»კარგი ამბავი
ჩემი თაობა მისი ლექსებით გაიზარდა... ის მათთვის ქმნიდა თავის ხალას შედევრებს, რომელთაც წითელი იდეოლოგიის ტყვეობაში უხდებოდათ პირველი ნაბიჯების გადადგმა... იქნებ, ამიტომაც გავუძელით ბევრ ცუდს? იქნებ, მისმა ლექსებმა შეგვმატეს ძალა?
კეთილი ემოცია შეუდარებელი საზრდოა ახალი სიცოცხლისთვის. გამორთეთ ტელევიზორები, როდესაც ისინი ცუდ ამბებს ჰყვებიან და წაუკითხეთ თქვენს პატარებს ყველაზე საბავშვო პოეტის, გივი ჭიჭინაძის, ლექსები.
ეს პატარა ამბავიც მისი ლექსების ემოციით დაიწერა.
ოთარიკო მუყაოს ყუთიდან ხვნეშით გადმოძვრა, მაგიდის კიდეს თავი მსუბუქად მიარტყა და ტელეფონს, რომელიც მონოტონურად და მოთმინებით რეკავდა, უპასუხა. ის დღეს მორიგეა, ამიტომაც, სადაც არ უნდა შეძვრეს, ან აძვრეს, მოვალეა, ტელეფონსაც უპასუხოს და სახლში მომსვლელ-მიმსვლელსაც ფართოდ გაუღოს კარი.
მამა იყო. იკითხა, როგორ ხართო, მაგრამ უმცროსმა ვაჟმა მამის ვალი შეახსენა _ დღეს რას მოგვიტანო, ჰკითხა. მამამ ისე გაიცინა, ოთარიკომ მისი თეთრი კბილებიც კი დაინახა და _ მამა დღეს კარგ ამბავს მოგიტანთო, უპასუხა.
პატარა ბიჭმა გაოცებისგან პირი გააფჩინა და წამით გაირინდა. რა არ მოუტანია სამსახურიდან დაბრუნებულ მამას შვილებისთვის, მაგრამ `კარგი ამბავი~ არასოდეს. გიორგიმ ოთარიკოს მდგომარეობით ისარგებლა და ძმას კარადის თავიდან დაახტა მხრებზე. ოთარიკოს ეწყინა და ეტკინა ერთდროულად, მაგრამ ტირილი ცხვირის წვერთან შეიკავა.
_ მამამ თქვა, მოვალ და რაღაცას მოგიტანთო... მაგრამ რას, არ გეტყვი! `დასაჯა~ ძმა.
_ მამა იკო? _ ენამოჩლექილმა ლიზიმ ხელში ატატებული, ლამის ოთარიკოს სიმაღლე, თეთრი დათუნია იატაკზე დასვა და ძმებთან მოირბინა. ლიზის მარიამი, თეონა, არჩილი და ანა მოყვნენ და ძმას რკალი შემოარტყეს, მაგრამ კარზე ზარი გაისმა და მორიგე ძმა მის გასაღებად მორჩილად გაატარეს. უცნობი დეიდა იყო, წითელი ფერის ხუთიანშემოხაზული ბუკლეტები მოუტანა და წავიდა... ლიზიმ ოთარიკოს თავისი ფუნთულა ხელი ჩაავლო, თავისკენ ფრთხილად მოქაჩა და თვალებში საწყალობლად ჩახედა.
_ კარგი, მხოლოდ შენ გეტყვი, მამამ კარგ ამბავს მოგიტანთო, მითხრა.
_ დედააააა, მამამ დარეკა კარგ ამბავს მოგიტანთოოოო! აყიჟინებული გაიქცა სამზარეულოსკენ ლიზი.
_ დებილო! ახლა მართლა გაბრაზდა ოთარიკო, იატაკზე დაჯდა და ტირილი დაიწყო. ჯერ ჩუმად გამოიტირა თავისი დამარცხება, მერე იფიქრა, სხვებმა თუ არ გაიგეს ტირილს ისე რა ფასი აქვსო და ხმამაღლა, მოთქმით ატირდა.
