» რაზეა დამოკიდებული ბავშვის ჯანმრთელი ძილი
ჩვენს პატარას ტკბილად რომ ეძინოს, რას იტყვით, მისი საძინებელი როგორც წესი და რიგია ისე რომ მოვაწყოთ?
ძილი ხომ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პატარებს გაცილებით დიდხანს სძინავთ, ვიდრე უფროსებს. ძილის დროს ისვენებს არა მარტო სხეული, არამედ გონებაც. გრძნობის ორგანოები კი (მხედველობა, სმენა, ყნოსვა) ნაწილობრივ ითიშება. ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვის საძინებელი ოთახი სწორად იყოს ორგანიზებული. თუ ბავშვს ხმაურში დაძინება უწევს, (ტელევიზორის თუ უფროსების ლაპარაკის ფონზე), ის ნაწილობრივ მაინც აღიქვამს იმას, რაც ირგვლივ ხდება. მაშასადამე, ნაკლებად ისვენებს. თუ პატარას ანთებულ შუქში სძინავს, მისი მხედველობა იძაბება. ხოლო თუ უხეშ თეთრეულში უწევს წოლა, მისი ტაქტილური სისტემა ვერ ისვენებს.
ბავშვის ნორმალური ძილის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ სწორად შევარჩიოთ საწოლი, მატრასი, ბალიში, თეთრეული, ღამის ტანსაცმელი. იმისათვის, რომ პატარას ძილის დროს არაფერი აწუხებდეს და კარგად დაისვენოს, სწორად დავგეგმოთ საღამო, ან სულაც მთელი დღე.
საწოლი ბავშვის პირველი პირადი სივრცეა. თუ პატარას მოსწონს საძინებელი ადგილი, მაშინ მისი ძილიც ღრმა და ჯანმრთელია.
დღეს ქართული წარმოების საწოლები არაფრით ჩამოუვარდება უცხოურ ნაწარმს, რომელიც გაცილებით ძვირი ღირს. ადგილობრივი პროდუქცია ხშირ შემთხვევაში ხარისხით არანაკლებია, ფასებიც ხელმისაწვდომი - 150 ლარიდან - 400 ლარამდე.
ბავშვის საწოლები არსებობს სხვადასხვანაირი: ტრანსფორმერი საწოლები, რომლებიც იზრდება ჩვენი პატარას სიმაღლესთან ერთად (160სმ).
ბევრ მშობელს, განსაკუთრებით ვინც პატარა ბინაში ცხოვრობს, უჩნდება კითხვა: რა მოხდა, ბავშვმა გასაშლელ ტახტზე რომ დაიძინოს, რადგან საწოლი რომ ვიყიდოთ, სად უნდა დავდგათ? რა თქმა უნდა, გასაშლელი ტახტი შეიძლება გამოვიყენოთ სკოლის ასკისთვის, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ის აუცილებლად უნდა პასუხობდეს გარკვეულ მოთხოვნებს.
საწოლის და ტახტის ზედაპირი უნდა იყოს სწორი. გვხვდება ტახტები სხვადასხვა დეკორატიული ელემენტებით, ღილებით და ა.შ. ასეთ ზედაპირზე ძილი არა მარტო მოუხერხებელია, არამედ საშიშიცაა: შეიძლება ორთოპედიული პრობლემებიც გამოიწვიოს.
ბავშვის საწოლი არ უნდა იყოს ძალიან დიდი. 140/220 სმ აშკარად ზედმეტია სკოლის მოსწავლისთვის. ამ დროს აჯობებს ბალიშებით ან მუთაქებით შემოვსაზღვროთ საძილე სივრცე.
საწოლის ყიდვისას ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ დეტალებს:
ის ნატურალური მასალისგან (ხე) უნდა იყოს დამზადებული.
