გაზაფხული
აკაკი წერეთელი
დღეს მერცხალი შემოფრინდა, -
ჭიკჭიკითა გადმომძახა:
“გაზაფხული! გაზაფხული!”
გულს იმედი დამესახა.
მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
არემარე მესხვაფერა! -
სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!
სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნაური ვიგრძენ ძალი...
ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ?
ახლოს არის მომავალი!
“მოვესწრები, რაც მინდოდა
ზამთრისაგან დაჩაგრულსა:
ვნახავ ქორწილს ბუნებისას,
გავიგონებ მის მაყრულსა.
“დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას
და ბულბულიც გამაგონებს
მისებურად “ტია, ტიას!”
1881 წ.
სულიკო
საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე… დაკარგულიყო!…
გულამოსკვნილი ვჩიოდი:
“სადა ხარ, ჩემო სულიკო?!”
ეკალში ვარდი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო;
გულის ფანცქალით ვკითხავდი:
“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
ნიშნად თანხმობის კოკობი
შეირხა… თავი დახარა,
ცვარ-მარგალიტი ციური
დაბლა ცრემლებად დაჰყარა.
სულგანაბული ბულბული
ფოთლებში მიმალულიყო;
მივეხმატკბილე ჩიტუნას:
“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
შეიფრთქიალა მგოსანმა,
ყვავილს ნისკარტი შეახო,
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
თითქოს სთქვა: “დიახ, დიახო!”
დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,
სხივები გადმოსულიყო;
მას შევეკითხე შეფრქვევით:
“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
დასტური მომცა ციმციმით,
სხივები გადმომაყარა
და იმ დროს ყურში ჩურჩულით
ნიავმაც ასე მახარა:
“ეგ არის, რასაც ეძებდი,
მორჩი და მოისვენეო!
დღე დაიღამე აწ ტკბილად
და ღამე გაითენეო!
სამად გაშლილა ის ერთი:
ვარსკვლავად, ბულბულ-ვარდადო,
თქვენ ერთმანეთი რადგანაც
ამ ქვეყნად შეგიყვარდათო”.
მენიშნა… აღარ დავეძებ
საყვარლის კუბო-სამარეს,
აღარც შევჩივი ქვეყანას,
აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!
ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა,
და რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,
ვერ გამომითქვამს ენითა!
ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
დღემდი რომ მწარედ კრულ იყო,
ახლა კი ვიცი, სადაც ხარ,
სამგან გაქვს ბინა, სულიკო!..
1895 წ.
მგელი და კრავი
ერთხელ პატარა ბეკეკას
დასცხა და წყალი მოსწყურდა,
მდინარის პირას მიადგა,
წყურვილის მოკვლა რომ სურდა.
ღამურა
(ზღაპარი)
ერთმა უგნურმა თაგუნამ
იუკადრისა თაგვობა,
დასწყევლა თვისი გაჩენა,
ბუნების იწყო მან გმობა:
“იმ უსამართლო ბუნებამ
თაგვად რად გამაჩინაო?
მე სხვაგან ყოფნა მინდოდა,
მან ჭერ-ქვეშ მომცა ბინაო!
“ვის ეკადრება თაგვებთან
კუდის ბზეკა და ლხენაო?
მე შემშვენოდა ჩიტობა,
რომ მეწყო აღმა ფრენაო.
“რომ ვინმე ჩიტად მაქცევდეს,
გამომაბამდეს ფრთებსაო,
გავფრინდებოდი, ერთს წამსა
გადავივლიდი მთებსაო!”
რომ დაასრულა ეს ნატვრა,
ნახა, რომ ფრთები ესხმება
და მეტის სიხარულითა
საბრალოს თავბრუ ესხმება...
ზიზღით შეხედა თვის ტოლებს,
დაუყოვნებლივ ავარდა,
ჩიტებში გამოერია,
იმანაც გაინავარდა...
ჩიტებმა ახედ-დახედეს,
სთქვეს: “ვინ მოსულა ესაო?
რა სჯულის ცხოველი არის?
ჩვენთან ვინ გააწესაო?
“თვალ-ტანადობა თაგვს უგავს,
ფრთები ასხია ჩვენიო!
როგორღაც კეთილ სულს არ ჰგავს...
ჭირი არის და სენიო!
“ეგება მტრებმა მოგზავნეს,
შემოჩენილი იყოსო!
არიქა, ფრთხილად იყავით,
არავინ გაგვაბრიყვოსო!...”
დაჰჟღივლეს, ჩაუნისკარტეს,
გაჰკრეს-გამოჰკრეს ბრჭყალები,
სისხლი ადინეს ღამურას,
გამოუბნელეს თვალები!
დაღმა დაეშვა ღამურა,
მიმართა ისევ ძველ სადგურს...