ანამ იცის როგორც უნდა გააჩუმოს ოთარიკო, ახლა მოვა, ფეხებთან ჩაუჯდება უმცროს ძმას და თეატრალურად მოწყენილი სახით დაიწყებს:
`_ ძლიერ წუხდნენ ზღარბები...~
თავად ამოიზლუქუნებს და გააგრძელებს;
`_ რატომ წუხდნენ?~
ანა მაშინვე გაუმხელს ზღარბების წუხილის მიზეზს;
`_ ვაშლი ჰქონდათ საკრეფი...~
მერე ისევ თვითონ იკითხავს;
`_ რა ქნეს მერე?
_ ჟირაფს წერილი მისწერეს...~
ოთარიკოს თვალები გაუფართოვდება, ვითომცდა არ იცის რა მისწერეს ზღარბებმა ჟირაფს.
` _ რა მისწერეს?~
უფროსი დაც არ დაამადლებს და მხიარულად უპასუხებს:
`_ აგრემც უფრო გაგეზრდება ეგ ლამაზი კისერიო,
აფრიკიდან ჩამოდი და გვიხსენიო.~
მერე, ერთად იცინებენ და ყველა დაივიწყებს, რომ ოთარიკო ნაწყენია და ნატკენი.
მხოლოდ ახლა ასე არ მოხდა. ატირებულ ბიჭთან არც ანა მივიდა და არც არავინ, სამაგიეროდ, ტირილი მობეზრდა და გადაწყვიტა ლიზისთვის სამაგიერო გადაეხადა.
მაგრამ, მამამ ხომ დაარიგა, ქალს არასდროს დაარტყაო? ოთარიკო ვაჟკაცია და ისე აატირებს დას, თითსაც არ დააკარებს. ლიზი რა ქალია, ერთი მსუქანა მეტიჩარაა, მაგრამ მაინც... ჰოდა, მივა მასთან, თავისკენ შემოაბრუნებს, თვალებში ჩახედავს რომ კარგად გააგონოს ნათქვამი და დაიწყებს:
`_ ვარსკვლავები ტირიან.
_ რა ატირებთ ვარსკვლავებს?
_ დანა გალესილია,
ხვალ თეთრ ბატკანს დაკლავენ. _
წყაროს, დარდით დაწრეტილს
სცვივა ცრემლის წვეთები:
_ ღამევ, ღამევ გაგრძელდი,
დიდხანს ნუ გათენდები!~
ასეც მოიქცა. ისე ჩააბულბულა ლექსი, დისთვის თვალი არ მოუშორებია, მაგრამ ვერ კი აატირა.
_ ღამე კი არასოდეს გრძელდება, დაკლავენ თეთრ ბატკანს და ღირსი იქნები! ხმამაღალი შეძახილით შეეცადა ნაღვლიანი ლექსის ემოციის გამყარებას ოთარიკო. რაკი მისმა ხერხმა არ გასჭრა, დას წვრილ კიკინაში სწვდა და მაგრად ჩამოქაჩა. ლიზი ახლა მართლა ატირდა, მაგრამ ბიჭს რატომღაც შეეცოდა და თავადაც მოუნდა ტირილი. არა, დღეს არ უმართლებს!
კარზე გამუდმებით ვიღაც რეკავს და ახალ-ახალ სარეკლამო ბუკლეტს უტოვებს ოთარიკოს. ლურჯს, მწვანეს, ციფრებითა და სურათებით აჭრელებულს. ანა და არჩილი თავის ოთახში მეცადინეობენ. ოთარიკომ იცის, რომ წინ არჩევნებია და ყველა მომსვლელს გულთბილად უნდა ჩამოართვას მორთმეული `ძღვენი~. დედამ ატირებული ლიზი სამზარეულოში გაიყვანა და ახლა, იმის მაგივრად, რომ დასჯილი იყოს გამყიდველობისთვის, დედასთან ერთად ცომს აბრტყელებს. `მკლავებს დაიკაპიწებს, გათავდა და მორჩა!~ გიორგი, მარიამი და თეონაც კი ჩუმად არიან. `ყველას მეგობარი ჰყავს, ჩემთვის არვის სცალია, ნეტავ რისი ბრალია, უჭკუო ვარ ძალიან?~
ჩუმად შეიჭყიტა ბავშვების საძინებელში. იქ, იმიტომ, რომ სხვა არაფერი ეტევა, მხოლოდ საწოლები დგას. ისინი თეონას თეთრ საწოლზე მოკალათებულან და შოკოლადს მიირთმევენ! ამათ არ იციან რომ `ერთი დიდი შოკოლადი ათ ტოლ ფილად განაწილდა~ ?! რომ `მეგობრობა შოკოლადზე უფრო ტკბილი რამ ყოფილა~? `_ ერთი _ კენტი! ორი _ ლუწი!~ შოკოლადით პირგამოტენილი მარიამი ოთარიკოს საყვარელ ლექსს ამბობს. ე.ი. თან იციან და თანაც _ არა? თუ ოთარიკოს დასცინიან? კარს ჩუმად ხურავს, ისე რომ და-ძმამ ვერ შეამჩნიოს და დის დაწყებულ ლექსს ფიქრებში აგრძელებს
`_ ერთი _ კენტი! ორი _ ლუწი!
_ თხილს ჭამს ციყვი კნაწაკნუწით.
_ გვერდით კიკნა ციყვი უზის:
_ მაჭამეო! _ თათებს უწვდის.
_ სამი _ კენტი! ოთხი _ლუწი!
კვლავ გრძელდება კნაწაკნუწი.
რამდენჯერაც _ კნაწ! გაისმის,
კიკნა ბრაზობს: _ ძუნწი! ძუნწი!~
ოთარიკო, `მეტისმეტი ჯავრისგან გულს ნუ გადაიქანცავ, შენს ქომაგად სულ მალე გამოჩნდება ვიღაცა.~ თავს ირწმუნებს ბიჭი. მამა კარგ ამბავს მოიტანს, ოთარიკო ძუნწის ლექსს ეტყვის, და ის ყველაფერს მიხვდება! მამას ხომ ყველა შვილზე მეტად ოთარიკო უყვარს!
მიტოვებულ მისაღებში ლიზის უზარმაზარი თეთრი დათუნია ზის. მოწყენილია ისიც. ტელევიზორს რთავს, მაგრამ იქ ამბობენ, რომ რუსებს ქართველები არ უყვართ. ოთარიკოს კი, ქვედა სართულზე რომ ზინა ცხოვრობს, სიგიჟემდე უყვარს. ვითომ უფროსები იტყუებიან? ოთარიკოს არ უყვარს `ნაზობა~, მაგრამ ახლა აქ არავინ არის. ამიტომ, შეუძლია `თოვლის გუნდას~ მიმსგავსებულ დათვს რაც უნდა ის ეტიტინოს. ბიჭმა არ იცის რატომ ნერვიულობენ მისი მშობლები, როდესაც საღამო ხანს საინფორმაციო გადაცემას უყურებენ, რატომ ეშინიათ ომის, რატომ აფრიალებენ ამ უცხო ადამიანების მორთმეულ ბუკლეტებს მთელ სახლში, მაგრამ ბევრი ისეთი რამ იცის, რაც მათ არ გაეგებათ. მაგალითად ის, რომ `ბანზე რომ თვლემს კატა ჭრელი, ბრჭყალები აქვს დასაჭრელი~, ისიც, რომ `მზესუმზირებს ხშირ-ხშირად, თავი მოასქვთ მზის შვილად~, `ცხრათვალა მზე რატომ არის მუდამ ასე ფრთაგაშლილი~, `დაბრაწულს და თეთრგულას, რა ახარებს ბეღურას~, კიდევ `უღრან ტყეში მუხის ტოტზე ვინ ხმაურობს~, `ლომი რად თვლემს დღე და ღამე~, ისიც იცის, რომ `მოწყენილია ღრუბელი ატირდება და იწვიმებს.~
_ ოთარიკოოო! დედა ვახშმად უხმობთ. `გული ძალზე კეთილია~ ოთარიკოს გული კი ყველა გულზე მეტად, ამიტომ არაფერს დაიჩივლებს დედასთან. `კუჭმა კუჭმაჭელამ~ და-ძმებს თავი შეახსენათ და ახლა, მაგიდას დასტრიალებენ. მას ჯერ არავინ ანდობს თეთრი, ვარდისფერყვავილებიანი თეფშების სამზარეულოდან გამოტანას, მაგრამ დანა-ჩანგალის მაგიდაზე დაწყობის უფლება კი, მოპოვებული აქვს. ეს ანას, დედას, არჩილს, ლიზის. მარიამს დანას არ აძლევენ, იმიტომ, რომ ყოველთვის ხელს იჭრის, თეონას კი ორი ჩანგალი სჭირდება, რადგან თავად ასე თქვა. `თეთრ სუფრაზე თეთრი სურა, თეთრ სურაში ნუშის ტოტი~. ჰო, ნუშის ტოტი არ აქვთ, მაგრამ სუფრა ძალიან ლამაზად არის გაწყობილი. მამისთვისაც