» ბავშვი ქურდობს?
ნემსის და აქლემის ქურდი, ორივე ქურდიაო.
რას ამბობენ, როცა საქმე ბავშვის ქურდობას ეხება?
როცა მშობლები აღმოაჩენენ, რომ მათი საყვარელი შვილი, რომელსაც თითქოს არაფერი აკლია, ჩუმჩუმად დედიკოს ჩანთიდან ფულს იპარავს, ჩვეულებრივ პანიკაში ვარდებიან, ან იბნევიან. ზოგს ისტერიკა ემართება, სიცოცხლე აღარ უნდა და ეჩხუბება ბავშვს, ზოგი ამჯობინებს არ შეიმჩნიოს, თითქოს არაფერი მომხდარა, იმიტომ რომ არ იცის როგორ მოიქცეს. ხშირ შემთხვევაში, ბავშვის ქურდობას უფროსები გულდასმით მალავენ, როგორც ალკოჰოლიზმს და სხვა „სამარცხვინო“ ოჯახურ საიდუმლოს.
ამ თემით იმიტომ დავინტერესდი, რომ ამასწინათ ჩემმა მეგობარმა მიამბო თავისი პრობლემის შესახებ. მისი 7 წლის გოგონა შემჩნეული ჰყავს წვრილმან ქურდობაში. მაგალითად, როცა სტუმრად არის მეგობართან, ხშირად დაუკითხავად, დედისგან უჩუმრად ჯიბეში იდებს სათამაშოს, ან რაიმე ნივთს, რომელიც ძალიან მოსწონს. სახლში კი ჩვეულებრივად გამოაჩენს და თამაშობს. როცა ჩემმა მეგობარმა პირველად ეს შეამჩნია, ძალიან შეწუხდა. უმორჩილესად თხოვა შვილს უკან დაებრუნებინა მოპარული ნივთი. ბავშვმა ბოდიში მოიხადა და დედას პირობა მისცა, რომ ეს აღარ განმეორდებოდა. თუმცა რადენიმე დღეში ანალოგიური რამ მოხდა. ბებოც ჩაერთო პატარას დასახმარებლად და ურჩია ხელზე ჯვარი გაეკეთებინა, რომ როგორც კი რაიმე ნივთის აღებას დაპირებდა დაუკითხავად, ჯვარისთვის დაეხედა და ის შეახსენებდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. სკოლაში რამდენიმე საათი ეს ახსოვდა, მაგრამ მერე მაინც დაავიწყდა და სახლში ისევ „ნადავლით“ დაბრუნდა. მეორე დღეს მეგობართან სტუმრობაც სათამაშოს მოპარვით დასრულდა. ჩემი მეგობარი სიგიჟის ზღვარზე იყო, დაბნეული და სასოწარკვეთილი. სასწრაფოდ ოჯახის ფსიქოლოგს მიმართა დასახმარებლად, რომელმაც ურჩია – ბავშვს სთხოვე, ბოდიში მოუხადოს დაზარალებულსო. ისიც ადგა და დაურეკა მეგობრის დედას შვილის თანდასწრებით, პატარას სთხოვა დალაპარაკებოდა დეიდას და ბოდიში მოეხადა. ბავშვი ისე ანერვიულდა, კანკალებდა, ოღონდ ახლა ეგ არ მათქმევინო და მეორედ ასეთ რამეს აღარ ჩავიდენო. დედამ მაინც მიიყვანა ტელეფონთან. ბავშვს სხვა გზა არ ქონდა, მორიდებით, ნახევრად მტირალმა ბოდიში მოიხადა ქურდობისთვის. დარწმუნებული ვარ ამ პატარას კარგად დაამახსოვრდება ეს გაკვეთილი.
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ერთადერთი სწორი რეაქცია ქურდობაზე არ არსეობს: ეს დამოკიდებულია იმ მიზეზებზე, რატომ იპარავს ბავშვი.
ბავშვების ქურდობის სამი ძირითადი მიზეზი არსებობს: პირველი – ესაა ბავშვის იმპულსურობა. მან შეიძლება მოიპაროს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ძალიან იოლია, ცდუნებისგან თავის შეკავება კი ძალიან ძნელი. მეორე მიზეზი – მშობლებთან რთული ურთიერთობაა. ზოგ პატარას ჰგონია, რომ დედ–მამა მას ნაკლებ ყურადღებას უთმობს. როდესაც ის ითვისებს მათ ნივთებს ან იღებს ფულს, ეს არის სიმბოლური აქტი მშობლებთან გაერთიანების, რომლებიც მას ნელ–ნელა შორდებიან. მესამე მიზეზი – თვითდამკვიდრების სურვილია. ზოგი ბავშვი ქურდობას იწყებს არასრულფასოვნების შეგრძნების გამო, რომ დაარწმუნოს საკუთარი თავი და გარშემომყოფები თავის სიმარჯვესა და გამბედაობაში.
„არ შეიძლება, მაგრამ ძალიან უნდა!“ – ქურდობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი – ეს არის ბავშვის იმპულსუობა.
ყველა პატარას უჭირს საკუთარი სურვილების კონტროლი. თუკი 5 წლის ბავშვს უნდა აიღოს ნამცხვარი, რომელიც მაგიდაზე დევს, ერთადერთი რამაც შეიძლება შეაჩეროს, – დასჯის შიშია. თუკი ის დარწმუნებულია, რომ ამას ვერავინ შეამჩნევს, უსარგებლო იქნება მოვთხოვოთ „შეგნება“. შეიძლება იცოდეს რომ არ შეიძლება სხვისი ნივთის აღება, მაგრამ მაინც არათვითნებურად აიღოს ის, რაც მოეწონება.
თვითნებური ქცევა, რომელიც ექვემდებარება სოციალურ ნორმებს, ჩვეულებრივ 6-7 წლის ასაკში ყალიბდება. მაგრამ ზოგიერთ ბავშვს ამასთან დაკავშირებით სირთულეები ექმნება. ჩვეულებრივ ეს ბავშვები უფრო აქტიური და აღგზნებულები არიან, მათ უჭირთ როგორც საკუთარი სურვილების მოთოკვა, ისე წყნარად ჯდომა გაკვეთილზე და მასწავლებლის ყურადღებით მოსმენა. იმპულსურობის მიზეზი შეიძლება იყოს სერიოზული ფსიქიკური გადახრები (მაგ. ოლიგოფრენია) და ტემპერამენტის თავისებურებები (მაღალი აქტიურობა), დროებითი ნერვული რეაქციები რაიმე ფსიქიკურ ტრავმებზე (მშობლების დაშორება, სკოლაში წასვლა თუ სხვაგან გამგზავრება). იმპულსური ქურდობა („თავი ვერ შეიკავა“, „ ძალიან მოუნდა“) ზოგჯერ კლეპტომანიაში ეშლებათ. ეს არის ფსიქიკური დაავადება, რომელიც, უბრალო ქურდობისგან განსხვავებით, ძალიან იშვიათად გვხვდება.
ამერიკელების სტატისტიკის მიხედვით, ზრდასრულ ქურდებს შორის 5% –ია კლეპტომანი, თანაც ნახევარზე მეტი სიმულანტობს. ბავშვებში კი კლეპტომანიის ერთეული შემთხვევებია. აუცილებელია იმპულსური ბავშვების მკაცრი კონტროლი და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება. ბავშვი, თუნდაც იმპულსური, არსდროს ჩაიდენს ისეთ საქციელს, რომელზეც დაუყოვნებლივ მოუწევს პასუხისგება. ამიტომ არ შეიძლება თავის ისე მოჩვენება, თითქოს არაფერი მომხდარა, არც მასშტაბური კატასტროფის შექმნა ღირს... თუ ბავშვმა დაუკითხავად აიღო თანატოლის ან უცხო ოჯახის კუთვნილი რაიმე ნივთი, თავისთავად ქურდობის გარემოების გარკვევის პროცესი (დაზარალებულების და მათი მშობლების მონაწილეობით) , ბოდიშის მოხდა და მოპარული ნივთის დაბრუნება საკმაოდ მტკივნეულია. უსიამოვნო მოგონება, რომელიც დარჩება ბავშვს ასეთი გარჩევისგან, დაეხმარება მას შემდგომში ცდუნების თავიდან ასაცილებლად.
ქურდობის მიზეზი ხშირად ხდება ბავშვის მცდელობა აღადგინოს მშობლებთან დაკარგული კავშირი. როდესაც მშობლები მთლიანად საკუთარი პრობლემებით არიან დაკავებულები, ბავშვი თავს გრძნობს მიტოვებულად და მარტოსულად. მას ეჩვენება, რომ მშობლები უფრო ნაკლებ დროს უთმობენ, ვიდრე სხვა ბავშვებს, რომ ის არ უყვართ, ან უსამართლოდ ექცევიან. და მაშინ მას შეუძლია დედის ჩანთიდან აიღოს ფული ან რაიმე საგანი, მაგრამ ყოველთვის ისე, რომ ნაქურდალი ადვილად გამჟღავნდება. თვითონ ფული არაფერში აინტერესებს. ის არაცნობიერად მიისწრაფის მშობლების ყურადღება მიიპყრობისკენ, თუნდაც ეს იყოს ბრაზი, სულ არ შემჩნევას ეს სჯობს...
