|
» ვერონიკა შამუგია, 4 წლის
ვერიკომ სულ რაღაც 2 თვეა რაც ლექსების წერა დაიწყო.
„მართალია, ყველას არ მოსწონს ჩემი ლექსები, მაგარამ ჩემს დედიკოს, მამიკოს და, რაც მთავარია, ჩემს თოჯინებს, ძალიან მოსწონთ!” - უთქვამს პატარა ვერიკოს.
როცა ვეროს მზე ენატრება ის მზეს ხატავს და ფანჯრებთან აკრავს. თუ ეგრე ვიზამთ მზე მოვაო...
ეს ლექსი კი ვერიკომ მზეს მიუძღვნა:
“მზეო, მზეო, კისკისა, ჩამოდიო ძირსა,
შენს სხივებთან მომენატრა თამაში და მღერა.
მზეო, მზეო, ლამაზო, სულ არ მინდა წვიმა,
დედა გარეთ არ მიშვებს, ჩემს ყვავილებსაც სცივათ.“
„რა ჭკვიანი ხარ ვერიკო!“ - შეაქეს თურმე ნორჩი პოეტი, "ჩვენც გვასწავლე ლექსების წერა".
”ლექსები რომ წეროთ, სიტყვების დალაგებობანა უნდა იცოდეთ!“ - უპასუხა ვერიკომ.
2012 ივნისი
-------------------------------------------------------------------------
***
- ლიზიკო, როცა წვიმს, ხის ქვეშ არ უნდა დადგე. ხეს, ამ დროს, შეიძლება მეხი დაეცეს, - აუხსნა ერთხელ დედამ ლიზიკოს.
რამდენიმე დღის შემდეგ გაწვიმდა და ლიზიკომ დედას უთხრა:
- დედიკო, წვიმის დროს ხის ქვეშ არ უნდა დავდგე, არა? თავზარი დამეცემა.
***
ლიზიკო ეზოში ჩაიყვანეს, ამ დროს მეზობლის პატარა ბიჭი, გიორგი ველოსიპედით სეირნობდა.
- გიო, ახლა ლიზიკო დასვი, რა, ველოსიპედზე, - სთხოვა დედამისმა.
- ვერ დავსვამ, - მოიღრუბლა გიო.
- დასვი, რა, ნახე, რა კარგი გოგოა.
- ვე-რა! გაჯიუტდა გიო.
- კი, მაგრამ რატომ?
- იმიტომ რომ ეს ველოსიპედი ჩემი ნაპირალია, - გამოსავალი მოძებნა გიომ. გაგრძელება
-------------------------------------------------------------------------
» გავაკეთოთ თოჯინები
დაგვჭირდება ძველი წინდები, ღილები, ქეჩა;
ხის ჩხირები, ძველი მისალოცი ბარათები, გასაფერადებელი ფანქრები, ფლომასტერები, ხის კოვზი, ქსოვილი, ფერადი ქაღალდები, წებო.
ბავშვებისთვის თოჯინების კეთება და თამაში ძალიან სასიამოვნო და სახალისო საქმეა, მითუმეტეს რომ მთელი ისტორიების მოფიქრებაც შეგვიძლია.
დავიწყოთ ყველაზე მარტივით: გავაკეთოთ კოვზ–კაცუნა.
სამზარეულოს ხის კოვზს ფლომასტერის საშუალებით დავახატოთ სახე. გამოვჭრათ ტანსაცმელი ჩვენი კოვზ–კაცუნასთვის რაიმე ქსოვილისგან ან ფერადი ქაღალდისგან და დავაწებოთ კოვზის ტარზე. ცხადია ეს კოვზი სამზარეულოს საქმეებში აღარ გამოგვადგება, სამაგიეროდ ჩვენ პატარას ნამდვილად გაართობს და გაახალისებს.
წინდის თოჯინების გასაკეთებლად დაგვჭირდება წინდა, რომელსაც მარტივად გადავაქცევთ მაგალითად, „ძაღლად“. ძაღლის ფორმა როგორღა მივცეთ? ამაზე ბევრი ვიფიქრეთ მე და ჩემმა შვილმა. ბოლოს ასე გადავწყვიტეთ ქეჩისგან გამოჭერით ორი ყური (თქვენ შეგიძლიათ რაიმე სხვა ქსოვილი აიღოთ) და მივაკერეთ წინდას ქუსლის ორთავე მხარეს. ორი ღილი დავაკერეთ თვალების ადგილას და ცხვირი კი შავი ძაფით ამოვქარგეთ (შეგიძლიათ შავი მარკერით მიახატოთ).