დღეს მაღაზიებში უამრავი ლოგინი იყიდება ე.წ. ლამინატის და როგორც წესი ძალიან ლამაზადაც გამოიყურება. თუმცა ლამინატს ვერ უწოდებ ეკოლოგიურად სუფთა მასალას, რადგან ის შეიძლება შეიცავდეს მავნე ნივთიერებას formaldehyde. მისი ნაკლი კიდევ ისაა, რომ მტვერს „ისრუტავს“ და სხვადასხვა ბაქტერიების ბუდეც ხდება.
საწოლის კონსტრუქცია უსაფრთხო უნდა იყოს - ყველა დეტალი ზუსტად ერგებოდეს ერთმანეთს, ბასრი ნაწილების გარეშე და მინიმალური დეკორატიული ელემენტებით.
აუცილებელია საწოლს ქონდეს სასთუმალი, რომელიც ბალიშს დააფიქსირებს. ასეთ საწოლში ბავშვი უფრო თავდაჯერებულად გრძნობს თავს.
ასევე, საძინებელი ადგილი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის სიმაღლეს. სკოლამდელებისთვის ოპტიმალურია 70/140 სმ ზომის ლოგინი. თუკი ორსართულიანი საწოლის შეძენას ვაპირებთ, გავითვალისწინოთ, რომ ზედა იარუსს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაღალი ბარიერი.
საწოლის შეძენა ერთი საქმეა, მერე საჭიროა მისი სწორად დადგმა .
საუკეთესოა ლოგინი დავდგათ კედლის გასწვრივ, მაგრამ არა კარის პირდაპირ. ამბობენ, რომ თუკი მძინარე ადამიანი ღია კარიდან მოსჩანს, მისი ძილი მშვიდი არ იქნებაოJ სხვა გზა თუ არ გვაქვს, მაშინ ბავშვი ისე დავაწვინოთ, რომ თავი შორს ჰქონდეს კარისგან. გარდა ამისა, არ ღირს საწოლის დადგმა კედლის თაროების ქვეშ, იმიტომ რომ ეს ქმნის საფრთხის შეგრძნებას და ძილსაც შფოთიანს ხდის.
ბავშვის საწოლის ყიდვისთანავე, ისევ ახალი არჩევანის წინაშე გვიწევს დადგომა: როგორი მატრასი შევიძინოთ?
დღეს მატრასების ასორტიმენტი იმდენად დიდია, რომ შეიძლება დაიბნე კიდეც – სხვადასხვაგვარი შიგთავსით და გაფორმებით. არსებობს ზამბარიანი და უზამბარო მატრასები.
რა მასალისგან ამზადებენ ხშირ შემთხვევაში მატრასებს?
კოირა: ქოქოსის ბოჭკოა, რომელსაც იღებენ ქოქოსის პალმის კაკლისგან. შიგთავსის ამ სახეობას მთელი რიგი უპირატესობა აქვს: არ ნესტიანდება, ინარჩუნებს სიმკვრივეს მრავალი წლის მანძილზე, არის ეკოლოგიური მასალა, ჰიგიენურია და არ იწვევს ალერგიას.
ლატექსი: ნატურალური მასალაა, წარმოადგენს კაუჩუკის ხის წვენის შედედებულ ექსტრაქტს. აქვს ძალიან კარგი დინამიური და სტატიკური მახასიათებლები, მდგრადია გარემოს ზემოქმედების მიმართ, ახასიათებს მაღალი თერმოსტაბილურობა, ეკოლოგიურია. თითქმის არ ჩამოუვარდება მას თვისებებით ხელოვნური ლატექსიც.
პენოპოლიურეთანი (პოროლონი) - აქტიურად ისრუტავს ნესტს და დიდხანს ინარჩუნებს. უარესიც: ის თანდათანობით ირღვევა და ტოქსიკურ ნივთიერებებსაც გამოჰყოფს. არ პასუხობს ჰიპერალერგიულობისა და ეკოლოგიურობის მოთხობნებს.
თანამედროვე ხელოვნური შიგთავსები, მაგალითად, კომფორელი: წვრილი, ქიმიურად ინერტული ბოჭკო, რომელსაც მიეცა მკვრივი ბურთულების სტრუქტურა. ის კარგად იკავებს სითბოს ცივ ამინდში და ხელს არ უშლის თერმორეგულაციას და ჰაერის ცირკულაციას, არასოდეს კარგავს ფორმას, ადვილად ირეცხება სარეცხ მანქანშიც.
მოკლედ, ყველა მასალა, პოროლონის გარდა, კარგია. მაგრამ მატრასებში კიდევ არის საფენებიც, ერთ ან რამდენიმე ფენად, იმისთვის, რომ მყარი იყოს. აკეთებენ სპანდბონის, ვოილოკის, ვატინის, ფლიზელინისა და სინტეპონისგან.
თანამედროვე ზამბარიანი მატრასები მოწყობილია „სენდვიჩის“ პრინციპით. ზამბარიანი ბლოკები გარემოცულია სხვა მასალით. ზოგი მოდელი - ჩვეულებრივი ზამბარებით, ზოგი - დამოუკიდებელი ზამბარიანი ბლოკებით. ეს უკანასკნელი უფრო ძვირია. თანაც მათი ხიბლი შეიძლება მხოლოდ უფროსებმა ვიგრძნოთ, ბავშვისთვის ასეთი მოწყობილობა პრინციპული ნამდვილად არაა.
ერთი სიტყვით, მატრასის შეძენისას ყურადღება მივაქციოთ რა მასლისგან არის დამზადებული, ეკოლოგიურად სუფთაა თუ არა და როგორი გამძლეობით ხასიათდება. მაგალითად, პოროლონი ძირითადი შიგთავსის სახით არ პასუხობს არც ხარისხს, არც ეკოლოგიურ მოთხოვნებს.
დიდ მაღაზიებში არის საშუალება რომ მოვსინჯოთ მატრასი პრაქტიკაშიც.
შეგვიძლია ბავშვი დავაწვინოთ გვერდზე, თუ მისი ხერხემალი სწორ ხაზზე დარჩება, მაშინ ეს მატრასი გამოგვადგება. ზამბარიანი ბლოკის სიმაღლე კი არ უნდა აღემატებოდეს 13,5 – 14 სმ.
რა თქმა უნდა, რაც უფრო ხარისხიანია მატრასი, მით უფრო ძვირი ღირს. გამყიდველმა შეიძლება გვიმტკიცოს, რომ ორთოპედიულ მატრასს ყიდის. თუმცა ეს სარეკლამო ხერხი შეიძლება იყოს. მთელს მსოფლიოში ლაპარაკობენ ორთოპედიულ ეფექტზე, რომელიც ამა თუ იმ საქონელს შეიძლება ქონდეს მაღალი ან დაბალი, ან საერთოდ არ ქონდეს. ამიტომ აჯობებს ასეთი ნივთები შევიძინოთ მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში.
საწოლისა და მატრასის ყიდვის შემდეგ დგება დრო შესაფერისი ბალიშის, საბნისა და თეთრეულის შეძენის.
გვახსოვდეს, რომ 1,5-2 წლამდე ბავშვებს ბალიში საერთოდ არ სჭირდებათ და მხოლოდ შემდეგ დადგება ყიდვის დრო. აქაც არჩევანი არც ისე ადვილი გასაკეთებელია.
მასალა ბალიშებისა და საბნებისთვის არსებობს ნატურალური და ხელოვნური. ნატურალურია: ბუმბული, ბუნტყლი, კაპო (მცენარეული ბოჭკო, რომელსაც დღეს იშვიათად იყენებენ), წიწიბურას ჩენჩო და მატყლი.
ბუმბულისა და ბუნტყლის ბალიშები და საბნები ძალიან რბილია და როგორც წესი მოსწონთ ბავშვებსაც და მშობლებსაც. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ხშირია მათ მიმართ ალერგია. თუ ოჯახის რომელიმე წევრი აღმოჩნდება ალერგიული ბუმბულისადმი, აუცილებელია ყველამ გამოიცვალოს ბალიშები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არცერთ ჩვენგანს ალერგია არ აქვს, გავითვალისწინოთ, რომ ბუმბული და ბუნტყლი - მტვრის არაჩვეულებრივი „ბუდეა“. შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგია და ასთმის განვითარებაც კი.