იმ ბავშვებს, რომლებიც ქურდობის მეშვეობით მშობლების ყურადღებას იქცევენ, ხმაურიანი სკანდალები და მკაცრი დასჯა მხოლოდ არწმუნებს მათ მიერ არჩეული სტრატეგიის სისწორეში. ასეთ შემთხვევაში ფსიქოლოგები გვირჩევენ ქურდობის ფაქტის იგნორირებას, ან მივიღოთ ეს როგორც ჩვეულებრივი მოვლენა.
ზოგჯერ სასარგებლოა სკანდალის ნაცვლად შევაქოთ ბავშვი რაიმე წარმატების გამო და საჩუქარი გავუკეთოთ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდა. ჩვენს დიდსულოვნებაზე პასუხად ბავშვმა რომც არ აღიაროს ქურდობა, მას მაინც დიდხანს ემახსოვრება სირცხვილის და უხერხულობსი გრძნობა.
ზოგჯერ კი მშობლები არაცნობიერად თავად უბიძგებენ ბავშვებს ქურდობისკენ თავიანთი წესებით. ბევრ მშობელს სურს რომ შვილი ძლიერი პიროვნება გამოვიდეს. თუმცა ბავშვს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი წარმოდგენა განსაკუთრებულობაზე და მშობლების ოცნების განსახორციელებლად აირჩიოს საკუთარი გზა. მაგალითად, გადაწყვეტს, რომ ის ძალიან ჭკვიანია იმისთვის რომ წესებს დაემორჩილოს. ზოგჯერ ბავშვი ქურდობას იწყებს „კლასობრივი“ წარმოდგენების გამო, შურს უფრო შეძლებული ამხანაგების და ცდილობს „შური იძიოს“ მდიდრებზე. ასეთი რამ შესაძლებელია, თუკი მსგავსი „კლასობრივი ზიზღი“ ოჯახშიც კულტივირებულია. როგორც წესი, ძალიან მალე მშობლები კონტროლს კარგავენ ნორჩ „სუპერმენზე“. ბავშვი რწმუნდება საკუთარ დაუსჯელობაში და სჯერა, რომ კანონები მისთვის არ არსებობს. მაგრამ ადრე თუ გვიან ის აუცილებლად მოხვდება სამართალდამცავი ორგანოების ხედვის არეში.
ალბათ, ყველაზე მარტივი პროფილაქტიკა ბავშვების ქურდობის იმაში მდგომარეობს, რომ მისი პროვოცირება არ მოვახდინოთ. მაგ. ნუ დავდებთ ფულს სახლში უადგილოდ, შევინახოთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას. იქნებ, ასეთი ადგილის მოძებნა ადვილი არ იყოს, სამაგიეროდ, ბევრ შემთხვევაში ასეთი ზომების მიღება ამართლებს. ფულის გარდა ნივთებთანაც იქმნება ხოლმე პრობლემები.
ძალიან ხშირად, შეძლებულ ოჯახებშიც ბავშვებს არ აქვთ პირადი ნივთები – ანუ, არ აქვთ საშუალება ნივთების თავისუფლად განკარგვის, მათი გაჩუქების, გაფუჭების თუ განადგურების. და ამიტომ, პასუხსაც არ აგებენ მათზე. ასეთ სიტუაციაში ბავშვი ვერ აცნობიერებს განსხვავებას „ჩემსა“ და“ ჩვენს“ შორის. მან შეიძლება სახლიდან აიღოს ნივთები და არ აღიქვას მათი გაყიდვა ან გაჩუქება ქურდობად.
მნიშვნელოვანია მკაფიოდ გავმიჯნოთ საზღვრები ბავშვის საკუთარ და საერთო ნივთებს შორის, რით სარგებლობის უფლება აქვს, მაგრამ განკარგვის არა. ბევრ მშობელს აშინებს აზრი, რომ ბავშვს გარკვეული ნივთები უნდა გადასცეს „განუყოფელ“ საკუთრებაში. მათ ეჩვენებათ, რომ ასეთი სახით ისინი დაკარგავენ შვილზე კონტროლის საშუალებას. მაგალითად, თუ ცუდად ისწავლის, ველოსიპედს ვეღარ ჩამოართმევს. მაგრამ სწორედ საკუთრების ფლობის არარსებობა ახდენს ქურდობის პროვოცირებას.
