხმალი,
მერე ხევსურულ პერანგზე
გადაიკიდა ფარი,
ბატმა რომ დაუსისინა,
დაუბრიალა თვალი,
დაიწყო ბრძოლა ფიცხელი,
უმზერს ქათმების ჯარი.
ჯერ ბატმა ჩაუნისკარტა,
ზეზვას აეწვა მკლავი,
ბატს ხმალი შემოუქნია
და გაუკაწრა თავი.

გადაირია მამალი,
ჩადგა მოჩხუბართ შორის
და,როგორც იქნა,დამთავრდა
ბიჭის და ბატის ომი.

მერე ქათმების კრებაზე
ხელშეკრულება დადეს,
რომ ზეზვა დაუმეგობრდეს
ქათმებს,ბატებს და კატებს.
ან კატას,ან ბატს,ან ქათამს
მისი რაიმე მართებთ?!

შერიგდნენ...
ახლა ეზოში
ორი ძმობილი დადის:
მკლავშეხვეული ზეზვა და
თავშეხვეული ბატი.

 

 
 
 
 
 
გაზაფხული
კვლავ გალობენ ფრინველები,
გაფრენილა ზამთარი,
ამინდია მხიარული,
დღეა მზისგან გამთბარი
და გოჩამაც მდინარეში
აბანავა ბატკანი.
 
 

 

 

 

 

 
 
პაპა  და  შვილიშვილი

საბავშვო პოემა

 

თმათეთრი, ხალისიანი

თიბავს და თიბავს პაპა,

ტყეს აშრიალებს ნიავი,

ჰყვება ღრუბლების ამბავს.

იქვე ბიჭუნა რომ მოჩანს,

შვილიშვილია მისი,

პაპას ყველაფერს უჯერებს:

წყალს ეზიდება ცივ-ცივს,

სათიბთან საჩრდილობელი

ქოხიც წამოდგა მისთვის,

სკოლაშიც, სკოლის გარეთაც

სულ მისი ქება ისმის,

სახელად ჰქვია არმაზი,

გულს გაიმეტებს სხვისთვის.

 

უეცრად პაპა დაეცა,

ფეხი გაიჭრა ცელით,

არმაზი დანაღვლიანდა,

თვალზე მოადგა ცრემლი.

-          ნუ ტირი -

პაპა ამშვიდებს -

შენ ხარ იმედი ჩემი,

აგერ ტყის პირას აბია

ჩვენი ჭკვიანი ცხენი,

მოახტი, წადი სოფელში

(საქმე არაა ძნელი),

მეზობლებს შეატყობინე,

შემომაშველონ ხელი.

 

არმაზიც ასე მოიქცა,

ცხენით დაღმართზე მიჰქრის,

პაპას დროულად უშველოს -

ესაა მისი ფიქრი…

 

აგერ სოფელიც გამოჩნდა

ლურჯი მდინარის იქით.

 

პაპას ჭრილობა აწუხებს

(თანაც ძალიან ცხელა),

ზედ მრავალძარღვა დაადო,

შეუწყდა სისხლის დენა.

 

ჰა,მეზობლებიც მოვიდნენ

(ზოგი კი არა, ყველა!):

ბერდია, გაგა, გიორგი,

გოგოთური და გელა,

წინ მოუძღოდათ არმაზი

პატარა, ნერგისხელა.

 

წიფლის ტოტების საკაცით

წამოიყვანეს პაპა,

ჭრილობა მალე მოურჩა,

სულ ერთ კვირაში, აბა!

 

პაპას ღიღინი, ცელის ხმა

სათიბში ისევ ისმის,

იქვე არმაზი ფუსფუსებს,

გადამრჩენელი მისი,

ხან წყალი მოაქვს ხევიდან,

ხან ქოხს აკეთებს მისთვის,

ასე რომ უყვარს სუყველას,

არის ნამდვილად ღირსი,

ვაშლს და ჩურჩხელას კი არა,

გულს გაიმეტებს სხვისთვის.

© ვაჟა ხორნაული 2010

 

>>ლექსები

 
 
 

          


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE