» რატომ ჩხუბობენ ბავშვები?
პატარები დიდი მესაკუთრეები არიან და ამის დამტკიცება ყოველდღე შეუძლიათ - დილიდან საღამომდე. ზოგჯერ კი მუშტების დახმარებითაც. ძალინ მაინტერესებს რასთან არის დაკავშირებული პატარა მესაკუთრეების ასეთი საქციელი? ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვი სათამაშოს აღიქვამს როგორც საკუთარი თავის ნაწილს. ამიტომ, როცა ის სხვის ხელში ხვდება, თურმე ეშინია რომ არ გაუტეხონ, ან გაუფუჭონ. ის ჯერ კიდევ ცუდად აცნობიერებს გარშემომყოფი მეგობრების ქცევებს, სურვილებსა და განწყობას. მას ხომ არ ესმის, რატომ უნდა სანდროს მაინცდამაინც ამ მანქანით თამაში, ხომ შეიძლება ცოტა ხნით დაუთმოს და მერე ისევ დაუბრუნოს. სკოლამდელი ბავშვი, როგორც წესი, კომპრომისზე არ მიდის. ის ცხოვრობს „აქ და ახლა“ პრინციპის მიხედვით. კარგი ურთიერთობების შენარჩუნება - ეს მას “არ ეხება”. თუმცა ბავშვებს ხომ წყენა დიდხანს არ გაჰყვებათ ხოლმე. ხვალ ისევ საუკეთესო მეგობრები იქნებიან, თითქოს კონფლიქტი არც მომხდარა. სამი-ოთხი წლის პატარას პოტენციურად უკვე შეუძლია გაიგოს სხვების განწყობა და სურვილები. ჰოდა, დავეხმაროთ, დაველაპარაკოთ ნორჩ მესაკუთრეს იმ ბავშვებზე, ვისთან ერთადაც ის თამაშობს და სეირნობს. მოდით, ვკითხოთ: „ნინის რა თამაში უყვარს?“, „ნიკამ დღეს რა გააკეთა?“ - ამით ვაჩვენებთ, რომ მის ირგვლივ სხვა პატარებიც არიან, თავიანთი განწყობითა და ხასიათით: „- ხედავ, ლევანიკომ მოიწყინა, ალბათ არავისთან სურს ლაპარაკი.“ ჩვენს პატარას ვასწავლოთ მეგობრებთან სათამაშოების გაცვლაც. თუკი მას სხვისი სათამაშო მოეწონა, ხომ შეუძლია ცოტა ხნით ითხოვოს, სამაგიეროდ კი თავისი მისცეს. ეს განსაკუთრებით მაშინ დასჭირდება, როცა ბაღში წავა.
აი, ჩვენ უკვე საბავშვო ბაღში წასასვლელად ვემზადებით. ვცდილობ ჩემს ვაჟს ავუხსნა სხვა ბავშვებთან მოქცევის წეები. ის ჯერ სამი წლისაა და ძალიან უჭირს თავის კუთვნილ ნივთებთან, განსაკუთრებით, სათამაშოებთან განშორება. როგორც წესი, ეზოში თამაშის დროს დიდ ტირილსა და ჩხუბს ატეხავს ხოლმე, თუკი ვინმე მის სათამაშოს აიღებს. მანქანის და ველოსიპედის დათმობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ის თვლის, რომ არის ყველაზე, ყველაზე საუკეთესო. რა თქმა უნდა, როცა რეალობას ეჯახება, საწინააღმდეგოში რწმუნდება, თურმე, ის არ ყოფილა ერთადერთი და განუმეორებელი, სხვა ბავშვებიც ხომ მასავით ყურადღების ცენტრში ექცევიან. თუმცა ჯერჯერობით მისი ურთიერთობების წრე ძირითადად შემოიფარგლება ოჯახის წევრებით, უფროსები კი ძალიანაც არ ვცდილობთ მისი ოცნებების დამსხვრევას. ვფიქრობ, ყოვლიშემძლეობის ილუზია და საკუთარ უნიკალურობაში თავდაჯერება - ესაა სწორედ ბავშვების ჩხუბის მიზეზი.
პატარები თავიანთ გამოთქმებში ხშირად ხმარობენ სიტყვას „მე“. იმიტომ რომ თავს თვლიან სამყაროს ცენტრად. ეს არც ცუდია და არც კარგი, უბრალოდ, მოცემულობაა. გარკვეულ ასაკამდე თამაშის დროს პარტნიორს არ აღიქვამენ როგორც პიროვნებას, თავისი გრძნობებით და ინტერესებით, არამედ როგორც მოთამაშეს, ვისთან ერთადაც შეიძლება მხიარულად რაღაცეების კეთება. მაგრამ როგორც კი მეგობარი ითხოვს თავის წილ ყურადღებას და მისი ღირსებების აღიარებას, ჩნდება ინტერესთა კონფლიქტი. ბავშვს უბრალოდ ძალა არ შესწევს აღიაროს ის ფაქტი, რომ სხვა თანატოლმა შეიძლება მას რაიმეში აჯობოს. სამაგიეროდ ნაკლს დიდი სიამოვნებით ამჩნევს. თანაც აფასებს არა თავად პიროვნულ თვისებებს, არამედ ქცევას თამაშის დროს. სათამაშო არ მისცა? - „ძუნწია“, შემთხვევით თუ ხელი კრა - „სულელი“, თუ ცელქობს „ყაჩაღი“.
საინტერესოა რატომ ვერ ამჩნევენ ბავშვები სხვის ღირსებებს და მხოლოდ უარყოფით ნიშნებს უსვამენ ხაზს? პატარები სხვების ქცევის მხოლოდ გარეგნულ სურათს, მხოლოდ შედეგს აღიქვამენ. ისინი კი ხედავენ, რომ ვიღაც ხელს კრავს, ყვირის, ხელს უშლის, მაგრამ ის რომ თანატოლი პიროვნებაა, თავისი შინაგანი სამყაროთი, ინტერესებით, სურვილებით, მათთვის ჯერ კიდევ რთული გასაგებია.
სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ პატარებს ჯერ არ შეუძლიათ სხვისი ქცევის მოტივების გააზრება. ისინი ყურადღებას აქცევენ მხოლოდ გარეგნულ მოქმედებას. თუკი ბავშვს ვკითხავთ რატომ იქცევა ასე (რატომ გაბრაზდა, რა ატირებს, რა არ მოეწონა და ა.შ.), ხშირ შემთხვევაში თავად ვერ შეძლებს ამის ახსნას. მაგრამ საკუთარი თავის თუ არ გვესმის, სხვისი გაგება ძნელია! ამის გაცნობიერება კი თანდათან უნდა მოხდეს.
იმისათვის, რომ პატარამ ისწავლოს ფიქრი, კარგი იქნება მასთან ერთად წავიკითხოთ საბავშვო წიგნები, ვუყუროთ მულტფილმებს და თან განვიხილოთ სიუჟეტი, ერთად ვიმსჯელოთ გმირების მოქმედებების მოტივებზე. როცა მას ვესაუბრებით სხვა ადამიანების ეჭვებზე, ფიქრებსა და ქმედებებზე, ამით ვუხსნით, რომ ყოველი მოქმედების მიღმა დგას გადაწყვეტილება ან განწყობა, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი შინაგანი სამყარო, რომ ადამიანების ცალკეული ქმედებები ერთმანეთთან კავშირშია. ძალიან სასარგებლოა პატარას დავუსვათ ისეთი შეკითხვები, რაც მის ჩანაფიქრსა და ქცევას ეხება: „რისთვის გინდა ეს სათამაშო?“ პასუხიც რომ ვერ გაგვცეს, მისთვის უბრალოდ სასარგებლოა დაფიქრდეს ამაზე, დაუკავშიროს თავისი მოქმედება გარშემომყოფთ, შეეცადოს მაინც ახსნას თავისი საქციელი.
და როცა ბავშვი გაიგებს რას გრძნობს მისი მეგობარი - უჭირს, ხალისობს თუ წუხს, მაშინ ის ნამდვილად შეძლებს გაიგოს, რომ მისი თანატოლი მისნაირია, მასაც სტკივა, სწყინს, მასაც სურს რომ სხვას უყვარდეს და მოუფრთხილდნენ.
როგორც კი ბავშვი გააცნობიერებს თავს როგორც პიროვნებას, იწყებს საკუთარი უფლებებისა და აზრების დაცვას. ხშირად ჩხუბი ბავშვებს შორის თითქოს არაფრის გამო ხდება.
ამსწინათ ჩემი შვილის და მისი ამხანაგის მორიგ კამათის სცენას შევესწარი: კოტე გაიძახოდა „მანქანა ამბობს: „პიპ, პიიპ“, „ არა, ვუუ-ვუუ -ასე “ - ცრემლიანი თვალებით ამტკიცებდა სანდრო. მოკლედ, თითოეული საკუთარ სიმართლეს იცავდა, მაგრამ რადგან არგუმენტები არასაკმარისი ქონდათ, ამიტომ ძალიან იოლად მუშტების ქნევაზე გადავიდნენ. მათ ჯერ არ ესმით, რომ ყოველმა მანქანამ სხვადასხვანაირი ხმა შეიძლება გამოსცეს, ამიტომაც ბრაზობდნენ.
მშობლებს არ უნდა შეგვეშინდეს ასეთი ჩხუბის. მთავარია ავუხსნათ პატარებს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკება შესაძლებელია და შევეცადოთ გამოვიყენოთ ყველა ხელსაყრელი შემთხვევა, რომ ვაჩვენოთ კომპრომისზე წასვლის უპირატესობა. უცნაურია, მაგრამ ზოგჯერ ჩხუბმა ბავშვს შეიძლება გარკვეული დივიდენტებიც მოუტანოს. როგორც წესი, ასეთ კინკლაობაში ნამდვილი მტრობა არ არის. საქმე სხვა რამეშია. მოჩხუბრები ცდილობენ არა ურთიერთობის გარკვევას, არამედ უფროსების ყურადღების მიპყრობას.
ჩემი მეგობარი წუხს, რომ სახლში მარტო ვერ ტოვებს თავის ორ ვაჟს. როცა სახლიდან მივდივარ, ჩხუბს იწყებენ, ჩემი თანდასწრებით კი კარგად იქცევიანო. ამიტომ თვალს ვერ ვაცილებო. ბიჭების ქცევა რაზე მიგვანიშნებს? იმაზე, რომ თვითონ არ შეუძლიათ საკამათო სიტუაციების მშვიდობიანად მოგვარება, რომ ისინი კარგად არიან დედიკოსთან ერთად, არ უნდათ ის რომ სახლიდან წავიდეს. ამიტომაც დედა გამოდის როგორც შემაკავებელი ფაქტორი, რომ დააკმაყოფილოს ბავშვების მოთხოვნილება მასთან ურთიერთობის.
ჩვენ უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად გამოვნახოთ დრო ბავშვებთან ურთიერთობისთვის. თუკი მათ მშობლების ყურადღება არ მოაკლდებათ, ნაკლები საბაბი ექნებათ ჩხუბისთვის, როცა მარტონი იქნებიან. და-ძმა ერთმანეთში ჩხუბობს უფრო ხშირად იმისთვის, რომ მშობლების ყურადღება მიიპყრონ. აქ კი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ „გარჩევის“ პროცესში ერთ მხარეს არ მივემხროთ. არც მტყუან-მართალის გამოაშკარავება ღირს.
კარგი იქნება ჩავაბათ ბავშვები ჩვენთან ერთად საქმიანობაში - გამოვაცხოთ ნამცხვარი, ან ოთახი მივალაგოთ. საინტერესო საქმით გატაცებულ ბავშვებს, საყვარელ ადამიანებთან ეთად, დრო არ დარჩებათ ჩხუბისთვის. თან მიხვდებიან, რომ თავს კარგად გრძნობენ არა მარტო დედიკოსთან და მამიკოსთა ნ ერთად, არამედ თანატოლებთან ერთადაც.
ხანდახან ვერ ვიგებთ რა ემართებათ ჩვენს პატარებს. თითქოს ჩხუბის საბაბი არ აქვთ, მაგრამ მაინც უხასიათოდ არიან, გაღიზიანებული და ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევას იყენებენ იმისთვის, რომ ერთმანეთს რაიმე ცუდი უთხრან ან დაარტყან. ხშირად ამის მიზეზი ოჯახურ ატმოსფეროშია. თუ დედა ხშირად დადის აცრემლებული, მამიკო კი კარს აჯახუნებს, ბავშვი კარგავს დაცულობის შეგრძნებას. როცა ოჯახში სიტუაცია იძაბება, გაღიზიანებაც საყოველთაო ხდება. ბავშვს არ ესმის რატომ იქცევა ასე ორი მისთვის ახლობელი ადამიანი. საკუთარ გრძნობებში ვერ ერკვევა. თუმცა დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს თავისი უკმაყოფილებით. როგროც შედეგი - ჩნდება კონფლიქტები.
ნებისმიერი ასაკის ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა ოჯახური ატმოსფეროსადმი. რაც უფრო პატარაა, ნაკლებად ერკვევა ადამიანების ურთიერთობებში და მით უფრო დამნაშავედ თვლის თავს იმის გამო, რაც ხდება. ფიქრობს კიდეც, „თუკი დედიკო და მამიკო ჩემს გამო ჩხუბობენ, გამოდის რომ ცუდი ვარ“. ამას შედეგად მოსდევს ის, რომ უჭირს ურთიერთობების დამყარება და თვითშეფასებაც დაბალი აქვს.
ბავშვები არ უნდა გახდნენ მშობლების სცენების მოწმე. თუმცა სრულ უმეცრებაშიც არ უნდა ვამყოფოთ. არ შეიძლება პატარას ჩაბმა კონფლიქტში, ან მისი მიმხრობა. რა ასაკისაც არ უნდა იყოს ბავშვი, ის ვერ გაიგებს უფროსების უკმაყოფილების ნამდვილ მიზეზს. მომხდარის შესახებ საუბარი კი ბავშვთან აუცილებებლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად უჩნდება კითხვები.
თუ ბავშვი შეშინებულია „მოწინააღმდეგის“ აგრესიულობით, შევეცადოთ ორივე დავამშვიდოთ: მოვეფეროთ და დაველაპარაკოთ. არ ვკითხოთ პირველმა ვინ დაიწყო, არამედ შევეცადოთ გავარკვიოთ ვის რა სურს და ვურჩიოთ შერიგების გზა. თუ ბავშვები ჩხუბს აგრძელებენ, მაშინ სხვადასხვა ოთახში გავიყვანოთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ კონფლიქტის „ომის“ გზით გადაჭრის. ჩხუბის დროს ორივე ბავში თავს ცუდად გრძნობს და მხარდაჭერა უნდათ. ვურჩიოთ ხელი ჩამოართვან და ერთი ორი ტკბილი და მშვიდი სიტყვაც უთხრან ერთმანეთს.
ბავშვების ჩხუბი - ეს უსიამოვნო, მაგრამ გარდაუვალი ეტაპია პატარების განვითარებაში. სანამ ისინი არ ისწავლიან თანატოლების გაგებას, კონფლიქტები გარდაუვალია. პირველ ხანებში მოთმინებით უნდა ავივსოთ და მშვიდად, მაგრამ მტკიცედ გადავჭრათ აგრესიული ქმედებები, შევეცადოთ არ გავამწვავოთ სიტუაცია.
ავტორი: ნინია იოსელიანი 2009
|