წიწიბურას ჩენჩო უფრო მაგარი მასალაა, ხასიათდება მასაჟის თვისებებით. კარგია ალერგიული ბავშვებისთვის, რადგან პრაქტიკულად ჰიპერალერგიულია. ოღონდ, მხოლოდ ბალიშებისთვის გამოიყენება. ძილის დროს ასეთი ბალიში შრაშუნობს და მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ ეს ქმნის დამატებით დამამშვიდებელ ეფექტს. შესაძლოა ზოგს ეს მოსწონს, იქნებ ზღვის ტალღების ხმასაც მოაგონებს, მაგრამ სხვები შეიძლება ვერ შეეგუონ ამას.
მატყლი ეკოლოგიურ მასალად ითვლება. მატყლის საბანი მსუბუქია, მაგრამ ძალიან თბილი. მაგრამ ბალიშები მატყლის შიგთავსით მაგარია და არც ისე მოსახერხებელი, იმიტომ რომ საერთოდ არ იტკეპნება თავის დადებისგან. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ზოგ ადამიანს მატყლზეც აქვს ალერგია. ალბათ, აჯობებს ექიმს ვკითხოთ რჩევა.
სინთეტიკური შიგთავსი - სინტიპონი, ფლიზელინი, პოროლონი, ჰოლოფაიბერი.
ფლიზელინისა და პარალონის ბალიშები ადვილად ნესტიანდება, კარგავს ფორმას და არაეკოლოგიურია.
სინტიპონის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ არის ძალიან მსუბუქი, ახასიათებს კარგი თბოიზოლაცია, ანტიალერგიულია, რადგან მტვერს არ ისრუტავს, ადვილად ირეცხება და მისგან დამზადებული საბნები და ბალიშები ადვილად არ კარგავს ფორმას.
ჰოლოფაიბერის ბალიშები თავის ფორმას იღებს, ე.ი. კისრის კუნთების დატვირთვას ხსნის. ბალიშები შეკუმშვის მერე კი აღადგენს თავის პირველად ფორმას, არ სრიალდება. ჰოლოფაიბერის ბალიშები და საბნები უფრო მსუბუქია, ვიდრე ბუმბულისგან დამზადებული ნაკეთობები.
დღეს მწარმოებლებმა შეიმუშავეს ასევე ახალი მასალები საბნებისა და ბალიშებისთვის: ლიოცელი, კომფორელი, კომფორელ ალერბანი, ჰოლოფილი.
ამ და სხვა თანამედროვე მასალებისგან დამზადებული ნაკეთობები უფრო ძვირია, მაგრამ საუკეთესოა ალერგიული ბავშვებისთვის და მშობლებისთვის.
რაც შეეხება ორთოპედიულ ბალიშებს მათი შეძენა შესაძლებელია თბილისის მაღაზიებში. არსებობს სხვადასხვა სახის და გამოირჩევიან იმით, რომ აქვთ მცირე ჩაღრმავება თავის დასადებად – განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ პატარებისთვის, ვისაც გვერდზე წოლა უყვარს.
არსებობს ორთოპედიული ბალიშები ჩვილებისთვის. დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელსაც ახასიათებს ბუმბულის თვისებები, მაგრამ ალერგიას არ იწვევს. საკითხი, რამდენად მიზანშეწონილია 1,5-2 წლამდე ბავშვებში ბალიშის გამოყენება – სადაოა. ამიტომ, აჯობებს ჩვენს ორთოპედს დავეკითხოთ, სანამ ამ სიახლეს შევიძენთ.