მაგრამ იქ უფრო შავი დღე
დაუდგა მაშინ უბედურს:
თაგვებმა აითვალწუნეს,
აღარ მიიღეს, რომ ნახეს,
მივარდნენ ერთად საკბენად,
“ჰკა მაგასაო!” დასძახეს...
მაშინ კი მიხვდა ღამურა,
რომ ანგარიში წაუხდა
და მისი ნატვრა უგნური
საჭირბოროტოდ აუხდა!
გვიანღა იყო! გაფრინდა
გაკიცხულ, თავლაფდასხმული,
ერთ ძველ ნანგრევში შეფრინდა
და მოიბრუნა იქ გული.
მას შემდეგ ნანგრევში ბუდობს,
დღე-დღე ვერ ჩნდება სირცხვილით
და მუდამ ამას წრიპინობს
კვნესით და გულის ტკივილით:
“კრულ იყოს მისი სახელი,
ვინც მთა გასცვალოს ბარზედა!
თვის ტომის დამწუნებელსა
ჭირი მიუვა კარზედა!
“ნურავინ ისხამს სხვის ქურქსა
და ნუ სცვლის თვისსა ენასა,
თორემ ბოლო დროს მოიმკის
ჩემსავით ცრემლთა დენასა!
“გადაგვარების მოსურნე
ბუნებისაგან კრულია!
მისი პირადი ღირსება
ყოველგან დაჩაგრულია!
“ძველ ტომში გამოსხლეტილსა
არ მოუშლიან კბენასა
და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:
დაუწუნებენ ფრენასა!
“კრულია მისი ხსენება,
ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,
თვის ტომს ჰღალატობს და მითი
თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!”...
1880 წ.
პატარა მურია
რას წუწკუნებს ის პატარა მურია?
ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია?
ვისი არის და ან სადაურია?
ქუცი, ქუცი! კუდქიცინა მურია!
რომ არ მოდის?!. თითქოს უმადურია!
რა ყოფილა, ხედავთ, ბრიყვი მურია?!
კიდეც რომ ჰყეფს?!. რაღაც უცნაურია!
თათი, თათი, სალახანავ მურია!
მისი ყეფა მხოლოდ მარტო შურია...
ვის აშინებს სასაცილო მურია?!
მაგის ხერხი - ერთი ლუკმა პურია:
გადაუგდებ, გაჩუმდება მურია.
ვინც გააძღებს, მისი შინაურია,
იმას ჰმონებს და კუდს უქნევს მურია
ან კი რა ქნას? ბუნებით უძლურია!
ქუცი, ქუცი! საცოდავო მურია!..
ლაქუცაა კუდქიცინა მურია,
თუ არ ჰშია და ან არცა სწყურია.
1888 წ.
ციცინათელა
ჩემო ციცინათელა!
რად მიჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორით ნათებამ
დამწვა და დამანელა!
ანათებ და კარგი ხარ,
მე თუმც არას მარგიხარ!
ჩემი იყო, ის მინდა,
შენ კი სხვისი ბარგი ხარ!
აბრეშუმის პეპელა,
ფუტკარი და წურბელა,
შენზედ სარგებლიანი
შენ გენაცვალოს ყველა!
წურბელა მკურნალია,
მაგრამ ცოტა მყრალია…
მშიერი - სისხლის მტერი,
რომ გაძღება - მთვრალია!
მაშ რად მინდა წურბელა?
მან გული დამიბნელა!
ისევ შენ და ისევ შენ,
ჩემო ციცინათელა!
მეორე თაფლს და სანთელს
გვიკეთებს და სარგებელს
მით გვაძლევს, მაგრამ კბენით
გვისივებს ცხვირ-პირს და ხელს!
მაშ რად მინდა ფუტკარი,
მკბენარი, მოისარი?
ისევ ციცინათელა,
უწყინარი ის არი!
მესამე ტანს გვიმოსავს,
წყნარია და არ იქმს ავს,
მაგრამ უგნურებითა
პარკში იღრჩობს თავის თავს!
მაშ რად მინდა პეპელი,
უგნურად თავის მკვლელი,
და როგორ არ მერჩიოს
მასაც ციცინათელი?
ჩემო ციცინათელა,
საით ჰფრენ ნელა-ნელა?
მე ვარ შენი ერთგული,
სხვა მოგატყუებს ყველა.
მებრალები, - კარგი ხარ!
და ვაი, სხვის ბარგი ხარ!
სხვებს ბნელშიაც უნათებ,
მე კი დღეც არ მარგიხარ.
ნეტავ რისა გაქვს რიდი?
ჩემსკენაც გამოფრინდი,
ნათელი მომაფინე,
მეც გამინათე ბინდი!
კმა, რაც დღემდის ვიწამე;
აწ საყვარლად მიწამე
და მაშინ შენს სიყვარულს
დამავიწყებს მიწა მე!..
ჩემო ციცინათელა,
სადღა ჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორ-შორ ნათებამ
უდროოდ დამანელა!..
|