» დავაკვირდეთ ბავშვის ნახატს
ჩემს შვილს ძალიან უყვარს ხატვა. ყველაზე ხშირად ხატავს ბორბლებს, თან მარცხენა ხელით და დიდი ოსტატობით. მერე ხაზით შეართებს და ხელის ერთი მოსმით მანქანას ხატავს. რამდენიმე თვეა რაც ადამიანის სასაცილო ფიგურების ხატვა დაიწყო. პირველი „ჯგუფური პორტრეტი“ რომ შექმნა, ოჯახის წევრებმა ბევრი ვიცინეთ. სურათზე დედა, მამა, მამიდა და თვითონ ერთმანეთის გვერდიგვერდ დახატა. სიმაღლე და გაბარიტებიც მეტნაკლებად დაიცვა. ცოტა ხანს უყურა, მერე კი ხელის სწრაფი მოძრაობით რაღაც ხვეულები დაუმატა ფიგურებს. ვერ მივხვდი რა ქნა. მან კი მშვიდად ამიხსნა, რომ დედიკოს, მამიკოს, ეკას და ლაშას ხელები ჩაკიდებული აქვთო. გამეხარდა... რადგან ფსიქოლოგები როგორც აღნიშნავენ, როდესაც პატარას ნახატზე ოჯახის წევრები ერთ ხაზზე დგანან, ხელიხელჩაკიდებულები, მაშასადამე, ყველაფერი რიგზეა!
სპეციალისტების აზრით, ბავშვის ემოციური მდგომარეობა შეგვიძლია ნახატისა და ფერადოვანი გამის მიხედვით განვსაზღვროთ. როცა ნახატს ვუყურებთ, ხშირ შემთხვევაში, არ არის რთული წარმოვიდგინოთ რა ხდება ბავშვის სულში. პატარას ერთჯერადი „არასწორი“ ნახატი კი, უფროსების აზრით, ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს.
თუ ბავშვი თავს გრძნობს ზედმეტად და მარტოსულად, ან დაბალი თვითშეფასება აქვს, მაშინ საკუთარ ნახატზე თავის თავს არ გამოსახავს. ხატვის დროს ბავშვები ძირითადად იყენებენ 5–6 ფერს. როგორც ამბობენ, უფრო ფართო პალიტრა გულისხმობს შთამბეჭდავ, ემოციებითა და გრძნობებისთ სავსე ნატურას.
ნახატში მკვეთრი ფერები მეტყველებს სიცოცხლის სიყვარულზე, ბავშვის გახსნილ ურთიერთობაზე გარემომცველ სამყაროსთან.
ყავისფერი შეძლება აღნიშნავდეს ფიზიკურ დისკომფორტს, ხშირად – უარყოფით ემოციებს; შავი – დათრგუნულობას, პროტესტს; ნაცრისფერი – გულგრილობას, თავისთავში ჩაკეტვის სურვილს, არადამაჯერებლობას.
ვეცადოთ, დავაკვირდეთ ჩვენი პატარას ნახატებს. ანალიზის დროს კი ყურადღება მივაქციოთ სიუჟეტს, ფერადოვან გამას, ასევე ოჯახის წევრების დაჯგუფებას და განლაგებას – ერთმანეთთან სიახლოვისა და დაშორების ხარისხსს, თუ რა ადგილი უჭირავს ბავშვს მათ შორის, იმასაც, ვისი დახატვა დაავიწყდა, ვინ დაამატა, ვინ უფრო მაღალია, ვინ – დაბალი, რა აცვია, და ა.შ. ეს ნამდვილად დაგვეხმარება ჩვენი შვილის უკეთესად გაგებაში.
წარმატებებს გისურვებთ!
ავტორი: ირენ მახარაძე
2010 ივნისი
|