ჩვენს პატარას კომფორტული ძილისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი აქვს, თუმცა ახლა არჩევანი თეთრეულსა და საღამურზე უნდა გავაკეთოთ. შოპინგის წინ მშობლებმა რამდენიმე დეტალს მივაქციოთ ყურადღება: რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივია, თუ პატარას თეთრეული ნატურალური მასალისგანაა შეკერილი, ხელის შეხებითაც ადვილად მივხვდებით ბამბაა თუ არა – ქსოვილი რბილი უნდა იყოს, სასიამოვნო. გარეცხვის შემდეგ ნებისმიერი ქსოვილი რბილდება, მაგრამ შემხვედრია ისეთი თეთრეულიც, რამდენჯერმე გარეცხვაც რომ არ შველის, უხეში რჩება. ასეთ თეთრეულში ძილი არასასიამოვნოა: ბავშვი წრიალებს და უკმაყოფილო იღვიძებს.
კარგია, თუკი გარეცხვის შემდეგ თეთრეული არ ხუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საღებავები არამდგრადია. ღამით ბავშვებიც და მშობლებიც ოფლიანდებიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საღებავი პირდაპირ კანზე ზემოქმედებს, რამაც შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
სასურველია ბავშვის თეთრეული მშვიდი დეკორით იყოს გაფორმებული, არააგრესიული სიუჟეტით. თანაც, საბავშვო თემატიკის არც ისე დიდი ზომის ნახატებით (დათუნიები, პეპლები, მანქანები). ბევრ ბავშვს ძალიან მოსწონს ადამიანი–ობობას ისტორიები, თუმცა არ ღირს მათი ან მსგავსი ხასიათის გამოსახულებებიანი თეთრეულის ყიდვა. დამეთანხმებით, ალბათ –აგრესია და დასვენება შეუთავსებელია.
ახლა კი ორიოდე სიტყვა ვთქვათ უახლესი და ძვირფასი ჯანსაღი მასალების შესახებ:
ჰოლოფაიბერი ეს არის 100% სინთეტიკური ბოჭკო, სილიკონით გაჟღენთილი. აქვს კარგი თერმოიზოლაციისა და ჰიგიენური თვისებები, კარგად ირეცხება. ბალიშებისა და საბნების რეცხვა სახლის პირობებშიც შეიძლება. რეცხვის შემდეგ ინარჩუნებს ყველა თვისებას. არ იღებს უცხო სუნს, არ იწვევს ალერგიას, არც მტვერი და არც ჩრჩილი არ უჩნდება.
ლიოცელი – ნატურალური ბოჭკოა, რბილი და ფაფუკი. მას იღებენ ევკალიპტის ხის ცელულოზისგან. ეს მასალა ჰიპოალერგიულია, თანაც ბუნებრივ მიკროკლიმატს ქმნის.
კომფორელი – სინთეტიკური ბოჭკოა, რომელიც გამოიყენება ბალიშების და მატრასების შიგთავსად. ბოჭკო 5-10 სმ ბურთულებადაა დახვეული ყოველგვარი შემაერთებელი კომპონენტების გარეშე. ბოჭკოები ძალზე კომფორტულია, ადვილად იბრუნებს თავდაპირველ ფორმას, კარგად „სუნთქავს“ და ირეცხება უპრობლემოდ.
კომფორელ–ალერბანი კომფორელის ბოჭკოს ანალოგია, მხოლოდ სპეციალური ანტიბაქტერიული დამუშავებით, რომლის წყალობითაც, ამ შიგთავსიან ნაკეთობებში არ ჩნდება ბაქტერიები. ეს თვისება რეცხვის შემდეგაც უნარჩუნდება. ძალიან კარგია ალერგიული ბავშვებისთვის.
ჰოლოფილი მთლიანი სრიალა ბოჭკოა. მას იყენებენ საბნებისთვის. ძალიან კარგად იკავებს სითბოს, „სუნთქავს“, ადვილად ირეცხება და სწრაფადაც შრება.
ავტორი: ნატა კიკნაძე 2009
|