წერილი
-ძლიერ წუხდნენ ზღარბები...
-რატომ წუხდნენ?
-ვაშლი ჰქონდათ საკრეფი...
-რა ჰქნეს მერე?
-ჟირაფს წერილი მისწერეს...
-რა მისწერეს?
-აგრემც უფრო გაგეზრდება
ეგ ლამაზი კისერიო,
აფრიკიდან ჩამოდი და
გვიხსენიო.
დათუნია დრუნჩა
დათუნიას ერგო
ერთი ქილა ერბო.
მიდიოდა გზაზე,
ღიღინებდა ასე:
– დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
უცებ შეხვდა ვირთხა –
არ უცდია დიდხანს,
თქვა: – დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ერთი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:
– დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
წინ დაუხვდა ზღარბი,
მშიერი და ხარბი,
თქვა: – დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:
– დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
გადმოუდგა მელია,
გაუწვდინა ყელია,
თქვა: – დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:
– დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
ბოლოს შეხვდა კოდალა,
დათვს კი არა ჰქონდა რა!
ჩურჩხელა
-როგორ ვჭამო
ჩურჩხელა,
მაგარია ქვასავით...
-შენ მაგაზე
ნუ ღელავ,
მე შევჭამ და გასწავლი.
სექტემბერი რას მღერის
ცხრათვალა მზით ნაფერი,
ცხრა მთა გადმონაფრენი,
ლერწამ-ლელის ცხრა ღერით
სექტემბერი რას მღერის?
საგალობელს სწავლისას,
სადიდებელს შრომისას.
არ მოსცდეთო წამითაც,
მზისკენ გიხმობთ შორი გზა!
მაღალ მწვერვალებამდე
სულ ტკბილი ხმით რეკავდნენ
წიგნებს ნაზიარევი
ცოდნის ოქრო ზარები.
ბეჯითს, გამრჯე მეგობარს,
რომ შევუქებთ მარჯვენას,
ზარმაცს ისიც ეყოფა
სირცხვილად და სასჯელად.
ასე წკრიალ-წკრიალით,
ასე ტია-ტიათი
თავს დაგფრენდნენ ფრიალით
ფრთაშესხმული ფრიადი.
ცამ ღრუბელი გაშოროთ,
ეს დღე არ ღირს უთქვენოდ.
სიყვარული სამშობლოს
საქმით უნდა უჩვენოთ!
ქრის, ქრის, ქრის
ქრის, ქრის, ქრის
ქარი სექტემბრის.
ფარფატელა ჭადრის ფოთოლს
მიაქანებს ძირს.
ვის მოუხმობს, ვის
ზარი სექტემბრის?
ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ!
ყველა სწავლის გმირს.
ფრი, ფრი, ფრი,
ჩიტი ხეზე ზის,
გასაფრენად ემზადება
მომღერალი მზის.
ამ ჩიტივით ჩვენც
ძლიერ ვღელავთ დღეს.
ნაუ! ნაუ! ნაუ! ნაუ!
გული ლხენით ძგერს.
ქრის, ქრის, ქრის
ქარი სექტემბრის.
ტყეში
სადღაც დათვი დაბანდალებს,
დათვი თაფლით გამომთვრალი.
სადღაც ჩირგვში კურდღელი თვლემს,
სადღაც ბრწყინავს წყაროსთვალი.
სადღაც მზეზე ციყვუნია
კერკეტელა კაკალს ამტვრევს.
სადღაც სოკო ამომძვრალა,
თავზე ნეშო დაჰფარფატებს.
სადღაც ტყეში ტყისმცველი ზის,
დაქანცული წყალს სვამს პეშვით.
ტყე კი ისე დაბურულა,
არაფერი არ ჩანს ტყეში.
ღრუბელი
მოწყენილია ღრუბელი,
ატირდება და... იწვიმებს,
კრუხს აბა ქოლგა რად უნდა,
ფრთებქვეშ იფარავს წიწილებს.
თბილია დედის ბუმბული,
ვერას დააკლებთ სიცივე.
გზადაკარგული წიწილა
სადღაც ყანაში წივწივებს.
უცნაური კითხვა
ერთი ფიქრი დღე და ღამე
არ ასვენებს ამ ჩვენს ლევანს:
-შენ და მამას ნაადრევად
თმაში თეთრი რად გერევათ?
-უცნაური ბიჭი მყავხარ,-
მოღიმარი ამბობს დედა, -
შენ იზრდები, ჩემო კარგო,
ჩვენ ვბერდებით, როგორც ხედავ.
-არა, არა, აბა, გუშინ
რატომ მითხრა მამამ ასე:
-იმდენი თმა გვითეთრდება,
რამდენჯერაც გაგვაბრაზებ!
-მართალია, სწორი უთქვამს. . .
-თუ ასეა, ჩემო დედი,
ეტყობა, რომ ჩვენს ბებიკოს
შენ ძალიან აბრაზებდი.
ახალი ქოლგა
მზე პირს იბანდა,
მზია და გოგი
გარეთ გავიდნენ
ახალი ქოლგით.
სადრბაზოსთან
შეჩერდა მზია:
-ქოლგის გახსნა რომ
არ შემიძლია? . . .
ჰა, თუ ბიჭი ხარ,
გახსენი, აბა!-
და ქოლგა გოგის
გადასცა სწრაფად.
“თუ ბიჭი ხარო“, -
მანამდე დინჯი,
მყისვე აენთო
პატარა ბიჭი.
ეჭვით დახედა
დახურულ ქოლგას,
წინ თითქოს დიდი
გამოცდა ჰქონდა.
სახეზე ჩრდილმა
გადუარა:
“გავხსნი თუ არა?!“-
უეცრად ბიჭი
რაინდად იქცა:
ისე ლამაზად
და ისე მკვირცხლად
გახსნა ის ქოლგა,
რომ მზიამ უცებ,
“ყოჩაღო!“ - თქვა და
აკოცა შუბლზე. . .
მზე პირს იბანდა,
მზია და გოგი
მიცუნცულებდნენ
ახალი ქოლგით.
ლახტი
ლახტი, ლახტი, ლახტუნა,
ლახტს თამაშობს დათუნა.
დაიჯაბნა ციყვუნამ,
ახტუნა და ახტუნა.
აუწითლა ლოყები,
აუჭრელა გვერდები,
ძლივსღა დადის, წუწუნებს:
-ეხ, ციყუნავ, ვბერდები!
შენ კი, სულ არ ვიცოდი,
რა მარჯვე ხარ, რა მალი!
კარგი, გეყო თამაში,
დამიბრუნე ქამარი.
-რაო, რაო, რას ბრძანებ?
ხომ მოგიგე, ძამიკო!
ეს ქამარი ჩემია,
სახლში უნდა წავიღო!-
დათუნია ატირდა,
ცრემლი მოსდის ღვარღვარით:
-შინ როგორღა წავიდე,
ჩამვარდება შარვალი.
ზოოპარკი
ჩიტს რა უნდა გალიაში?
-ეჰ, ლურჯი ცა ვინ აღირსა!
-ეს თევზები რას დარდობენ?
-წყალს ნატრობენ მდინარისას!
-რატომ ბრაზობს თეთრი დათვი?
-ვოლიერში ვერა დგება!
-ლომი რად თვლემს დღე და ღამე?
-აფრიკის ტყე ელანდება.
გივი ჭიჭინაძე
|