|
ილუსტრაცია ხათუნა არჩვაძის
ტყის ნაპირას მიმავალმა
ვნახე ერთი ცელქი მელა,
მივესალმე, მომესალმა,
გადმომხედა წუწკმა ცერად,
მძიმე ხურჯინს მიათრევდა -
მიდიოდა ნელა-ნელა.
- მაგ ხურჯინში რა გიწყვია,
სად იყავი, ცელქო მელა?
- წისქვილს ვიყავ, სიმინდს ვფქვავდი,
ფქვილი მიმაქვს მოსაზელად,
რა ვქნა? დიდი ოჯახი მაქვს,
ჩემი სარჩენია ყველა.
შენ რა გინდა ამ ტყეებში? -
თითქოს მანაც გაიკვირვა,
მაგრამ ამ დროს მის ხურჯინში
მამალმა არ დაიყივლა?!
და გაიქცა ცელქი მელა,
დაიკარგა ტყეში წამსვე,
ხურჯინი კი მიატოვა -
ქათმებით აქვს თურმე სავსე.
ცოტა ხანში ნირწამხდარი
გაღმა სერზე დავინახე,
დავუქნიე მაშინ ხელი
და მუქარით მივაძახე:
- არ გინდოდა, წუწკო მელა,
ნაქურდალის გამოჩენა?
კარგი, კიდევ რომ შეგხვდები,
ვერვინ შეძლოს შენი შველა!
ქათმები კი დავამშვიდე -
წყალი ვასვი იქვე რუში,
წინ მამალი გავუძღვანე
და სოფლისკენ გამოვუშვი.
გვრიტი
- რას ამბობს გვრიტი ფრთამალი,
რა ამბავს მოგვახარებსა?
- გადმოვიქროლე ტრამალი,
დავბრუნდი მშობელ მხარესა.
აყვავებულა ბუნება,
მწვანე Mჩაუცვამს მთა-ველსა,
ნიავი მეჩურჩულება,
სხივი მიკოცნის თვალებსა.
მაღალი ღმერთის წყალობით
დავივლი ტყეს და ჭალებსა,
ლაღი ფრენით და გალობით
შევამკობ არემარესა.
მშვიდ ხეზე ბუდეს ავაგებ,
ბარტყებს დავჩეკავ ლაღებსა,
დავაფრენ, შემოვატარებ
მაღლა მთებს, დაბლა - ბაღებსა.
დათვების მარანში
რთველი აქვთ დათვებს ტყის პირას,
დაკრიფეს მაყვლის თალარი,
დარეცხეს დიდი ქვევრები,
დაასუფთავეს მარანი.
ზოგი შორიდან დაბრუნდა,
მოცვზე წასული ტყეშია,
დაცალეს დიდი გოდრები -
შვებით გასწორდნენ წელშია.
შემოდგნენ საწნახელზედა,
დასძახეს ჰარი-ჰარალი,
დოვლათითა და ხალისით
აივსო დათვის მარანი.
მაყვლის და მოცვის ნაჟური
მოდის საწნახლის ტუჩიდან,
ზოგი ფელამუშს ადუღებს,
ზოგს სავსე კოკა უჭირავს.
დარბიან ურჩი ბელები
კოვზებითა და ჯამითა,
დასკდომაზე აქვთ მუცლები
ცხელი თათარას ჭამითა.
გაივსო დიდი ქვევრები,
ახლა სტუმრებსაც ელიან,
საწნახლის ახლოს დასხდნენ და
ასეთ სიმღერას მღერიან:
`გვალაღებს ტყეთა ბარაქა,
ღვინო გვექნება ულევი,
ზამთარს სევხვდებით ამაყად,
დალხინებული გულებით.
ქეიფს გავმართავთ დათვები,
ვიტყვით იმ მთისას ამ მთისას,
ღვინოს დავლევთ და დავთვრებით,
ძილს მივეცემით ზამთრისას~...
ბაჭია და ია
ერთხელ პატარა ბაჭიამ
მიატოვა თავის ბინა,
გაიარა ტყის ბილიკი
და მდელოზე მიირბინა.
მოეწონა ყვავილები,
მთელი დილა იცანცარა,
დააბიჯა იას ფეხი
და კაბა არ დაუსვარა!
შეიშმუშნა ნაზი ია,
გადმოღვარა ცხარე ცრემლი,
სულ კაბაზე იყურება,
ვინ მიხედავს, ვინ უშველის?
ახმაურდნენ ყვავილები,
იძახიან წარამარა:
- წვიმავ, მოდი, მოდი ჩქარა,
იას კაბა დაესვარა!..
წამოვიდა წვიმა ციდან,
მოიარა მდელო უცებ,
ხეები და ყვავილები -
სუყველანი გაიწუწნენ.