დადეს თეფში. იქნებ ჩქარა მოვიდეს და კარგი ამბავიც მოიტანოს? საღამოხანს, როცა მისთვის თეფშს დებენ, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად ელიან, ვიდრე ოდესმე. გამოდის, რომ სულ ელიან?! ოთარიკომ ამ შემთხვევისთვისაც იცის რა თქვას: `აბა ჩქარა, მოგელით, გაშლილი გვაქვს მაგიდა, აირჩიეთ, მიირთვით, სულო, გულო, რა გინდა!~ მაგრამ ახლა ურჩევნია გაჩუმდეს, რადგან დედამ მარიამის თეთრ მაისურზე, ყელთან შოკოლადის ლაქა დაინახა და ბრაზობს... ესეც ერთ ძუნწს, სასჯელი!.
თეფშები აივსეს. დედას სულაც არა აქვს დაღლილი სახე, ამიტომ, გაშლილ სუფრასთან ლაპარაკი შეიძლება. `ახლა ბებომ, ალბათ, უკვე დააპურა კრუხ-წიწილა, დაქანცული სამფეხაზე ზის და კვნესის ბუხრისწინა~. დედას სიამოვნებისგან ეღიმება, მაგრამ არაფერს ამბობს. ბავშვები ახმაურდნენ, რადგან ყველა ცდილობს რამე თქვას.
ოთარიკო გაიტიკნა, მოითენთა და მიყუჩდა. ბავშვები სოფელზე ლაპარაკობენ და თვალები უციმციმებთ. რა უცნაურია, `ეს რა დაატყდა თავსაო, ყაყაჩოს მინდვრის ქალსაო, წითელი ქუდი ლამაზი წაურთმევია ქარსაო~? თუ მარიამმა თავისი წითელი ქუდი თავად მოიხადა? ეს რაღაა, წვიმას სახლში უნდა შემოსვლა? `სამი დღეა წვიმა ცეკვავს, დახტის წვიმა, მღერის წვიმა~ მაგრამ სახლში რაღა უნდა ამ აბეზარს? `თავმელოტი პინგვინი~ და `ჭრელა ჟირაფიც~ შემობრძანდნენ. ესენიც გუშინ ნახა წარმოსახვითი ტრამვაით რომ მგზავრობდა. ვაი, ჯუჯებიც ჩამოსულან თავიანთი ჯუჯა სოფლიდან. მობეზრდათ სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭში გაკეთებულ აუზში ცურვა და ოთარიკოს მოაკითხეს? მის აბაზანაში მთელი სოფელი ჩაეტევა, მობრძანდით, ოთარიკო დღეს მორიგეა და სიამოვნებით გაგიღებთ კარს!..
_ ოთარიკოს ისევ ჩაეძინა? კითხულობს მამა და შვილი ხელში აყვანილი გაჰყავს საძინებელში. ეს ყველაზე კარგი შეგრძნებაა, რაც კი თავის სიცოცხლეში გამოუცდია _ მამის მტკიცე ხელებზე ძილი. ე.ი. კარგი ამბავიც? შეფხიზლდა, მაგრამ თვალებს ახლა სიამოვნებისგან ნაბავს. იცის რასაც უპასუხებენ, მაგრამ ისე, სიამოვნების გასახანგრძლივებლად მაინც კითხულობს _ მამა, `უღრან ტყეში, მუხის ტოტზე, ვინ ხმაურობს ნეტავ, ვინ?~ პასუხი სადღაც შორიდან ესმის `ლექსებს ბეჭდავს რემინგტონზე ხეკაკუნა მბეჭდავი~... ძილი ნებისა, ოთარიკოოო!
პირველად დაიბეჭდა ჟურნალში „გზა“
© დეა ცუცქირიძე 2010
|