ქურდობის პროფილაქტიკის ეფექტური ხერხია ბავშვისთვის ჯიბის ფულის მიცემა. ბავშვები საკუთარ ფულს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. როგორც წესი, 7 წლის პატარებიც კი გონივრულად ხარჯავენ ფულს, რომელსაც მშობლები რეგულარულად აძლევენ, 9 წლიდან კი შეგროვებას იწყებენ რაიმეს საყიდლად, რაც მეტყველებს იმპულსურობის დაძლევაზე. ამიტომ იმ მნიშვნელოვანი თანხებიდან, რომელსაც ბავშვისთვის ვხარჯავთ, ნამდვილად ღირს ცოტა ხელზეც მივცეთ. ეს საშუალებას მოგვცემს დავზოგოთ ფული და საკუთარი ნერვები.
შვილთან გულახდილი საუბარი საუკეთესო პროფილაქტიკაა შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად. ვეცადოთ ხშირად ვიმსჯელოთ როგორც ბავშვის, ისე საკუთარ პრობლემებზე. განსაკუთრებით კარგი იქნება თუ საკუთარ განცდებს გავუზიარებთ, ვუამბობთ როგორი გრძნობები გაგვჩენია მსგავს სიტუაციაში. ბავშვი აუცილებლად იგრძნობს ჩვენს მეგობრულ ცოცხალ თანამონაწილეობას.
კარგი იქნება მის აქტიურობას „მშვიდობიანი“ მიმართულებით თუ წარვმართავთ; გავარკვიოთ რა აინტერესებს ჩვენს შვილს (სპორტი, ხელოვნება, რაიმე კოლექციის შეგროვება, წიგნები, ფოტოგრაფია და ა.შ.). რაც უფრო დროულად ვიზამთ ამას, უკეთესია. ადამიანი, რომლის ცხოვრებაც სავსეა მისთვის საინტერესო საქმიანობით, თავს ბედნიერად და საჭიროდ თვლის. მას არ დასჭირდება ხელოვნურად ყურადღების მიზიდვა და აუცილებლად ეყოლება თუნდაც ერთი მეგობარი.
ბავშვს უნდა ვასწავლოთ თანაგრძნობა, ირგვლივ მყოფი ადამიანების გრძნობებზე დაფიქრება. ვასწავლოთ წესი: „მოიქეცი ისე, როგორც თავად გსურს მოგექცნენ“– და ავუხსნათ ამ წესის აზრი საკუთარი ცხოვრების მაგალითებით.
ბავშვისთვის აუცილებელია ქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა რაიმეს ან ვინმეს მიმართ ოჯახში – უმცროსი ძმის, სახლში რომ სულ ახალი პური იყოს, ყვავილების მორწყვა არ დაავიწყდეს და 7–8 წლიდან აუცილებლად საკუთარი ჩანთის, მაგიდის, ოთახის მოვლა და დალაგება და ა.შ. თანდათან უნდა გადავაბაროთ საქმეები, გავუნაწილოთ პასუხისმგებლობა.
ყველაზე მეტად შემაშფოთებელია ქურდობის შემთხვევები, რომელიც სახლის გარეთ ხდება ან არაერთხელ მეორდება. ყველა ასაკობრივ კატეგორიას შორის ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია მოზარდობის პერიოდი. როცა ბავშვი ხშირად ქურდობს, ეს ცუდ ჩვევად იქცევა. თუ ის ოჯახის გარეთ ქურდობს – ეს უკვე საკუთარი ცდუნების სურვილებზე აყოლაა. თუ მოზრდილი ბავშვი ქურდობს –ხასიათის ნიშანია.
ბავშვების პრობლემები უფროსებს ხშირად სასაცილოდ გვეჩვენება და ყურადღების ღირსად არ მიგვაჩნია. მაგრამ პატარა ასე არ ფიქრობს. მას ძალიან ბევრი სიტუაცია შეიძლება გამოსავლის გარეშე მოეჩვენოს. გვახსოვდეს ეს და უფრო ხშირად მოვიგონოთ საკუთარი ბავშვობა და იმდროინდელი პრობლემები, დავფიქრდეთ მის ადგილას როგორ მოვიქცეოდით. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ყოველთვის ჩვენი ყურადღების, გაგების, თანაგრძნობის და დახმარების იმედი შეიძლება ჰქონდეს.
ავტორი: ნატა კიკნაძე
2010, ივლისი
|