წვიმის მოსვლა ძალიანაც
არ უნდოდა ყველას განა? -
ზოგმა წყალი დალია და
ზოგმაც პირი დაიბანა.
პეპელა კი დაიმალა -
აქეთ ეცა, იქით ეცა,
იამ პირი დაიბანა,
მერე კაბაც გაირეცხა...
და წვიმამაც გადაიღო,
მდელოს სხივი მოეფინა,
ფოთლებსა და ყვავილებზე
სულ წვეთები ააბრწყინა.
ილუსტრაცია თათია დარჩიაშვილის.
ბელები და თაფლი
წყაროს პირას მზიან ტყეში,
ვნახე უცხო სახილველი:
ხელადები ეპყრათ ხელში _
თაფლს იყოფდა სამი ბელი.
დიდი კასრი მოაგორეს,
ქარვისფერი თაფლით სავსე,
ხან ქოთნებში გადაწონეს,
ხან ქილებში გადაასხეს.
მაგრამ ბოლოს ყოველ მათგანს
ეცოტავა თავის წილი,
არ უსმინეს დედის ნათქვამს
და დასწამეს ერთურთს ცილი.
ამან იმას წაჰკრა ხელი,
იმან კიდევ ამის ქოთანს,
აურიეს ყველაფერი,
ყველა ჩხუბობს, ყველა შფოთავს.
დაუგორდათ კასრი ხევში,
ძლივს ახელდნენ მტვერში თვალებს,
ქოთნებსა და ხელადებში
საღამომდე იგორავეს.
დაეღვარათ თაფლი სულ მთლად,
მოიწმინდეს მერე ოფლი,
არც ქურქები შერჩათ სუფთა,
აღარც _ თაფლი გასაყოფი.
მომღერალი ჩხიკვი
ილუსტრაცია ხათუნა არჩვაძის
ცხრათვალა მზე ტყის ნაპირას
შემოდგომის მდელოს ხედავს,
ბაჭიები ჩირგვთან წვანან,
ჩიტუნები ხეზე სხედან,
მთის ნიავი ყვითელ ფოთლებს
ათრთოლებს და ათამაშებს,
_ მოდი, ერთად ვიმღეროთო, _
ეუბნება ჩხიკვი შაშვებს.
_ კი ბატონო, _ უთხრა შაშვმა,
შეეცვალა თუმცა ნირი,
სალამური მოიმარჯვა,
მოამზადა გუდა-სტვირი.
ხოლო ჩხიკვმა დასაკრავად
დაიჭირა წვრილი ჩხირი,
სულ ჩხავილით გააყრუა
მოშრიალე ტყის ნაპირი.
_ გაჩუმდიო, _ ჰკადრა შაშვმა,
ოდნავ გაჰკრა მხარზე მხარი, _
ჩხირზე დაკვრა გაგონილა?
კი არ მღერი, მხოლოდ ჩხავი!
ეგრე ჩვენთან ვერ იმღერებ,
სხვა ვინმე გყავს სანახავი,
სად შენა და სად გალობა?
დაგვანებე, ძმაო, თავი...
_ რა ვნახეთო! _ ჩიტუნებმა
ეს ამბავი ყველას ამცნეს,
მომღერალ ჩხიკვს დასცინიან:
_ ნახეთ, ნახეთ, როგორ გვარცხვენს!..
ჩურჩულებენ ხის ფოთლებიც
და სიცილით ძირს ცვიციან,
იცინიან ბაჭიებიც,
მზის სხივებიც იცინიან.
კოდალა ციყვებთან
ილუსტრაცია ხათუნა არჩვაძის
ათოვს წაბლს და ათოვს მუხას,
ტყე ფიფქებით დაბინდულა.
ციყვი თავის პატარებით
ფუღუროში შეყუჟულა.
შეფრენილა ხეზე ჩიტი
ხეკაკუნა, გრძელნისკარტა,
კოდალაა, ხომ იცანით?
უკაკუნებს, ხის კანს ფანტავს.
ამ ხმაურზე გამოვიდა,
ტყეს მოავლო ციყვმა თვალი.
_ ხეკაკუნავ, გამარჯობა,
დაანებე ამ ხეს თავი,
მერე სხვა დროს მოიძიე
ეგ მატლები და ჭიები,
ნუ ხმაურობ, ეს-ესაა,
დავაძინე პაწიები.
მოდი, ჩვენთან შემობრძანდი,
არ ჩაგივლის ეგ დრო ფუჭად,
გაგათბობ და სადილადაც
რკოს მოგართმევ თხელნაჭუჭას...
ზის კოდალა ფუღუროში,
რკოს არჩევს და ციყვებს ართობს,
გარეთ თეთრი ზამთარია,
მდუმარე ტყეს მშვიდად ათოვს.
© გივი ჩიღვინაძე 2010
|