ჯოხიანი თოჯინებისთვის მისალოცი ბარათები და გასაფერადებელი წიგნები გამოგვადგება. შეგვიძლია გამოვჭრათ რამდენიმე პერსონაჟი მისალოცი ბარათებიდან ან გასაფერადებლებიდან, ან დავხატოთ პერსონაჟის კონტური (ბაჭია ან დათუნია) და ბავშთან ერთად გავაფერადოთ. მერე კი ხის ჩხირს (მაგ. ნაყინის ხის ჩხირი მშვენიერია) წებო წავუსვათ ერთ მხარეს და ჩვენი გამოჭრილი ფიგურა დავაწებოთ. თოჯინაც მზად არის!
Puphy&Nuphy
2010
-------------------------------------------------------------------------
» შევქმნათ კოლაჟი
დაგვჭირდება ძველი ფერადი ჟურნალები, საბავშვო მაკრატელი, ქაღალდი და წებო.
მოვძებნოთ სახლში ძველი ჟურნალები. პატარასთნ ერთად მოვიფიქროთ ჩვენთვის საინტერესო თემა და დავიწყოთ ჟურნალში ამ თემასთან დაკავშირებული ფოტოების შერჩევა (მაგალითად სახლები, ყვავილები, ოჯახი, მანქანები, ბავშვები, ცხოველები, ზღვის სანაპირო და ა.შ.). ამოვჭრათ ფოტოები, მერე კი დავახარისხოთ და დავთვალოთ, საკმარისი რაოდენობა გვაქვს თუ არა შესაბამის თემაზე. შემდეგ მოვიმარჯვოთ წებო და გამოჭრილი ფოტოები დავაწებოთ ქაღალდზე. შეგვიძლია ავაწყოთ ქალაქის კოლაჟი, სადაც სხვადასხვა ჟურნალიდან გამოჭრილ სახლებს დავაწებებთ, მერე სახელიც მოვუფიქროთ. ყვავილების ფოტოებით კი ლამაზი ბაღი შეიძლება „გავაშენოთ“...
ერთი სიტყვით, ჩვენს პატარასთან ერთად საინტერესოდ და მხიარულად გავატარებთ დროს, შევქმნით კოლაჟს, რომელიც შესანიშნავი პლაკატად იქცევა და ოთახის ინტერიერსაც დაამშვენებს.
-------------------------------------------------------------------------
»აბა, დავბეჭდოთ!
ბავშვებს ძალიან უყვართ სხვადასხვა დიზაინის შექმნა საკუთარი ხელით, განსაკუთრებით ის, რაც ხილისა და ბოსტნეულისგან შეიძლება გააკეთონ. შეიძლება ეს საქმიანობა მშვენიერ გართობად ვაქციოთ და თან ბებია და ბაბუასთვის ლამაზი საჩუქარი გამოგვივიდეს.
ამისათვის დაგვჭირდება ხილი და ბოსტნეული, საღებავი ან მელანი და ქაღალდი.
ხილი და ბოსტნეული დავჭრათ სხვადასხვა ფორმებად (ეს ცხადია ჩვენი საქმეა!). კარტოფილი უფრო იაფია და თან ადვილი დასაჭრელიცააა სხვადასხვა ფორმად.
ხილის და ბოსტნეულის ნაჭრები ოდნავ ჩავაწოთ მელანში ან საღებავშვი და ქაღალდზე დავბეჭდოთ. ბავშვს მივცეთ ექსპერიმენტის საშუალება სხვადასხვა ფერთან და ვნახოთ, როგორ შეძლებს დაბეჭდვას. მაგიდაზე ახლოს დავიდგათ წყლიანი ჭურჭელი, რომ პატარამ შეძლოს ხილის და ბოსტნეულის გარეცხვა სანამ ახალ ფერს გამოიყენებს.
Puphy&Nuphy
2010, ივნისი
-----------------------------------------------------------------------
» მატისი ბავშვებისთვის
ანრი მატისი, პიკასოსა და მარსელ დიუშანთან ერთად ითვლება თანამედროვე ხელოვნების ძირითადი ტენდენციების ფუძემდებლად. 1920-იან წლებში მან საფუძველი ჩაუყარა ფოვიზმს. ფერისა და ნახატის ფლობის მისეული მანერა აისახება ძირითად ნამუშევრებში, რამაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა და თანამედროვე ხელოვნების ნამდვილ მეტრად აქცია.
1947 წელს მატისმა შექმნა ალბომი სახელწოდებით „ჯაზი“. ეს უნდა ყოფილიყო ცნობილი ჯაზ მუსიკოსების – ლუი არმსტრონგისა და ჩარლი პარკერის კომპოზიციების ვიზუალური ანალოგი – „იმპროვიზაციები ფერსა და რიტმში“. ამ ალბომზე მუშაობისას მხატვარმა ფიგურები გამოჭრა გუაშით შეღებილი ქაღალდისგან. ფერისგან გამოძერწა ფიგურები და გააცოცხლა საკუთარი ბავშვობის მოგონებები – ციგით სრიალი, ცირკის ჯამბაზები, გიმნასტები და კოვბოები.
ამგვარად შეიქმნა მატისის სერია ჯაზის თემაზე :„იკაროსი“, „ცხენი, მხედარი და ჯამბაზი“, „ციგები“.
მატისს მაკრატელი ეხმარებოდა გადაეჭრა ფერის, ფორმის და სივრცის აქტუალური პრობლემები. ის ამბობდა: „ ქაღალდის სილუეტები საშუალებას მაძლევს სუფთა ფერით ვხატო და ეს უბრალოება სიზუსტის გარანტიაა. ეს არ არის საწყისებთან დაბრუნება, ეს არის ძიებების საბოლოო პუნქტი.“
იმისთვის, რომ ბავშვებისთვის უფრო საინტერესო და გასაგები იყოს ვინ არის ანრი მატისი, გაგაცნობთ ძალზე სასარგებლო და საინტერესო თამაშს „მატისი ბავშვებისთვის“, რომელსაც შემთხვევთ წავაწყდი ბალტიმორის ხელოვნების მუზეუმის ვებ. გვერდზე. თამაშის ბმულს აქვე გთავაზობთ Matisse for Kids
შეგვიძლია ვაჩვენოთ ბავშვს მატისის აპლიკაციები, მივცეთ მაკრატელი და დავიწყოთ მატისის ფიგურების შთაგონებით შემოქმედებითი პროცესი. მატისის აპლიცაკიების გადმოწერა კი შესაძლებელია ინტერნეტიდან. Henry Matisse
ფერადი ქაღალდებისგან შეიძლებაგამოვჭრათ ეს ფიგურები და მერე დავაწებოთ ქაღალდზე, საინტერესო კოლაჟები შევქმნათ.
თვითწებად ქაღალდს თუ გამოვიყენებთ, უკანა მხარეს დავხატოთ ესკიზები და ბავშვს მოვეხმაროთ მათ გამოჭრაში. პატარამ თავად შეარჩიოს ფერები, თუ სურვილი აქვს მატისის არჩევანს მიენდოს, თუ არა, საკუთარი შემოქმედებითი ნება გამოხატოს და ის ფერი აირჩიოს, რაც მოსწონს.
Puphy&Nuphy
2010, ივნისი
-------------------------------------------------------------------------
» წარმოსახული ინტერვიუ
კორესპონდენტი: ბატონო გიორგი, მე ვარ გაზეთ "Daily News " ქართული ვერსიის ჟურნალისტი. თქვენ ახლახანს მიიღეთ საერთაშორისო პრიზი "ნიანგი", ნუმიზმატიკაში გაწეული ღვაწლისთვის და შესანიშნავი კოლექციისთვის. გვაინტერესებს, როგორია თქვენი ცხოვრების წესი და რას ისურვებდით მომავალში?
რესპონდენტი: ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს თავისი განსაკუთრებული ინტერესები აქვს, მათ შორის მეც. ჩემი ოცნებაა გამოვცე წიგნები ნუმიზმატიკის შესახებ. რაც შეეხება ჩემი ცხოვრების წესს, ის მარტივია. ვკითხულობ სამეცნიერო ჟანრის წიგნებს და ისტორიულ რომანებს. მიყვარს ცხოველები. ჩემთვის გართობა და დასვენება ნუმიზმატიკაზე ინფორმაციის შეგროვებაა.
კორესპონდენტი: როგორ ფიქრობთ, კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით?
რესპონდენტი: რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე არ არის, როგორც მინდა, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, რაც ჩემი მშობლების და მეგობრების დამსახურებაა და ალბათ, ნაწილობრივ ჩემიც.
კორესპონდენტი: გაგვიზიარეთ თქვენი ცხოვრების პრიორიტეტები.
რესპონდენტი: არ მიყვარს უპრინციპო ადამიანები. მეგობრებთან ურთიერთობა, სიბეჯითე და იუმორი – აი, მთავარი რამ ჩემს ცხოვრებაში.
კორესპონდენტი: და ბოლოს, თქვენი გზამკვლევი ფრაზა.
რესპონდენტი: იჩქარე დინჯად!
გიორგი ცხაკაია
12 წლის
2010, აპრილი
|
|
|
|